საქართველოს პარლამენტში ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვედრებს მართავს. ისინი ქართული ოცნების მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეცნობიან, რომელმაც უზენაესის მოსამართლეთა არჩევის წესი უნდა დაარეგულიროს. პოზიციების გაცვლის შემდეგ ვენეციის კომისია რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს.

ვენეციის კომისიის შექმნა

ვენეციის კომისია ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოა კონსტიტუციურ საკითხებში. დაარსდა 1990 წელს, ბერლინის კედლის დაშლის შემდეგ, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების შეთანხმების საფუძველზე. კომისიის ოფიციალური სახელია ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად. ვინაიდან კომისია ყოველ წელს პლენარულ სესიებს იტალიის ქალაქ ვენეციაში მართავს, უფრო ხშირად ვენეციის კომისიის სახელით მოიხსენიებენ. პლენარული სესიები იმართება მარტში, ივნისში, ოქტომბრსა და დეკემბერში. მისი მუდმივი სამდივნო საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მდებარეობს, ევროპის საბჭოს სათავო შენობაში.

კომისიის შემადგენლობა

ვენეციის კომისიამ ფუნქციონირება 18 წევრით დაიწყო. მალევე, ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყანა შეუერთდა. 2002 წელს კომისიამ წესდებას გადახედა და ევროპის საბჭოს არაწევრ ქვეყნებს წევრობის შესაძლებლობა მისცა. ამჟამად, კომისიის შემადგენლობაში 61 ქვეყანა შედის. მათგან 47 ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანაა, 14 — არა. არაწევრ ქვეყნებს შორისაა, ალჟირი, ბრაზილია, ჩილე, კოსტარიკა, ისრაელი, კორეის რესპუბლიკა, კოსოვო, ყირგიზეთი, მაროკო, მექსიკა, პერუ, ტუნისი და აშშ.

ფოტო: ევროპის საბჭო

კომისიის შემადგებლობაში ინდივიდუალური წევრებიც არიან. ინდივიდუალური წევრობის შესაძლებლობა აქვთ სამართლის დარგის სპეციალისტებს, უნივერსიტეტის პროფესორებს, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, პარლამენტის წევრებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. თითოეული წევრი კომისიაში 4 წლის ვადით არის არჩეული. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი 2009 წლის დეკემბრიდან ჯანი ბუკიკიოა.

კომისიის მიზნები

კომისიის გადასინჯული წესდება 2002 წლის 21 თებერვალს მიიღებს. წესდების თანახმად, კომისია ემსახურება შემდეგ მიზნებს:

  • მონაწილე ქვეყნების სამართლებრივი სისტემის გაგების გაძლიერებას ამ სისტემათა დაახლოების მიზნით;
  • დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობით წარმოშობილი პრობლემების განხილვას, მათ გამყარებასა და განვითარებას.

კომისია პრიორიტეტულად მიიჩნევს იმ საქმიანობას, რომელიც შეეხება:

  • კონსტიტუციურ, საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ პრინციპებსა და ტექნიკას, რაც უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტურობასა და მათ გაძლიერებას;
  • ძირითად ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. კერძოდ კი მათ, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეთა მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
  • ადგილობრივ და რეგიონალურ მთავრობათა ხელშეწყობას დემოკრატიის განვითარების მიზნით.

დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და სამართლის უზენაესობის პრინციპების დაცვას კომისია ოთხი მიმართულებით ახორციელებს:

  • დემოკრატიული ინსტიტუტები და ძირითადი უფლებები;
  • საკონსტიტუციო სამართალი და ზოგადი სამართალი;
  • არჩევნები, რეფერენდუმები, პოლიტიკური პარტიები;
  • კვლევებისა და სემინარების ჩატარება.

დემოკრატიული ინსტიტუტები და ძირითადი უფლებები

ვენეციის კომისიის უპირველესი ამოცანაა დაეხმაროს და რჩევა მისცეს ცალკეულ ქვეყნებს საკონსტიტუციო საკითხებში, რათა გააუმჯობესოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი. ჯერ კიდევ 1991 წელს კომისია დაეხმარა რუმინეთს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის შექმნაში.

