მითები დრაკონების შესახებ იმდენივე ხანია არსებობს, რამდენიც თავად ადამიანი. საინტერესო ისაა, რომ ცნობები დრაკონების შესახებ დედამიწის შვიდივე კონტინენტზე გვხვდება, უფრო სწორედ ექვსივეზე — ჰომო საპიენსი ყინულისგან თავისუფალ ანტარქტიდას უბრალოდ ვერ მოესწრო.

იმაზე ბევრად დიდი ხნით ადრე, ვიდრე წმინდა გიორგი გველეშაპს განგმირავდა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში, აცტეკები სიცოცხლისა და სიბრძნის ღმერთს, კეცალკოატლს ეთაყვანებოდნენ, რომელიც გველის მსგავსი, ბუმბულებიანი დრაკონი იყო. ბერძნულ მითოლოგიაში კი გვხვდება გველის მსგავსი ურჩხული, სახელად ლადონი, რომელიც ჰესპერიდების ბაღში უკვდავების მომნიჭებელ ოქროს ვაშლებს იცავდა და რომელიც საბოლოოდ ღვთაებრივმა გმირმა ჰერაკლემ დაამარცხა.

ფოტო: The British Museum

რითი ჰგვანან დრაკონები გველებს?

ჰერაკლე და ლადონი.

ჰერაკლე და ლადონი.

ფოტო: Bibi Saint-Pol

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ბიოლოგიისა და ევოლუციის მოშველიება დაგვჭირდება, ფილოგენეტიკოსები აცხადებენ, რომ პირველი პლაცენტიანი ძუძუმწოვრები დინოზავრების გადაშენებიდან 400 000 წლის შემდეგ, დაახლოებით 65,1 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ. თუმცა გველები ისეთი სახით, როგორითაც დღეს მათ ვიცნობთ, ჯერ კიდევ 100 მილიონი წლის წინ არსებობდნენ. გველები ოცი მილიონი წლის განმავლობაში ჩვენ შორეულ წინაპრებზე, — ადრეულ ძუძუმწოვრებზე, პრაქტიკულად ექსკლუზიურად ნადირობდნენ, ეს მანამ გაგრძელდა, სანამ 44 მილიონი წლის წინ გველებს მტაცებელი ფრინველებიც არ დაემატნენ. პირველი მტაცებელი ძუძუმწოვრების ევოლუციას კი დამატებით ორი მილიონი წელი დასჭირდა.

გველები ჩვენი წინაპრების ყველა შესაძლო სახესხვაობას მილიონობით წლის განმავლობაში ჭამდნენ.

გილგამეშის ეპოსში, რომელიც მსოფლიოს მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობა და ერთ-ერთი უძველესი ლიტერატურის ნიმუშია, მოთხრობილია, თუ როგორ მოპარავს გველი გილგამეშს უკვდავების მცენარეს.

აბრაამისეულ რელიგიებში გავრცელებულია ისტორია, რომლის მიხედვითაც გველმა ევას კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამისკენ უბიძგა, იმ მოტივით, რომ "მას თვალები აეხილებოდა," რის შედეგადაც სამოთხიდან დედამიწაზე გადმოვინაცვლეთ.

გველის აღმოჩენის ჰიპოთეზა

ფოტო: Katie Scott

გველის აღმოჩენის ჰიპოთეზა გვეუბნება, რომ პრიმატების მხედველობის სისტემის ჩამოყალიბებისა და ევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საშიში ცხოველების, კერძოდ კი შხამიანი გველების შორიდან დანახვა და მათი თავიდან აცილება იყო.

ანთროპოლოგი ლინ ისბელი თეორიას შემდეგნაირად ხსნის: გველები ადამიანებისთვის განსაკუთრებით საშიშები არიან, ისინი ერთ ადგილას შეშდებიან, შემდეგ მოულოდნელად გვიტევენ და მათი დანახვა კამუფლაჟის გამო რთულია. გველების არსებობის პირობებში გადასარჩენად საჭირო იყო სპეციფიკური, ზუსტი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც გველების სწრაფად ამოცნობის საშუალებას მოგვცემდა.

აღსანიშნავია, რომ სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით, პრიმატებისა და ადამიანების ტვინში, თალამუსში არსებული ბალიშისებრი კვანძი არაპროპორციულად დიდია, ეს სტრუქტურა მხედველობის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანებს გველების ამოცნობა და მისი სხვა ცხოველებისგან გარჩევა უფრო მარტივად და სწრაფად შეუძლიათ. თანაც, ეს ყველაფერი ქვეცნობიერ დონეზე ხდება.

ბრმა პაციენტი, რომელიც ლაზერის სხივის მიმართულებას მუდმივად სწორად იცნობს.

ბრმა პაციენტი, რომელიც ლაზერის სხივის მიმართულებას მუდმივად სწორად იცნობს.

ფოტო: John Barbur, Arash Sahraie, Larry Weiskrantz

ბრმა მხედველობა ადამიანებს, რომლებსაც ქერქოვანი სიბრმავე აქვთ, საშუალებას აძლევს, რომ ვიზუალურ გამღიზიანებლებზე რეაქცია გამოავლინონ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცნობიერად ვიზუალური გამღიზიანებლის აღქმას ვერ ახერხებენ. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ გიპასუხონ, როგორი ფორმა აქვს საგანს, ან თუ რა მიმართულებით მოძრაობს ის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცნობიერად ვერაფერს ხედავენ. თუ ასეთ ადამიანებს კითხავთ, საიდან იციან საგნის მოძრაობის მიმართულება, ისინი გიპასუხებენ, რომ მათ სწორი პასუხი "უბრალოდ გამოიცნეს."

როგორც ჩანს, ადამიანში მსგავსი სისტემა მოქმედებს გველების მიმართაც, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია გარემოში მყოფი გველი აღმოვაჩინოთ და ვიმოქმედოთ ისე, რომ ამის ცნობიერად გააზრება არც დაგვჭირდეს.

"მე ის მხოლოდ მაშინ დავინახე, როდესაც ჩემს ფეხებს შორის უეცრად გასხლტა, თუმცა ჩემში არსებულმა რაღაც ძალამ, თუ მას შეიძლება ასეთი რამ ვუწოდო, გველი არამხოლოდ დროულად დაინახა, არამედ მისი ჩემგან დაშორება და კბენის ტრაექტორია ზუსტად გათვალა და სხეულს ნაკბენის ასაცილებლად საჭირო ბრძანებები დროულად გაუგზავნა", — წერდა ბრიტანელი არქეოლოგი, გეოგრაფი, კარტოგრაფი, ოფიცერი და მკვლევარი, რომელიც ჩხრიალა გველის ნაკბენს გაუაზრებლად გადაურჩა.

მადაგასკარზე მცხოვრებ ლემურებსა და აფრიკის სანაპიროების იზოლირებულ კუნძულებზე მცხოვრებ პრიმატებს, რომელთა გარემოშიც შხამიანი გველები არ გვხვდება, გველების არ ეშინიათ და, როგორც მოსალოდნელი იყო, შედარებით ცუდი მხედველობა აქვთ.

მხედველობის დახმარებით, ადამიანებმა სწრაფად ვისწავლეთ, რომ გველებს უნდა ვერიდოთ. ოფიდიოფობია, ანუ გველების შიში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა. ამას ემატება ისიც, რომ სტატისტიკურად, ადამიანები სიზმრებში გველებს განსაკუთრებით ხშირად ხედავენ.

თანამედროვე ფსიქოლოგიური კვლევები მიუთითებს, რომ არც ადამიანებს და არც ტყვეობაში გაზრდილ მაიმუნებს, გველების თანდაყოლილი შიში არ აქვთ, თუმცა, ირკვევა, რომ ჩვენ და მათ, გველებისადმი შიშის შეძენა მყისიერად შეგვიძლია. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა მაიმუნებს აყურებინეს ვიდეო, რომელშიც ჩანდა გადაცმული მაიმუნი, რომელიც გველებისადმი შიშის ქცევას ავლენდა. ამის შედეგად ნამდვილ მაიმუნებს გველებისადმი ძლიერი შიში მალევე ჩამოუყალიბდათ. მეცნიერებმა ექსპერიმენტი გაიმეორეს, ოღონდ ვიდეოში გადაცმული მაიმუნი ამჟამად შიშის ქცევას არა გველის, არამედ კურდღლის მიმართ ავლენდა, თუმცა ამ შემთხვევაში მაიმუნებში კურდღლებისადმი შიშის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოები ერთმანეთის იდენტური იყო.

