1869 წელს რუსმა ქიმიკოსმა დიმიტრი მენდელეევმა ელემენტთა პერიოდული სისტემის ახალი ვერსია წარადგინა.

მან ელემენტები სისტემაში ატომური მასის მიხედვით მოაქცია, რის საფუძველზეც შექმნა ელემენტთა პერიოდული სისტემა, რომელიც ნივთიერებს გარკვეული კანონზომიერების მიხედვით ალაგებს.

ელემენტთა პერიოდული სისტემის შექმნიდან კი ახლა უკვე 150 წელი გავიდა. თუმცა მენდელეევი არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ელემენტების გარკვეული კანონზომიერებით გამოსახვა და მათი წესრიგში მოყვანა შეძლო.

მენდელეევამდე იყვნენ მეცნიერები, რომლებიც იმ დროისთვის ცნობილი 63 ელემენტის ცხრილში მოქცევას ცდილობდნენ.

ახლა უკვე არა 63, არამედ 118 ელემენტია ცნობილი და მათი გამოსახვის მრავალი სხვადასხვა გზაც არსებობს.

სტანდარტული

ფოტო: Offnfopt/Wikimedia/Public Domain

ეს ყველასთვის კარგად ნაცნობი პერიოდული სისტემაა. მასში ელემენტები ატომური რიცხვის, ელექტრონების კონფიგურაციებისა და გარკვეულწილად ელემენტების ფიზიკური თვისებების მიხედვით არის დალაგებული. მენდელეევის მიერ შექმნილ ცხრილში უფრო ცოტა ელემენტი იყო, თუმცა მან ცხრილში სპეციალურად დატოვა ადგილი იმ ელემენტებისთვის, რომლებსაც მეცნიერები მომავალში აღმოაჩენდნენ.

აღსანიშნავია, რომ მისი წინასწარმეტყველებები ელემენტების აღმოჩენის შესახებ უმეტესწილად გამართლდა.

კოშკი

ფოტო: DePiep / Wikimedia / CC 3.0

ზემოთ მოცემული ცხრილი 2006 წელს ვალერი ციმერმენმა შექმნა. ის ატომური რიცხვის ნაცვლად, კვანტურ რიცხვებზეა დაფუძნებული, რომლებიც ატომში არსებული ელექტრონების მოძრაობასა და განლაგებას აღწერს.

სპირალი

ელემენტთა სპირალური პერიოდული სისტემა 1964 წელს ქიმიკოსმა თეოდორ ბენფეიმ შექმნა. სპირალის ცენტრში წყალბადია, სპირალი ატომური რიცხვის მიხედვით იშლება, შემდეგ მას მოჰყვება გარდამავალი ლითონები, ლანთანოიდები, აქტინოიდები და ამ დროისთვის აღმოუჩენელი სუპერაქტინოიდები.

სამგანოზმილებიანი ყვავილი

ფოტო: Тимохова Ольга / Wikimedia / CC 3.0

ვაღიარებთ, რომ სამგანზომილებიანი სისტემა საკმაოდ ჩახლართულია. მასში არ არის წყალბადი და ჰელიუმი. პირველ, მოცისფრო სექციაში წინა მხარეს ტუტე ლითონებია განლაგებული, უკანა მხარეს კი ტუტემიწა ლითონები. წინა ორ ფურცელზე კი დანარჩენი ელემენტებია დაჯგუფებული.

ცისარტყელის ლენტა

ვფიქრობთ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სისტემაა. ის ჯეიმს ფრანკლინ ჰიდემ 1975 წელს შექმნა. ის ორგანოსილიციუმის შემსწავლელი ქიმიის სპეციალისტი იყო, შესაბამისად, სისტემის ცენტრში სილიციუმს ვხვდებით. თუმცა, მისი საწყისი მაინც წყალბადია, რომელიც მარჯვენა მხარეს, ცენტრშია მოთავსებული. ფერებით კი ელემენტების სხვადასხვა თვისებაა გამოხატული.