მთავრობის გადაწყვეტილებით, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ დღეს, 2 ივნისს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გოგოლათში სტუმრობისას განაცხადა.

"ამ სოფელში არის რამდენიმე ათეული სახლი, სადაც არის შენარჩუნებული უნიკალური ქართული არქიტექტურა და უნიკალური ქართული ორნამენტები", — თქვა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ ადგილობრივ მოსახლეობას დაპირებები მისცა, მათ შორის, განაცხადა, რომ მომავალი წლის დასასრულამდე რაჭაში ყველა სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება და ახალი სკოლები აშენდება. მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ რაჭაში ადგილობრივ მოსახლეობას თავიანთ მამაპაპისეულ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობები უნდა შეექმნას.

2013 წლამდე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიას ანიჭებდა საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო 2013 წლიდან — საქართველოს მთავრობა.