გველებისგან დისტანცირების სურვილი ჩვენში მილიონობით წლის ევოლუციის შედეგადაა ჩაშენებული, საბოლოოდ კი ადამიანმა მეტყველება დაიწყო და შექმნა მითები იმ არსებების შესახებ, რომელთა მიმართ შიში ჩანასახიდანვე გააჩნდა.

ვუბრუნდებით დრაკონებს

ფოტო: Paul Getty Museum / Getty’s Open Content Program


ცოტა რამ ტვინზე

მეცნიერები, რომლებიც კომუნიკაციის თეორიას, ტვინის ევოლუციას, მეხსიერებასა და ნეირომეცნიერბას სწავლობენ, გვთავაზობენ იდეას, რომლის მიხედვითაც ტვინი მსგავს, მაგრამ ამავდროულად განსხვავებულ იდეებს ერთ, ინფორმაციით მდიდარ ერთეულად გარდაქმნის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტვინი რამდენიმე სხვადასხვა გამაღიზიანებელს ერთში აერთიანებს და ამით ცდილობს, რომ უფრო და უფრო რთულ და კომპლექსურ გარემოს სათანადოდ გაუმკლავდეს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერი ჯორჯ ა. მილერი მე-20 საუკუნეში შემთხვევით წააწყდა კანონზომიერებას, რომელსაც ექვსის წესი ეწოდა. მან აღმოაჩინა, რომ ტვინი ინფორმაციას მუდმივად ექვს ერთეულად აწესრიგებს. როდესაც ადამიანები ჩვენს გარშემო არსებულ გარემოს ვაკვირდებით, მიღებულ ინფორმაციას ექვს (ან ნაკლებ) სხვადასხვა ტიპის ჯგუფად ვყოფთ, ხოლო როდესაც ინფორმაციის ტიპები ექვს ჯგუფს სცდება, მეხსიერება გამართულად ვეღარ ფუნქციონირებს.

ჯონ ე. პფეიფერის თქმით, ადამიანის ვრცელი მეხსიერების საიდუმლო სწორედ მის იმ უნარში იმალება, რომლითაც ის სხვადასხვა იდეის ერთ ერთეულში გაერთიანებას ახერხებს. ეს ტვინისთვის ინფორმაციის კომპაქტურად შენახვის მეთოდია, რომლითაც მას შეუძლია, რომ “ექვსის წესს” გვერდი აუაროს.

როდესაც ცნობიერებასა და ტვინის ფუნქციაზე ვსაუბრობთ, მეტნაკლებად ვთანხმდებით მის ერთ ფუნდამენტურ ფუნქციაზე — ტვინი ინფორმაციას აჯგუფებს, აწესრიგებს და კანონზომიერებებს ხედავს. ჯორჯ ა მილერის თქმით, ინფორმაციის ამგვარად დაჯგუფება ჩვენს წინაპრებს გადარჩენაში ეხმარებოდა.

"შეიძლება ვთქვათ, რომ ევოლუციის განმავლობაში ყველაზე წარმატებული ის ორგანიზმები არიან, რომლებსაც რეაქციის გამოვლენა მრავალფეროვანი გამღიზიანებლის მიმართ შეუძლიათ. მუდმივად ცვალებად სამყაროში გადასარჩენად უმჯობესია, რომ ბევრი სხვადასხვა რამის შესახებ გქონდეს ცოტა ინფორმაცია, ვიდრე ერთის შესახებ - ბევრი”, — აცხადებს ის.

ალბათ, შეიძლება დრაკონი აღვიქვათ, როგორც “ცოტ-ცოტა ინფორმაცია ბევრი სხვადასხვა რამის შესახებ.” დრაკონი შეიძლებას სწორედ ინფორმაციის იმგვარად დამუშავების გამოვლინება იყოს, რომელსაც ზემოთ აღვწერთ. დრაკონის ცნება ალბათ მაშინ ჩამოყალიბდა, როდესაც ჩვენი ხეებზე მცოცავი წინაპრები მიწაზე ინაცვლებდნენ. მათ ტვინში თითოეული მტაცებლის საწინააღმდეგოდ ღრმად ჩაბეჭდილი ინსტინქტები ამ დროს ერთ ზოგად ერთეულად გარდაიქმნა, რომლის კულტურული გამოვლინებაც დრაკონია.

საბოლოოდ კი ინფორმაციის კომპაქტური შენახვის ეს გზა ჩვენს ტვინს აძლევს საშუალებას, რომ რეაქცია გამოავლინოს როგორც დრაკონის შემადგენელი კომპონენტების, ისე დიდი, ზოგადი სურათის მიმართ.


მაგრამ დრაკონი მთლად გველი არაა, არა? დრაკონებს აქვთ კიდურები, დიდი და ბასრი კბილები, მათ ფრენაც შეძლიათ. დრაკონი უფრო მეტად ჰგავს არსებას, რომელიც, გველის, ლეოპარდისა და არწივის ჰიბრიდია, — ეს ის სამი მტაცებელია, რომელთა წინააღმდეგაც მაიმუნებს სპეციფიკური განგაშის სიგნალი გააჩნიათ.

ანთროპოლოგმა დეივიდ ე. ჯოუნსმა ღრიალა მაიმუნების (Alouatta) შესწავლისას აღმოაჩინა, რომ ისინი სამ განსხვავებულ განგაშის სიგნალს იყენებენ, თითოეული კი მათში თადაცვის სპეციფიკურ რეაქციას აღძრავს.

პირველი სიგნალი ღრიალა მაიმუნების ჯგუფს გველის სიახლოვის შესახებ ატყობინებს, რა დროსაც ისინი უკანა ფეხებზე დგებიან და გველს ეძებენ, შემდეგ კი ხის კენწეროებში ცოცდებიან. მეორე განგაშის სიგნალი ჯგუფს მონადირე ფრინველის სიახლოვის შესახებ ამცნობს, რის შედეგადაც მაიმუნები ხეებიდან ჩამოდიან და ბუჩქებში იმალებიან. მესამე განგაში კი ლეოპარდის, ან რომელიმე სხვა მტაცებელი ძუძუმწოვარის სიახლოვეზე მიანიშნებს, რა დროსაც ისინი ხეების წვრილ ტოტებზე გადადიან, რომლებიც დიდი მტაცებლების წონას ვერ უძლებს.

ჯოუნსი საკუთარ წიგნში აცხადებს, რომ დრაკონი პრიმატებისათვის სამი ყველაზე საშიში მტაცებლის — გველის, მტაცებელი ძუძუმწოვარისა და მტაცებელი ფრინველის გაერთიანებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მოსაზრების მიხედვით, ადამიანებმა მისტიკური არსებები, დრაკონები, ჩვენი ინსტინქტებისა და თავდაპირველი შიშების საფუძველზე შევქმენით.

დრაკონი კომპოზიტური არსებაა, რომელიც იმ სამი ცხოველის გაერთიანებითაა წარმოშობილი, რომლებთანაც პრიმატებს მსხვერპლი/მტაცებლის ურთიერთობა მილიონობით წლის განმავლობაში ჰქონდათ. ადამიანის ევოლუციის ერთ-ერთ მომენტში კი ადამიანის ცნობიერში დრაკონის ცნება შემოდის.

ყურადსაღებია ისიც, რომ დრაკონებს ხშირად ცეცხლის ფრქვევაც შეუძლიათ, ცეცხლმა კი, როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის ევოლუციურ ისტორიაში უდიდესი როლი ითამაშა.

გილგამეშის ეპოსში ნახსენებია ნახევარღმერთი ხუმბაბა, რომელსაც ლომის თავი, სვავის კლანჭები, ქერცლით დაფარული სხეული და გველისთავიანი კუდი გააჩნია. დრაკონის მსგავსი არსებები ადამიანის წარმოსახვაში დიდი ხანია არსებობენ.

დრაკონების წარმოშობის შესახებ არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც დინოზავრებს უკავშირდება.

პალეონტოლოგიას, ანუ ნამარხი ორგანიზმების შესახებ მეცნიერებას საფუძველი მე-18 საუკუნეში ჩაეყარა, თუმცა, ბუნებრივია, რომ ადამიანები ათასგვარი უცნაური ცხოველის ძვლებს უხსოვარი დროიდან პოულობდნენ. ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ შემთხვევით აღმოჩენილი გიგანტური თავის ქალებისა და უშველებელი კიდურების ახსნას პირველყოფილი ადამიანები სხვადასხვა მისტიკური არსებით ცდილობდნენ. ახლა, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ეს ნამარხები დინოზავრებსა და სხვა გადაშენებულ ცხოველებს ეკუთვნით, თუმცა ადრე, ეს ყველაფერი ცხადი არ იყო.

