დიფერენციალური დიაგნოზი: რემბრანდტის "ბერსაბე საკუთარ სააბაზანოში"
ქალის მკერდის მიმართ არტისტული ინტერესი ანტიკური პერიოდიდან მოდის. მას ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ და უკეთესი მოსავლისთვის სწორედ მრავალმკერდიანი ქალღმერთისთვის ლოცულობდნენ. მკერდი ქალის მშვენიერების სიმბოლოც გახლდათ და ისტორიის მანძილზე ეს მრავალი ხელოვანის შემოქმედებაში წარმოჩინდა. ძუძუს კიბოს შემთხვევებიც საზოგადოების განვითარების თანმდევი იქნებოდა, თუმცა მათ შესახებ დადასტურებული ინფორმაციის მოძიება საკმაოდ რთულია. ერთი რამ კი დანამდვილებით ვიცით: სიშიშვლის თანმდევი სიმორცხვის გამო, მკერდის დაავადებათა დიაგნოსტიკა ანტიკური პერიოდის ექიმებისთვისაც დიდ სირთულეს წარმოადგენდა
რენესანსის პერიოდში ადამიანის სხეულის არტისტული მიზნებით კვლევა თავისი ანატომიური სიზუსტით განსაცვიფრებელია. მხატვრობაში შიშველი ნატურა უკვე უცხო რამ აღარ გახლდათ და შესაბამისად, ეს საშუალებას გვაძლევს კონკრეტული დაავადებების კლინიკური ნიშნები ამოვიცნოთ.
XVII საუკუნის პირველი ნახევრის ჰოლანდიური მხატვრობა თავისი პორტრეტებით არის ცნობილი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პორტრეტისტიც ჰოლანდიელი, რემბრანდტ ვან რეინი გახლავთ.
1606 წლის 15 ივლისს დაბადებული მხატვარი, რომელმაც ახალგაზრდობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა და მოხუცებული სრულ სიღატაკეში მოკვდა, ადამიანის შინაგანი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე კარგი მცოდნე გახლდათ. მის მიერ შექმნილი პორტრეტებიდან რეალური ადამიანების რეალური განცდები იკითხება და იგი ძალზე შორს არის თეატრალურობისგან. თუმცა, პორტრეტების გარდა, არანაკლებ შთამბეჭდავი გახლდათ მისი სხვა ნამუშევრებიც.
ამჯერად მის ერთ კონკრეტულ ნახატზე გვექნება საუბარი: ესაა ბერსაბე საკუთარ სააბაზანოში.
ძველი აღთქმის მიხედვით, მეფე დავითი სწორედ სააბაზანოში დაინახავს შიშველ ბერსაბეს და იგი თავდავიწყებით შეუყვარდება. ვნებით დაბრმავებული მმართველი ბერსაბეს ქმარს, გენერალ ურია ხეთელს ომში სასიკვდილოდ გააგზავნის, რათა შემდგომ ქვრივი ქალის ცოლად შერთვა შეძლოს. რემბრანდტი ახერხებს და მშვენიერი ქალის ღია სექსუალობას (რაც შემდგომში გარდაუვალი ცოდვის მიზეზი გახდება) ძალზე კონტრასტულად ახამებს მის ღრმა სევდასთან.
1970 წელს იტალიელმა ქირურგმა, გრეკომ, მეტად საგულისხმო რამ შენიშნა ნახატში: მარცხენა მკერდზე ლოკალურად კანის ფერი სხვაგვარია, ძუძუს დვრილი უმნიშვნელოდ შესიებული და სახეცვლილია — ეს კი შესაძლოა ძუძუს კარცინომის ნიშანი იყოს.
ამ თეორიულ მოსაზრებაზე მსჯელობისათვის აუცილებელია ვიცოდეთ მცირე ისტორია მხატვრის მოლბერტის მიღმა. რემბრანდტმა "ბერსაბე საკუთარ სააბაზანოში" 1654 წელს დახატა, ხოლო ცოცხალ ნატურად საკუთარი "დე ფაქტო" მეუღლე, ჰენდრიკე შტოფელსი გამოიყენა. ახალგაზრდა ქალი მხატვრის ოჯახში მისი პირველი ცოლის სიკვდილის შემდეგ მოვიდა. იგი პატარა ტიტუს ვან რეინის ძიძად მუშაობდა, მაგრამ მალე რემბრანდტის დასაყრდენი და მისი ოჯახის ბურჯი გახდა. მიუხედავად ამისა, წყვილი ოფიციალურად არ დაქორწინებულა. ჰენდრიკე ასაკოვან რემბრანდტს პროფესიულ საქმიანობაშიც აქტიურად ეხმარებოდა: იგი მისი ცოცხალი ნატურა გახლდათ.
ნახატის შესრულების დროს შტოფელსი 28 წლის იყო. 2 წლით ადრე იგი შვილს ელოდებოდა რემბრანდტისგან, ხოლო 1654 წლის ოქტომბერში გოგონა მოავლინა ქვეყნად. ბავშვს მხატვრის დედის სახელი, კორნელია დაარქვეს.
იტალიელი ქირურგის, გრეკოს მიერ დასმულ დიაგნოზს დაეთანხმა პიტერ ბრეიზვეითი, მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი. თუმცა, აღნიშნულ საკითხზე სხვა შეხედულების გახლდათ ავსტრალიელი მეცნიერი, რ.ჯ. ბორნი. მისი მოსაზრება რამდენიმე ლოგიკურ დაშვებას ეყრდნობოდა: ძუძუს კიბოს დიაგნოზისას სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა XVIII საუკუნეში მხოლოდ 2-3 წელი იყო, ხოლო შტოფელსი კი სურათის დახატვიდან 9 წლის შემდეგ მოკვდა. ლოგიკურად, იგი ამ დიაგნოზით ამდენი ხანი უბრალოდ ვერ იცოცხლებდა.
შესაძლო დიაგნოზებად ბორნი სტაფილოკოკურ ინფექციასა და ტუბერკულოზურ მასტიტს განიხილავდა. დახატვამდე 2 წლით ადრე ორსულობის ფაქტის გათვალისწინებით სტაფილოკოკური ინფექცია ლოგიკური ახსნა იქნებოდა. ეს დაავადება ლაქტაციის პერიოდში საკმაოდ გავცრცელებულია და ანტიბიოტიკოთერაპიით მარტივად იკურნება. თუმცა, მეჩვიდმეტე საუკუნის შუა პერიოდში ეს რამდენადმე გაძნელდებოდა.
მიუხედავად ამისა, ნახატზე ლაქტაციის ნიშნებს ვერ ვხედავთ: მარცხენა დვრილის პიგმენტაცია გამოხატული არ არის. ამასთანავე, არ ჩანს შესაძლო ორსულობის ნიშნებიც, რაც გვაფიქრებინებს, რომ სავარაუდოდ, სურათი 1654 წლის პირველ ნახევარში დაიხატა, როდესაც ჰენდრიკე ორსულობის პირველ ტრიმესტრში იყო.
ავსტრალიელი მკვლევარის აზრით ყველაზე ლოგიკური ტუბერკულოზური მასტიტის დიაგნოზი იქნებოდა, რასაც არ ეთანხმება იაპონელი მკვლევარი სატოში ჰაიაკავა. მისი მოსაზრებით, ძუძუს ტუბერკულოზური მასტიტი იშვიათი პათოლოგიაა. ასევე, თუკი შტოფელსი მართლაც ტუბერკულოზით იყო დაავადებული, მაშინ იგი უფრო გამხდარი უნდა ყოფილიყო და დაორსულების ალბათობაც ამ დროს საკმაოდ დაბალი იქნებოდა.
ჰაიაკავას მიაჩნდა, რომ შესაძლო დიაგნოზი ძუძუს ქრონიკული ლაქტაციური აბსცესი და მასტოპათია უნდა ყოფილიყო. აბსცესის მწვავე ფაზაში კანის შეფერილობას მოწითალო ელფერი დაჰკრავს, თუმცა პროცესის ქრონიკულ ფაზაში გადასვლის შემდგომ, კანიც ფერს უფრო მუქი ტონალობისკენ იცვლის. ასევე, საფიქრებელია, რომ მკურნალობის არარსებობის პირობებში, იმ დროს მკერდის აბსცესი უფრო ხშირი მოვლენა იქნებოდა. ამგვარი დაშვებით იაპონელმა მეცნიერმა ასევე ახსნა, თუ რატომ არ აქვს ნახატზე გამოსახულ ჰენდრიკეს მუცელზე სტრიები 2 წლის წინანდელი ორსულობის შემდგომ: სავარაუდოდ ორსულობა ნაადრევი მშობიარობით დასრულდა. შესაბამისად, მუცელზე სტრიების ჩამოყალიბება ვერ მოესწრო, მაგრამ ლაქტაციის პროცესი ორგანიზმში მაინც დაიწყო. ეს კი ბავშვის ძუძუთი კვების გარეშე ხშირად მასტოპათიების მიზეზია.
ნახატის დიფერენციალურ დიაგნოსტირებაში რემბრანდტის თანამემამულეებიც ჩაერთვნენ. მიშელ ჰეიბლომი კოლეგებთან ერთად პრობლემას ბიოსამედიცინო — ტექნოლოგიური კუთხით მიუდგა. კვლევის ძირითადი ინტერესი შემდეგი რამ გახლდათ: ძუძუს სტრუქტურაში რა სიღრმეზე უნდა იყოს აქტიური ავთვისებიანი პროცესი, რომ კანს მსგავსი მოლურჯო შეფერილობა მიეცეს?
ჰოლანდიელი ბიო-ინჟინერების ექსპერიმენტული, კომპიუტერული სიმულაციით დადგინდა: კანის მსგავსი შეფერილობა მაშინ მიიღება, თუ სიმსივნური პროცესი კანიდან 1მმ-დან 3მმ-მდე მდებარეობს. ძუძუს კიბოს შემთხვევაში, სიმსივნური პროცესი უმეტესად გაცილებით უფრო ღრმად მიმდინარეობს და ასეთ შემთხვევაში, იგი კანის შეფერილობას ვერ ცვლის. შესაბამისად, დიდი ალბათობით, რემბრანდტის ნახატზე ძუძუს კიბოს ნიშნები არ არის.
სამწუხაროდ, დაზუსტებით არ ვიცით 37 წლის ჰენდრიკე შტოფელსის ნაადრევი სიკვდილის რეალური მიზეზი. პიტერ ბრეიზვეითი სიკვდილის მიზეზად ტუბერკულოზს ასახელებს, თუმცა ამ მოსაზრების ფაქტობრივ მტკიცებულებად ისტორიულ წყაროს არ იშველიებს.
თუმცა, რაც დანამდვილებით ვიცით ის არის, რომ 1663 წელს ამსტერდამში შავი ჭირი გავრცელდა. დაავადებამ 1 წელში 50 000 ადამიანი შეიწირა. ერთ-ერთი მოსაზრებით, ჰენდრიკე შტოფელსიც სწორედ შავი ჭირის ეპიდემიას ემსხვერპლა.
კომენტარები