უსინათლოები, რომელთა თვალებიც კვლავ "ხედავენ" — ცნობიერების ყველაზე უცნაური ფორმა
როდესაც დენიელი ლონდონის ეროვნულ ჰოსპიტალს ეწვია, ოფთალმოლოგ მაიკლ სენდერს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს შემთხვევა ადამიანის ცნობიერებაზე ჩვენს წარმოდგენებს თავდაყირა დააყენებდა.
დენიელის თქმით, ის ნახევრად ბრმა იყო. მიუხედავად ჯანმრთელი თვალებისა, ტვინის ოპერაციამ, რომელიც გამუდმებული თავის ტკივილების სამკურნალოდ ჩაუტარდა, მას მხედველობის უბანი დაუზიანა. შედეგად კი მისი მხედველობის არეში მარცხენა მხარე სამუდამოდ ჩაბნელდა.
როდესაც სენდერსმა დენიელის გასინჯვა დაიწყო, მან ძალიან უცნაური რამ აღმოაჩინა: დენიელს მისთვის ხელის გაწვდენა და ზუსტად ჩაჭიდება შეეძლო, მაშინაც კი, როდესაც სენდერსი იქ იდგა, სადაც დენიელს ის წესით ვერ უნდა დაენახა.
დენიელს თითქოს რაღაც "მეორადი მხედველობა" ჰქონდა, რომელიც მის ქვეცნობიერს კარნახობდა და მის ქცევას განაგებდა, ოღონდ ისე, რომ დენიელი ამას ვერც იაზრებდა.
გაკვირვებულმა სენდერსმა დენიელი ფსიქოლოგ ელიზაბეტ ვარინგტონთან და ლორენც ვაისკრანცთან გააგზავნა, რომლებმაც სენდერსის ეჭვები ჭკვიანური ექსპერიმენტებით დაადასტურეს.
მათ დენიელის მარცხენა თვალის არეალში ეკრანი განათავსეს, რომელზეც წრე სხვადასხვა ადგილას ჩნდებოდა, პაციენტს კი სთხოვეს, რომ თითი წრისკენ გაეშვირა. დენიელი დარწმუნებული იყო, რომ მას არაფრის დანახვა შეეძლო, თუმცა ფსიქოლოგებმა სთხოვეს, რომ უბრალოდ ეცადა გამოეცნო, სად შეიძლებოდა ყოფილიყო წრე. უცნაურია, მაგრამ მისი პასუხი პრაქტიკულად ყოველთვის სწორი იყო.
მეორენაირ ექსპერიმენტში ეკრანზე ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ხაზი ჩნდებოდა, დენიელს კი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ვერაფერს ხედავდა, ხაზის მიმართულება უნდა გამოეცნო. მისი პასუხები შემთხვევების 80 პროცენტში სწორი იყო, რაც უბრალო შემთხვევითობით ვერ იხსნება.
ცხადია, რომ მისი უსინათლობის მიუხედავად, დენიელის ჯანმრთელი თვალები გარემოს კვლავ უყურებდნენ და მიღებულ ინფორმაციას მის ქვეცნობიერ გონებას აწვდიდნენ, რომელიც თავისმხრივ, მის ქცევას განაგებდა.
1974 წელს ლორენც ვაისკრანცმა გამოაქვეყნა მოხსენება და დაამკვიდრა ტერმინი blindsight, რომლითაც ის ამ ნახევრად ცნობიერ მდგომარეობას აღწერდა.
"ზოგი, რა თქმა უნდა, სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა ეს ყველაფერი სიმართლე გამოდგა და ახლა ბრმა ხედვა აღიარებული ფენომენია", — აცხადებს ვაისკრანცი.
მომდევნო ათწლეულების განმავლობაში კი ბრმა ხედვის საშუალებით ადამიანის გონების შესახებ არაერთ ფუნდამენტურ კითხვას გავეცით პასუხი.