საინტერესო ფაქტია, რომ ცენტრალურ ჩინეთში ათეულობით წლის განმავლობაში ადგილობრივები მიწიდან "დრაკონის ძვლებს" მოიპოვებდნენ და მათ ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში იყენებდნენ. ადგილობრივები ძვლებს ზოგჯერ ფხვნიდნენ, ან ხარშავდნენ, მიღებულ პროდუქტს კი ხშირად ბავშვებს ასმევდნენ. ჩინეთი ნამარხებით საკმაოდ მდიდარია, შესაბამისად, მსგავსი რამ, გასაკვირი არ არის. რა თქმა უნდა, დრაკონის ძვლები სინამდვილეში განამარხებული მეგაფაუნის ნიმუშები იყო.

შუა საუკუნეებში ყველაფერი სხვაგვარად იყო

ფოტო: Michel Wolgemut, Wilhelm Pleydenwurff

ისტორიის განმავლობაში დრაკონები, ისევე როგორც სხვა ეგზოტიკური "ცხოველები," ზოგჯერ კეთილები და მეგობრულები იყვნენ, ზოგჯერ კი - ზიანისა და სიკვდილის მომტანები. თუმცა, ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად დრაკონები ცალსახად უარყოფით პერსონაჟებად იქცნენ, მინიმუმ დასავლეთში მაინც. ეკლესია დრაკონებს ბოროტების უზეანეს ფორმად მიიჩნევდა, თანაც, შუა საუკუნეებში ადამიანების დიდ ნაწილს ინფორმაცია დრაკონების შესახებ ძირითადად ბიბლიიდან ჰქონდა.

შუა საუკუნეებში კარტოგრაფები რუკაზე არსებული შეუსწავლელი ადგილების მოსანიშნად დრაკონებს ხშირად იყენებდნენ. ეს სულაც არ იყო ის ადგილები, სადაც დრაკონები მართლაც ბინადრობდნენ, ეს სიმბოლო შეუსწავლელ და საფრთხისშემცველ ტერიტორიებს აღნიშნავდა.

ფოტო: Paul Getty Museum / Getty’s Open Content Program

ანთროპოლოგ დევიდ ე. ჯოუნსის თქმით, შუა საუკუნეებში ადამიანების დიდი ნაწილისათვის დრაკონები რეალური არსებები იყვნენ. შუა საუკუნეების ბესტიარიუმებში, ანუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში, რომელიც მხეცების აღწერებს შეიცავდა, რეალური ცხოველების გვერდით დრაკონები მუდმივად გვხვდებოდნენ.

ეს შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ შუა საუკუნეებში ადამიანები განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობდნენ. ადამიანები დრაკონებს რეალურ არსებებად მიიჩნევდნენ, თუმცა მათ წარმოსახვაში ისინი შორეულ მიწებზე ბინადრობდნენ და შესაბამისად, მათთან გადაყრის შანსი მინიმალური იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ისტორიის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ადამიანებს ძირითადი შეხება მხოლოდ იმ ცხოველებთან ჰქონდათ, რომლებიც მათ საცხოვრებელ არეალში ბინადრობდნენ. მაგალითად, ევროპის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანს, შესაძლოა, ჟირაფი ან აქლემი არასდროს ენახა. ამ დროს ინფორმაცია ძირითადად სიტყვით ვრცელდებოდა, ჩვეულებრივი ადამიანისთვის კი ჟირაფის, აქლემისა და თუნდაც დრაკონის მსგავსი არსების აღწერილობა თანაბრად მისაღები იქნებოდა.

შუა საუკუნეებში ადამიანები სამყაროს უბრალოდ სხვაგვარად აღიქვამდნენ. განსხვავება ბუნებრივს, ადამიანის მიერ მოგონილსა და ზებუნებრივს შორის ბევრად უფრო ბუნდოვანი იყო, ვიდრე ახლაა, მაშინ ეს სამივე ცნება ერთმანეთში შეუმჩნევლად გადადიოდა.

შესაძლებელია თუ არა დრაკონების არსებობა ევოლუციურად?

