რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
ფოტო: Catherine Hobaiter
სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ახალი ნაშრომი გამოაქვეყნეს. იგი ძველეგვიპტურ ღმერთს, თოტს, ეხება. ეს სიბრძნის, დამწერლობის, მაგიისა და მთვარის ღვთაება იყო. თოტს ძველეგვიპტელებისთვის ორგვარი გამოვლინება ჰქონდა: ფრინველი იბისის და მაიმუნი პავიანის (იგივე ბაბუინის). უცნობია, თუ რა კრიტერიუმებით შეარჩიეს ეს ცხოველები.
ზოგი მიიჩნევს, რომ იბისის შერჩევა მარტივი ასახსნელია: ნახევარმთვარის ფორმის ნისკარტი და შავ-თეთრი შეფერილობა ფრინველს გამორჩეულ ვიზუალს აძლევს. პავიანის შერჩევა ბევრად უფრო დამაბნეველია: რატომ უნდა აერჩიათ ეგვიპტელებს ეს მაიმუნი?
ზოგი მკვლევარი სახელი "თოტის" წარმოშობას ჩრდილოეთ აფრიკულ ლინგვისტურ ტერმინებს "ნათელი/თეთრი საგანი" უკავშირებს. ამის გათვალისწინებით იბისის ვერსია კიდევ უფრო მარტივი გასაგები ხდება.
ახალი ნაშრომის ავტორებმა ამ იდეის გავრცობა გადაწყვიტეს. მათ სპექტროსკოპია გამოიყენეს. ეს ფერთა სინათლის ტალღის სიხშირეების გაზომვას გულისხმობს. ეს გზა იმიტომ აირჩიეს, რომ ფერების აღქმის მხრივ ადამიანური და კულტურული მიკერძოებულობა თავიდან აერიდებინათ. აღმოჩნდა, რომ როგორც იბისის, ასევე პავიანის სპექტრული პროფილი ზუსტად მიესადაგება მთვარის პროფილს. ეს მიგნება იმ ფაქტთანაც მოდის შესაბამისობაში, რომ თოტი ეგვიპტელებისთვის მთვარის ღვთაებაც იყო.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეგვიპტელები ღვთაებათა უმრავლესობას მხოლოდ ერთი ცხოველით გამოსახავდნენ. გარდა ამისა, ძველეგვიპტელებმა იბისის მინიმუმ 3 სახეობის არსებობის შესახებ იცოდნენ, თუმცა თოტის გამოვლინებად მხოლოდ ერთი აირჩიეს. ამასთან ერთად, მათ პავიანების 2 სახეობაზეც იცოდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ვერვეტებსა და ჰუსარებზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც კი ეგვიპტელებმა პავიანის ის სახეობა აირჩიეს, რომელსაც მთვარის შუქის მსგავსი ფერი აქვს.
საინტერესოა, რომ აფრიკულ კულტურებში პავიანები უარყოფითად აღიქმება, რადგან ეს სახეობა მოსავლის განადგურებითაა ცნობილი. მეორე მხრივ, ძველეგვიპტელებს არამხოლოდ მოსწონდათ პავიანები, არამედ მათ აღმერთებდნენ კიდეც. ეს ანთროპოლოგებსაც ძალიან აბნევს და პრიმატოლოგებსაც.
ნაშრომი გამოცემაში Time and Mind გამოქვეყნდა.
კომენტარები