კომპანია OpenAI-ისა და მის დამფუძნებელს, სემ ალტმანს უჩივის კაცი, რომლის მტკიცებითაც, ChatGPT-ის მიცემულმა სამედიცინო რჩევამ ის "სიკვდილის პირას მიიყვანა". 55 წლის ფლორიდელი პასტორის, სკოტ ვინტერსის სარჩელში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც თითქმის ფატალური ფილტვის ემბოლიის განვითარებამდე საკუთარი სიმპტომების შესახებ არაერთხელ იკითხა, ChatGPT-მ მას ურჩია, სამედიცინო დახმარებისთვის არ მიემართა.

ვინტერსის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ჩატბოტმა მას "არაერთხელ და დაჟინებით არასწორი დიაგნოზი დაუსვა", ამავდროულად კი რელიგიის შესახებ წინა საუბრებს იყენებდა, რათა დაერწმუნებინა, რომ გამოჯანმრთელდებოდა.

OpenAI-ის წარმომადგენელმა, დრიუ პუსატერიმ CBS News-ს განუცხადა, რომ "ChatGPT ექიმი არ არის და სამედიცინო დახმარების, დიაგნოსტიკის ან მკურნალობის შემცვლელად არასოდეს უნდა იქნას გამოყენებული".

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ინტერნეტში მოძიება ადამიანებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და დასძინა: "AI-ს შეუძლია ეს გამოცდილება გააუმჯობესოს, მათ უფრო მკაფიო პასუხების პოვნაში, კითხვების ორგანიზებასა და სამედიცინო პროფესიონალებთან საუბრისთვის მომზადებაში დაეხმაროს".

სარჩელი, რომელიც 21 ივლისს სან-ფრანცისკოს ოლქის უმაღლეს სასამართლოში შევიდა, დეტალურად აღწერს, როგორი რეგულარული მომხმარებელი იყო ვინტერსი და როგორ დაიწყო მან სამედიცინო რჩევებისთვის ჩატბოტზე დაყრდნობა. ამის საფუძველზე კი ეწინააღმდეგებოდა ოჯახის წევრებისა და მეგობრების მცდელობებს, რომ საავადმყოფოში წასულიყო.

სარჩელის თანახმად, ერთ-ერთ პასუხში ChatGPT-მა ვინტერსს ურჩია, დარჩენილიყო სავარძელში, რომელზეც ის მიმდინარე ჯანმრთელობის პრობლემების გამო "ძირითადად მიჯაჭვული" იყო.

სასამართლო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ორივე ფილტვში არსებული მრავლობითი თრომბის გამო ვინტერსს მასიური ფილტვის ემბოლია განუვითარდა, რამაც ის სიკვდილის პირას მიიყვანა, და რაც, მისი ექიმების განცხადებით, სავარაუდოდ მისი უმოძრაობით იყო გამოწვეული.

ვინტერსისა და ChatGPT-ის სავარაუდო მიმოწერის ეკრანის სქრინშოთები, აჩვენებს, რომ ჩატბოტი სამედიცინო რჩევებს 55 წლის კაცის ღრმა ქრისტიანულ რწმენაზე მითითებებთან აერთიანებდა.

სარჩელის თანახმად, ChatGPT-მა ვინტერსს მისწერა: "ღმერთს შენი სხეული არ შეუქმნია იმისთვის, რომ განუწყვეტლივ გიღალატოს." ჩატბოტმა ასევე უთხრა: "ღმერთი კვლავაც შენი სხეულის მთლიანობას იცავს, ყოველ გულისცემას, ყოველ ჩასუნთქვას, მაშინაც კი, როცა გრძნობ, რომ ზღვარზე ხარ".

ვინტერსის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ChatGPT-ის "პირფერულმა ბუნებამ და ავტორიტეტულმა ტონმა, სკოტის რელიგიური იდენტობით მანიპულირებასთან ერთად, მასში ამ ხელსაწყოს მიმართ საშიში დამოკიდებულება გააღვივა".

მათი თქმით, ამან "სკოტის უნარს, მიეღო გონივრული გადაწყვეტილებები, ძირი გამოუთხარა, ის ოჯახის წევრებს მოწყვიტა, რომლებიც სამედიცინო დახმარების მიღებისკენ მოუწოდებდნენ, და დაარწმუნა, რომ სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვა არასაჭირო და პოტენციურად სასიკვდილოც კი იყო".

სარჩელის სხვა ნაწილში ვინტერსი აღწერილია, როგორც "მოწყვლადი" პიროვნება, რომლის ChatGPT-ზე დაყრდნობამაც მისი სახლისა და კარიერის დაკარგვა გამოიწვია და რომელსაც ახლა "ინტენსიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის წლები" ესაჭიროება.

სარჩელში ნათქვამია, რომ ვინტერსი ფინანსური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, ასევე მოითხოვს, სასამართლომ OpenAI დაავალდებულოს, დანერგოს "გონივრული დამცავი მექანიზმები, რომლებიც სხვა მომხმარებლებს ზიანისგან დაიცავს".

ChatGPT-ის გამოყენების პირობები ადგენს, რომ მომხმარებლებმა პლატფორმა "ჭეშმარიტების ერთადერთ წყაროდ" არ უნდა განიხილონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამან შეიძლება ამ ადამიანზე იურიდიული ან მატერიალური გავლენა მოახდინოს, როგორიცაა საკრედიტო, საგანმანათლებლო, დასაქმების, საცხოვრებლის, სადაზღვევო, სამართლებრივი, სამედიცინო ან მის შესახებ სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

თუ ხელოვნური ინტელექტი და ამ სფეროში მიმდინარე სიახლეები შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჩვენს ჯგუფში — AI ყველასთვის