ფოტო: Todd Lockwood

დავფიქრდეთ, რომელი ცხოველი შეიძლება იყოს დრაკონის ყველაზე რეალური წინაპარი. ასეთი ცხოველის საპოვნელად წარსულში მოგვიწევს გადანაცვლება. ასეა თუ ისე, დრაკონებს მეტნაკლებად ყოველთვის რეპტილიებად აღვიქვამთ. ეს ნიშნავს იმას, რომ დრაკონების საწყისი მეზოზოურ ერაში უნდა ვეძებოთ. აღიშნული ეპოქა 252 მილიონი წლის წინ დაიწყო და 66 მილიონი წლის წინ დასრულდა, მას სხვაგვარად რეპტილიების ეპოქასაც ეძახიან. ყველაზე ცნობილი მეზოზოური რეპტილიები კი, რა თქმა უნდა, დინოზავრები არიან.

დრაკონების შესახედაობისა და მათი კვებითი თავისებურებების გათვალისწინებით, ნებისმიერ რეალურ დრაკონს ისეთივე ეკოლოგიური ნიშა უნდა ეჭიროს, როგორიც უმაღლეს მტაცებლებს, ამ შემთხვევაში, მაგალითად, ტირანოზავრებს ეჭირათ. თუმცა, დრაკონის ანატომიას თუ უფრო დეტალურად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ტაქსონომიურად მათი დინოზავრებთან განთავსება მაინც და მაინც სწორი არ იქნება.

გავრცელებულია დრაკონის სხეულის ორი განსხვავებული ფორმა, რაც ორ ალტერნატიულ ევოლუციურ სცენარს გვაძლევს. პირველ ჯგუფში ჩინური, ძველი ბერძნული და ინგლისური დრაკონები ხვდებიან. მათ წაგრძელებული სხეულის ფორმა და პატარა ან სულაც არარსებული ფეხები აერთიანებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ძალიან ჰგვანან გველებს.

ნამარხები მიუთითებს, რომ გველები სოროებში მცხოვრები ხვლიკებიდან უნდა წარმოშობილიყვნენ, რომელთა ფეხებიც ნელ-ნელა ზომაში შემცირდა. ასეთი აღწერილობა თავისუფლად ერგება მრავალ მიწისქვეშა დრაკონს, მაგალითად, სკანდინავიურ ნიდჰოგს.

ერთი რამ, რაც ამჟამინდელ გველებს ამ ტიპის დრაკონებისგან განასხვავებს, ზომაა, თუმცა ეს პრობლემა არ არის. თუ ნამარხებს გადავხედავთ, დრაკონის ზომის შესაფერის გველებს მალევე ვიპოვით.

ტიტანობოა, იგივე გიგანტური ბოა, ნამარხი გველების გვარია, რომლის წარმომადგენლებიც დედამიწაზე დაახლოებით 60-58 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. ისინი სიგრძეში 13 მეტრს, სიგანეში კი წარმოუდგენელ ერთ მეტრს აღწევდნენ. მათი წონა 1,25 ტონას აღემატებოდა.

ტიტანობოა გიგანტური, გველის მსგავსი დრაკონების წინაპარი თავისუფლად იქნებოდა, მაგრამ, როდესაც დრაკონებზე ვფიქრობთ, თავში უმეტესობა ჩვენგანს ალბათ სხვა სურათი წარმოუდგება ხოლმე — დიდი გველეშაპი ფრთებით, ფეხებითა და მოქნილი კუდით, ანუ ურჩხული, რომელიც შეუძლებელია, რეალურად არსებობდეს.

ხერხემლიან ცხოველებში ფრთები დამოუკიდებლად სამ სხვადასხვა არსებაში ჩამოყალიბდა: ფრინველებში, ღამურებსა და პტეროზავრებში. სამივე შემთხვევაში ფრთები წინა კიდურებისგან განვითარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ხერხემლიანებში ფრთების ქონა ხელების არქონას ნიშნავს, ან პირიქით.

თანამედროვე ფილმებში დრაკონებს, როგორც წესი, ორი ფეხი და ორი ფრთა აქვთ, რაც, ანატომიურად უფრო რეალისტურია.