მოსაზრებების წევრი ქვეყნებისადმი მიწოდების დროს კომისია იყენებს შემდეგ მეთოდს: ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც კომიისიის წარმომადგენლებისგან კომპლექტდება. ეს სამუშაო ჯგუფი ეხმარება ქვეყნების მთავრობებს შესაბამისი კანონის მომზადებაში. ადგილობრივ მთავრობებთან და პარტნიორებთან დისკუსიის შემდეგ სამუშაო ჯგუფი ამზადებს რეკომენდაციების სამუშაო ვერსიას, სადაც საუბარია, რამდენად შეესაბამება კანონის ტექსტი დემოკრატიის სტანდარტებს და როგორ შეიძლება მისი სრულყოფა. სამუშაო რეკომენდაციებს განიხილავენ ვენეციის კომისიის პლენარულ სესიაზე, ჩვეულებრივ, ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად. დამუშავების შემდეგ რეკომენდაციები ხდება საჯარო.

ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა

ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა

ფოტო: coe.int

მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აისახება ხოლმე მიღებულ კანონმდებლობაში, კომისია არ არის გადაწყვეტილების მიმღები და მისთვის პრიორიტეტი მხარეებს შორის დიალოგია. ამ მიზეზით, როგორც წესი, სამუშაო ჯგუფი ჩადის ქვეყანაში და ხვდება იმ პოლიტიკურ აქტორებს, რომლებიც დაკავშირებული არიან აღნიშნულ საკითხთან. ეს მეთოდი ვენეციის კომისიას ობიექტურობაში ეხმარება.

ვენეციის კომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს ქვეყნებზე, სადაც ეთნო-კულტურული კონფლიქტი მიმდინარეობს ან წარსულში მოხდა. ამ კონტექსტში, კომისიას ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი შემდეგ ქვეყნებში: ბოსნია-ჰერცოგოვინაში, მაკედონიაში, სერბეთში მონტენეგროსა და კოსოვოში. ის, ასევე, ჩართული იყო საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებულ კონფლიქტში.

კომისია რეკომენდაციებს ამზადებს შემდეგი მიმართულებით:

  • საკონსტიტუციო რეფორმა;
  • ფედერალიზმი და რეგიონალიზმი;
  • საერთაშორისო სამართლის საკითხები;
  • შიდა უსაფრთხოების სერვისები და სამხედრო ძალა;
  • ძირითადი უფლებების დაცვა, მათ შორის რელიგიის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება;
  • უმცირესობების უფლებების დაცვა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა;
  • პარლამენტისა და სამოსამართლო საქმიანობა.

არჩევნები, რეფერენდუმები, პოლიტიკური პარტიები

არჩევნების, რეფერენდუმისა და პოლიტიკური პარტიების მიმართულებით ვენეციის კომისია საქმიანობას დემოკრატიული არჩევნების საბჭოს დახმარებით ახორციელებს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ვენეციის კომისიის წევრები, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები და ევროპის საბჭოს რეგიონული და ადგილობრივი მთავრობების კონგრესის წარმომადგენლები. დემოკრატიული არჩევნების საბჭოს მიზანია დააახლოვოს და გააღრმავოს თანამშრომლობა წევრებს შორის. დაახლოების მიზანია ევროპული საარჩევნო მემკვიდრეობისა და ღირებულებების დანერგვა და განვითარება.

საკონსტიტუციო სამართალი

კომისიის საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულება საკონსტიტუციო სასამართლოებსა და შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობას გულისხმობს.

ვენეციის კომისიამ იცის, რომ მისი საქმიანობა საკმარისი არ არის ქვეყნის დასახმარებლად, სრულყოფილად გარდაქმნას და განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები. თუმცა მისი დასკვნების რეალობაში განხორციელებას უწევს რეკომენდაციას. მთავარი მოთამაშეები ამ მიმართულებით საკონსტიტუციო სასამართლოები და ის ორგანოები არიან, რომლებიც საკონსტიტუციო იურისდიქციას ახორციელებენ.

კვლევებისა და სემინარების ჩატარება

კომისიის ერთ-ერთი მისიაა აამაღლოს იურიდიულ სისტემებთან დაკავშირებული ცოდნა და იურიდიული კულტურის გაგება წევრ ქვეყნებში. კომისია თავისი ინიციატივით ამზადებს სასწავლო მასალებს, ანგარიშებს, კვლევებს იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია წევრ სახელმწიფოებში. ასევე, მართავს სემინარებს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის.