ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა
ფოტო: Getty Images
მეცნიერებმა პაციენტის ტვინში ტკივილის რუკა შეადგინეს და მისი ინტენსივობის შემცირება შეძლეს. კვლევა აჩვენებს, რომ ტვინის კონკრეტულ წერტილებზე ელექტრული იმპულსებით ზემოქმედებას ძლიერი და ხანგრძლივი ტკივილის სიგნალების ჩახშობაც კი შეუძლია.
მოტეხილობით გამოწვეული მწვავე ტკივილისგან განსხვავებით, ქრონიკული ტკივილი ქსოვილების შეხორცების შემდეგაც არ ქრება. იგი თავისა და ზურგის ტვინში მომხდარი ცვლილებების შედეგად ვითარდება, რის გამოც მისი მკურნალობა განსაკუთრებით რთულია.
"აქამდე პაციენტების დასახმარებლად ძალზე შეზღუდული შესაძლებლობები გვქონდა, ისინი კი აღუწერელ ტანჯვას განიცდიდნენ", — აღნიშნავს სტენფორდის უნივერსიტეტის ნეიროქირურგი მაიკლ ლიმი.
მისი თქმით, ახალი შედეგები ასეთი მტანჯველი ტკივილის მკურნალობის სრულიად ახალ პერსპექტივას აჩენს.
ქრონიკულ ტკივილთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი ტვინის ღრმა სტიმულაციაა (DBS). ამ დროს პაციენტის ტვინში წვრილი ელექტროდები, ხოლო მკერდის არეში — ელემენტი თავსდება. ტვინის ღრმა სტიმულაციას ყველაზე ხშირად პარკინსონის დაავადების დროს იყენებენ. მეორე მხრივ, ამჟამად მისი ეფექტიანობა სხვა მდგომარეობების, მაგალითად, დეპრესიის მკურნალობისთვისაც იტესტება.
აქამდე ქრონიკული ტკივილის მკურნალობისას DBS-ს ცვალებადი შედეგი ჰქონდა — იგი ზოგ პაციენტს ეხმარებოდა, ზოგს კი — ვერა. ასეთი არასტაბილურობა, სავარაუდოდ, იმითაა განპირობებული, რომ უშუალოდ ტვინიდან წამოსული ტკივილი საკმაოდ რთული ფენომენია. სტენფორდის უნივერსიტეტის ნეიროქირურგისა და ნეირომეცნიერის, ვივეკ ბუკის განმარტებით, ტკივილის შეგრძნება ტვინის რამდენიმე ქსელის ურთიერთქმედებით ყალიბდება. ეს ქსელები სენსორულ, ქიმიურ და ემოციურ სიგნალებს ამუშავებს. "საბოლოოდ ეს კომპონენტები ერთიანდება და ადამიანში ტკივილის აღქმას ქმნის", — ამბობს მეცნიერი.
ვითარებას ისიც ართულებს, რომ ყოველი ადამიანის ტვინი ტკივილს განსხვავებულად აღიქვამს. ბუკის თქმით, ქრონიკული ტკივილი, ისევე როგორც ფსიქიატრიული დარღვევები (მაგალითად, დეპრესია თუ დამოკიდებულებითი აშლილობა), უნივერსალურ მიდგომას არ ემორჩილება.
ახალი კვლევის იდეა მარტივი იყო: ჯერ კონკრეტული პაციენტის ტკივილის სიგნალების რუკა უნდა შექმნილიყო, ხოლო შემდეგ — ტვინის შესაბამის ზონებში ზუსტი ელექტრული იმპულსები გაეგზავნათ. ეს იმპულსები ტკივილის სიგნალებს ახშობს და პაციენტს მდგომარეობას უმსუბუქებს.
ექსპერიმენტში სამი მოხალისე მონაწილეობდა, რომლებსაც სახის ძლიერი ქრონიკული ტკივილი აწუხებდათ. ქირურგიული ჩარევისას ექიმებმა თავის ქალას მცირე ხვრელებიდან ტვინის საკვანძო უბნებში დროებითი იმპლანტანტები შეიყვანეს. მომდევნო სამი დღის განმავლობაში მკვლევრები ამ სადენების საშუალებით ტვინის სხვადასხვა წერტილში სუსტ ელექტრულ სიგნალებს სისტემატურად გზავნიდნენ.
სტენფორდის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერისა და ფსიქიატრის, კარლ დეისეროტის თქმით, ასეთმა კარტოგრაფიამ თითოეული პაციენტის ტკივილის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდა.
"კონკრეტული ადამიანისთვის იმ ზონებისა და სტიმულაციის მოდელის დადგენა, რომელიც მას ეხმარება, გადამწყვეტია ეფექტიანი მკურნალობის შესარჩევად", — აღნიშნავს დეისეროტი.
სამივე პაციენტთან განსხვავებული შედეგი დაფიქსირდა. ერთ-ერთ მონაწილეს ელექტრული იმპულსების არცერთმა კომბინაციამ არ უშველა, თუმცა დანარჩენ ორს ტკივილი საგრძნობლად შეუმსუბუქდა.
ერთ-ერთ მონაწილეს — 40 წლამდე ასაკის ქალს — ტვინის იმ ზონებში, რომლებმაც ტესტირებისას დადებითი რეაქცია აჩვენა, ოთხი მუდმივი იმპლანტანტი ჩაუნერგეს. 6 და 12 თვის შემდეგ მას ტკივილი კვლავ შემცირებული აქვს. მეორე ქალი კი, რომელსაც ექსპერიმენტისას ასევე შეუმსუბუქდა მდგომარეობა, მუდმივი იმპლანტანტის ჩადგმას უახლოეს მომავალში გეგმავს.
პაციენტმა, რომელსაც ელექტრულმა სტიმულაციამ ვერ უშველა, მკვლევრებს მაინც ღირებული გამოცდილება მისცა. დეისეროტის თქმით, წარმატებული შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის წინასწარ გაგებაც, იმუშავებს თუ არა მკურნალობა კონკრეტულ შემთხვევაში.
"ობიექტური კრიტერიუმის არსებობა, რომელიც გვიჩვენებს, ღირს თუ არა პაციენტისთვის კონკრეტული მკურნალობის ჩატარება, ფსიქიატრიასა და მომიჯნავე სფეროებში სანუკვარი ოცნებაა. სწორედ ამიტომ, ამ მეთოდის ეფექტიანობის დანახვა და იმის გაგება, თუ რა ჯგუფებისთვის იქნება შესაძლებელი ამ მეთოდით მკურნალობა, წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია", — აღნიშნავს მეცნიერი.
სამომავლოდ მკვლევრები გეგმავენ, რომ ტვინის კარტოგრაფიის ეს მეთოდი სხვა დაავადებების დროსაც გამოცადონ. ეს მათ საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ ახალი თერაპიული გზები იპოვონ, არამედ ტვინის მუშაობის პრინციპებიც უკეთ შეისწავლონ. "ფსიქიატრიის გადმოსახედიდან, ამ მიმართულებით ჩვენს შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს", — ამბობს დეისეროტი.
კომენტარები