გიგანტური პტეროზავრები, დიდი ალბათობით, იყვნენ ყველაზე დიდი ცხოველები, რომლებსაც ოდესმე უფრენიათ. ყველაზე დიდი სახეობების ფრთების შლილი 11 მეტრს აღწევდა. ამ ცხოველებს ფრენისათვის განსაკუთრებული ადაპტაციები სჭირდებოდათ, მაგალითად, ღრუებიანი ძვლები და მკერდის ძლიერი კუნთები. დრაკონებსაც, ფრენის შემთხვევაში, მსგავსი ადაპტაციები დასჭირდებოდათ.

ჩვენ ვიცით, რომ დრაკონები ხშირად უკვდავები არიან, თუ, რა თქმა უნდა, მამაცი რაინდი მათ თავს არ მოჰკვეთთ. რეალურ ცხოვრებაში, უკვდავება ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი რეპტილია, მაგალითად, გიგანტური კუ, ნელი მეტაბოლიზმის გამო საუკუნეზე მეტ ხანსაც ცოცხლობს.

ეს შეიძლება ხსნიდეს, თუ რატომ ატარებენ დრაკონები სიცოცხლის უმეტეს ნაწილს გამოქვაბულებსა და მიწისქვეშეთში, მიძინებულ მდგომარეობაში, ოქროსა და საგანძურის დარაჯად. მათ უბრალოდ შენელებული მეტაბოლიზმი აქვთ.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, შესაძლებელია თუ არა, რომ ევოლუციით დრაკონები ოდესმე მართლაც მივიღოთ, მაგრამ რაკი ოქრო ვახსენეთ, ჩნდება კითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ ცხოველებს ოქროს მიმართ ჰქონდეთ ინტერესი?

მსგავსი ქცევა ცხოველთა სამყაროში არც ისეთი იშვიათია, როგორც გვგონია. მამრი მეკარვიები მდედრის მოსაზიდად ბუდეში მრავალი სხვადასხვა სახის "საგანძურს" აგროვებენ მაგალითად, კენკრასა და მინის ბრჭყვიალა ნამტვრევებს, რომლითაც ისინი მდედრის მოხიბლვას ცდილობენ. ასე რომ, დასაშვებია, დრაკონს ოქრო ისევე აინტერესებდეს, როგორც ადამიანებს.

არის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი თვისება, რომლის გარეშეც დრაკონის წარმოდგენა რთულია: ცეცხლის ფრქვევის უნარი.

კობრებს ეშვებიდან შხამის სწრაფად გამოსროლა შეუძლიათ, კომოდოს დრაკონი ნაკბენისას ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოჰყოფს, ელექტრულ სკაროსს კი ელექტროდენით მსხვერპლის გათიშვა შეუძლია. ცხადია, რომ ბუნებამ ცხოველებს არაერთი უცნაური და შემაძრწუნებელი გამოგონება არგუნა, თუმცა, ცეცხლის ფრქვევას ბუნებაში მაინც ვერსად ვხვდებით.

ერთადერთი არსება, რომელიც ცეცხლისმფრქვეველ დრაკონებთან ახლოს მოდის, მჭექარა ხოჭოა. ის მუცელში ჰიდროქინონსა და წყალბადის ზეჟანგს ინახავს. თავდასხმისას მას შეუძლია, რომ მუცელში ამ ნივთიერებების შერევით ეგზოთერმული რეაქცია წარმოშვას, შემდეგ კი ნივთიერებების მდუღარე ნაკადით მოწინააღმდეგეს თავს დაესხას.

ახლა კი წარმოვიდგინოთ გიგანტური რეპტილია, რომელსაც ევოლუციამ მსგავსი ქიმიური იარაღი არგუნა — ყელში არსებული ორი ჯირკვალი საჭირო ხსნარებს გამოიმუშავებს, მათი შერევისას კი ცხოველი მაღალი ტემპერატურის სითხეს პირიდან ტყორცნის.

ასეთი ცხოველის ჩამოყალიბება, რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ასევე ნაკლებად სავარაუდოა მჭექარე ხოჭოების არსებობაც. ასეა თუ ისე, ეპოქების განმავლობაში ევოლუციამ არაერთი რთულად დასაჯერებელი და წარმოუდგენელი მექანიზმი შექმნა. დრაკონები მხოლოდ ადამიანის წარმოსახვაში არსებობენ, თუმცა თუ კარგად მიმოვიხედავთ, მივხვდებით, რომ რეალური სამყარო თავისი საიდუმლოებით წარმოსახვითს ბევრი არაფრით ჩამოუვარდება.