შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა პანორამა თბილისის სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ On.ge-ს დაუდასტურა. ინსპექტორებმა გადაწყვეტილება სამსაათიანი შემოწმების შემდეგ მიიღეს.

ბექა ფერაძის განცხადებით, მოკვლევის პროცესში გარკვეული ხარვეზები აღმოაჩინეს და სამუშაოები ამ ხარვეზების სრულად აღმოფხვრამდე შეაჩერეს.

"გარკვეული სტანდარტები ბუნებრივია არის, მაგრამ არსებობს გარკვეული ხარვეზებიც და პრევენციისთვის, იმისთვის, რომ აღმოვფხრათ და თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები, მივიღეთ გადაწყვეტილება სიმაღლეზე სამუშაოების შეჩერების შესახებ", — თქვა ფერაძემ.

დღეს, 16 აპრილს პანორამა თბილისის მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა. როგორც On.ge-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურმა განუცხადა, ორი დაშავებული ამტელ ჰოსპიტალში, ერთი კი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.