ნეტავ რამდენ გადაწყვეტილებას ვიღებთ ადამიანები ქვეცნობიერად, თავისუფალი ნების ილუზიის ქვეშ? და თუ ცნობიერი გონება ჩვენი ქცევის გამართვისათვის საჭირო არ არის, მაშინ რა ფუნქცია აქვს მას? რატომ აქვს თითოეულ ჩვენგანს მდიდარი, ათასგვარი ფერით სავსე "შინაგანი ცხოვრება," თუ სინამდვილეში ზომბები ვართ, რომლებიც ცნობიერის გარეშეც მშვენივრად ვფუნქციონირებთ?
"ეს შემთხვევა გვიხსნის ფანჯარას, რომლითაც ტვინის იმ უბნების შესწავლა შეგვიძლია, რომელთა მოხელთებაც, ჩვეულებრივ, შეუძლებელია. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ დავაკვირდეთ ისეთ ფუნქციებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, დამალულია", — აცხადებს ტილბურგის უნივერსიტეტის მეცნიერი მარკო ტამიეტო.
საიდუმლოებების ამოხსნა
ცნობიერება იმდენადაა გადახლართული ჩვენს თითოეულ ქცევასთან, რომ მეცნიერების აზრით, მისი შესწავლა შეუძლებელიც კი უნდა ყოფილიყო. თუმცა, დენიელის მეშვეობით, რომლის სახელიც ამ სტატიაში შეცვლილია და რომელიც ლიტერატურაში უბრალოდ DB-დ მოიხსენიება, გამოჩნდა გზა, რომლითაც, შესაძლოა, ცნობიერის ბუნების შესწავლა შევძლოთ.
"ამ საკითხის შესასწავლად უნდა მოვძებნოთ ისეთი რამ, რაც მაქსიმალურად ახლოსაა ცნობიერთან და ამავდროულად აკლია მისი ერთი სპეციფიკური თვისება — სუბიექტური შეგრძნება. ბრმა მხედველობა კი სწორედ ამას გვაძლევს, ასეთ დროს პაციენტს გარემოს აღქმა შეუძლია, თუმცა მას ამის შეგრძნება არ აქვს", — აცხადებს კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერი ქრისტოფერ ალენი.
ამ ფენომენის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ პირველი, რაც მოხდა, ბრმა მხედველობის მქონე პაციენტების უნარების შემოწმებაა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერესი კი იმან გამოიწვია, რომ ბრმა მხედველობით ადამიანებს სხვების ემოციების აღქმაც შეეძლოთ.
უსინათლო არეალში სახეების გამოჩენისას პაციენტებს შეეძლოთ ეთქვათ, სახე ბედნიერი იყო, მოწყენილი, გაბრაზებული თუ გაოცებული. ქვეცნობიერად კი ისინი ამ სახეებს ბაძავდნენ კიდეც.
"მიუხედავად იმისა, რომ პაციენტები ცნობიერად ვერაფერს აღიქვამდნენ, ჩვენ ვხედავდით, რომ სევდიანი ან ბედნიერი სახეები მათზე გავლენას ახდენდა და ხდებოდა ემოციების გაცვლა", — აცხადებს ტამიეტო, რომელიც ვაისკრანცთან ერთად მუშაობდა.
პაციენტები შეშინებული სახის წარდგენისას სტრესის ფიზიოლოგიურ ნიშნებსაც ავლენდნენ.
2008 წელს ტამიეტომ და ვაისკრანცმა ბრმა მხედველობის მქონე ერთ-ერთი პაციენტი რთული გამოცდის წინაშე დააყენეს. დენიელის ნაცვლად, ეს პაციენტი ორივე თვალით უსინათლო იყო და გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებდა. თუმცა მეცნიერებმა მას სთხოვეს, რომ კორიდორში, რომელშიც მრავალი სხვადასხვა დაბრკოლება იყო, ხელჯოხის გარეშე გაეარა.
ვიდეოში ჩანს, რომ პაციენტმა პირველივე ცდისას დავალებას თავი უპრობლემოდ გაართვა.
