ინკების ცივილიზაციაში ადამიანებს მსხვერპლად ხშირად სწირავდნენ, ძირითადად ბავშვებსა და ახალგაზრდებს. მსხვერპლად არჩევა ხშირად უდიდეს პატივად მიიჩნეოდა როგორც შეწირულებისთვის, ასევე მათი ოჯახებისთვისაც. ახალი ნაშრომის ავტორებმა 3 შეწირული ინდივიდის ნეშტი გამოიკვლიეს, რამაც რიტუალის შესახებ უფრო მკაფიო წარმოდგენა შეგვიქმნა.

რიტუალს სახელად კაპაკოჩა ერქვა. მის ფარგლებში ადამიანები წმინდად მიჩნეულ მთის მწვერვალებზე ადიოდნენ, სადაც მსხვერპლშეწირვის რიტუალი ტარდებოდა.

კვლევაში წარმოდგენილი ნეშტები ჩილეში 2 სხვადასხვა ლოკაციაზე იპოვეს. ერთი მათგანი 9 წლის გოგო იყო (CES-A), მეორე — 18 წლის ქალი (CES-B), მესამე კი 8 წლის ბიჭი (NEP). არქეოლოგებს ამ ინდივიდების შესახებ დამატებითი ინფორმაციის დადგენა საკმაოდ გაუჭირდათ, მაგალითად, რა მანძილი გაიარეს მსხვერპლშეწირვის ადგილამდე, როგორ იკვებებოდნენ ან ზუსტად როგორ დაიღუპნენ. მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი ის იყო, რომ ნეშტები რამდენიმე ათწლეულის წინ ამოთხარეს. მაშინ სამეცნიერო მეთოდები დღევანდელივით განვითარებული არ ყოფილა.

აქამდე მიიჩნეოდა, რომ ბიჭი ძილში უკიდურესი სიცივისგან დაიღუპა, გოგოები კი დაახრჩვეს. თანამედროვე საგამოძიებო ტექნიკების (მათ შორის, მაღალი რეზოლუციის კომპიუტერული ტომოგრაფიისა და თმის ქიმიური ანალიზის) გამოყენებამ სხვა სურათი აჩვენა.

გოგოების ნეშტების კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ გამოავლინა, რომ კისრის ძვლებს (რომლებიც ძალიან მყიფეა) დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ყელზე არსებული ნიშნები ტანსაცმლის არაკომფორტულ ქსოვილებს უფრო უნდა გამოეწვია. ძალადობის კვალი მნიშვნელოვნად არ გამოიკვეთა, ამიტომ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ გოგოები ალბათ არ დაუხრჩვიათ.

ბიჭის შემთხვევაში სხვა სიტუაცია დაგვხვდა. კომპიუტერული ტომოგრაფიით თავის ქალაში (კონკრეტულად, შუბლის მარცხენა ძვალში) 30-მილიმეტრიანი ბზარი გამოვლინდა. კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დაზინების კვალი ინკების ვარსკვლავის ფორმის ქვის კეტის კვალს შეესაბამებოდა.

ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალებისთვის სხვადასხვა მეთოდებს იყენებდნენ.

ამასთან, ბიჭის თმის ქიმიურმა ანალიზმა ჟანგბადისა და წყალბადის დონეების მნიშვნელოვანი ცვლილება გამოავლინა. ეს ნიშნავს, რომ ბიჭმა სიკვდილის ადგილამდე მისასვლელად გრძელი გზა გაიარა.

გოგოების თმის ქიმიურმა ანალიზმა ის აჩვენა, რომ მათ სიკვდილამდე ნახშირბადის დონე აეწიათ. ამის შესაძლო ახსნა ისაა, რომ სიკვდილამდე მათ ბევრი სიმინდი აჭამეს. ეს "ნადიმი" შეიძლება რიტუალის ნაწილი ყოფილიყო.

ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.