პაციენტი არა მხოლოდ იმას ამტკიცებდა, რომ მას არაფერი დაუნახავს, არამედ ის იმასაც ვერ აცნობიერებდა, რომ ობიექტებს თავი აარიდა. მისი თქმით, მან კორიდორში სწორ ხაზზე გაიარა. კვლევის ავტორის, ბეატრის დე გელდერის თქმით, პაციენტს საკუთარი ქცევის ახსნა და აღწერა უჭირდა.
ბრმა მხედველობის მქონე პაციენტები მხოლოდ ძალიან, ძალიან იშვიათ შემთხვევებში ახერხებენ, რომ მიღებული ინფორმაცია ცნობიერად, ნაწილობრივ მაინც აღიქვან. მაგალითად, ერთ-ერთი პაციენტი აცხადებდა, რომ მაღალი კონტასტის მქონე ვიდეოებში სწრაფი მოძრაობების აღქმა შეეძლო. მისი თქმით, ეს ჰგავდა შავ ფონზე შავი ჩრდილის მოძრაობას — ეს უფრო შეგრძნება იყო, რომ ამ ადგილას რაღაც აქტივობა ხდებოდა, თუმცა მას ამ აქტივობის შინაარსის დახასიათება არ შეეძლო, ანუ მისი აღქმა სრულად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც, შესაძლოა, მხედველობა ვუწოდოთ.
"არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმაზე, საერთოდ უნდა ჩავთვალოთ თუ არა ასეთი რამ მხედველობად", — აცხადებს დურჰემის უნივერსიტეტის მეცნიერი რობერტ კენტრიჯი.
აღსანიშნავია, რომ ბრმა მხედველობის მქონე ყველა პაციენტს მხედველობის მთავარი ქერქი (V1) აქვს დაზიანებული, რომელიც თავის ტვინის კეფის წილში მდებარეობს, რაც ნიშნავს, რომ სწორედ ეს რეგიონია ჩვენს ცნობიერში პროექცირებულ სცენებზე პასუხისმგებელი. კვლევები მიუთითებს, რომ V1-ის გარდა ტვინში მხედველობითი ინფორმაციის "ქვეცნობიერი დამუშავება" სხვა რეგიონებშიც, მაგალითად, მოძრაობასა და ემოციაზე პასუხისმგებელ ცენტრებშიც მიმდინარეობს.
ქვეცნობიერი გონების ძალის საილუსტრაციოდ შეგვიძლია შემდეგი მაგალითი მოვიყვანოთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ თოჯინების თეატრის მონაწილე ხართ. თვალები ახვეული გაქვთ, თქვენ კიდურებს კი ბატონი უჩინარი ძაფებით მართავს. ის ცეკვას გასრულებინებთ, მაყურებლის პერსპექტივიდან ჩანს, რომ თქვენ თავად ცეკვავთ. სინამდვილეში კი წარმოდგენაც არ გაქვთ, თუ რას აკეთებთ.
თოჯინების თეატრის პრინციპის გამოვლენა მაშინ ხდება, როდესაც ბრმა მხედველობის მქონე ადამიანი დაბრკოლებებით სავსე კორიდორში გადაადგილდება. ქვეცნობიერი გონება კი ხელმძღვანელის როლს ასრულებს, რომელიც ძაფებს აკონტროლებს.
"ცნობიერება რეალობის სრული სურათი არ არის. ხშირად გვგონია, რომ რამე გადაწყვეტილება მივიღეთ, რეალობაში კი ხშირად ჩვენს ტვინს, სხვადასხვა კონტექსტითა და გაგებით, არჩევანი ჩვენთვის წინასწარვე აქვს გაკეთებული", — აცხადებს ტამიეტო.
ფსიქოლოგების ნაწილი ცნობიერებას "ყურადღების პროექტორს" უწოდებს — ცნობიერება გარემოდან მიღებულ ინფორმაციას თითქოს ერთ ფორმატში ასახავს და მას უფრო ადვილად დამუშავებადს ხდის. თუმცა დაზუსტებული პასუხი იმაზე, თუ კონკრეტულად რა ფუნქციას შეიძლება ასრულებდეს ცნობიერება, ან თუ როდის მოხდა მისი ჩამოყალიბება, კვლავ უცნობია.
კომენტარები