კვლევა: ქვის ხანის ევროპის მოსახლეობა საშუალო ზომის გემზე დაეტეოდა
ახლახან გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ქვის ხანის ევროპაში ადამიანთა პოპულაცია საკმაოდ მცირერიცხოვანი იყო - გამოთვლების მიხედვით, ამ ეპოქაში ცენტრალურ ევროპაში სულ რაღაც 1 500 ადამიანი ცხოვრობდა. ეს ადამიანების დაახლოებით იგივე რაოდენობაა, რომელიც კრუიზისთვის განკუთვნილ საშუალო ზომის გემზე ეტევა.
კიოლნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა იზაბელა შმიდტმა და ანდრეას ციმერმენმა არქეოლოგიური მასალა და პოპულაციის მოდელები გამოიყენეს, რათა გამოეთვალათ თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობდა თანამედროვე ესპანეთის, პოლონეთის, დანიისა და იტალიის ტერიტორიაზე დაახლოებით 33-42 ათასი წლის წინ.
შმიდტმა და ციმერმენმა შეადგინეს რუკა, სადაც 400-მდე ისეთი ადგილი იყო დატანილი, სადაც 33-42 ათასი წლის წინ ადამიანები ცხოვრობდნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ ეს ადგილები 13 ძირითად რეგიონში იყო განაწილებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეპოქაში ევროპის უდიდესი ნაწილი დაუსახლებელი უნდა ყოფილიყო.
არქეოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ 13 რეგიონიდან თითოეულში დაახლოებით 35 მონადირე-შემგროვებელი ჯგუფი ცხოვრობდა. ეს დასკვნა მათ დედამიწაზე ამჟამად მცხოვრებ მონადირე-შემგროვებლებზე დაკვირვებით გააკეთეს. მათი თქმით, თითოეულ ასეთ ჯგუფში დაახლოებით 42 ინდივიდი უნდა ყოფილიყო.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შმიდტმა და ციმერმენმა ივარაუდეს, რომ ქვის ხანაში ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში დაახლოებით 1 500 ადამიანს უნდა ეცხოვრა.
ეს საშუალო რაოდენობაა, მეცნიერებმა ასევე განსაზღვრეს რაოდენობის ქვედა ზღვარი - 800 ადამიანი, ისევე როგორც ზედა - 3 300 ადამიანი.
ეჭვგარეშეა, რომ ქვის ხანის ევროპაში, თანამედროვე ეპოქასთან შედარებით, ბევრად უფრო ნაკლები ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა აღნიშნულ კვლევას გარკვეული შეზღუდვებიც აქვს.
აღნიშნული კვლევა მხოლოდ გარკვეული რაოდენობის არქეოლოგიურ მონაცემებსა და დაშვებებზეა დაფუძნებული. მაგალითად, კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ პრეისტორიული ტომები იმდენივე ადამიანისგან შედგებოდა, რამდენსაც თანამედროვე მონადირე-შემგროვებელ ტომებში ვხვდებით.
"ამ კვლევაში ჩვენ შეზღუდული და დაბალი გარჩევადობის მონაცემებზე გვიწევს დაყრდნობა, როდესაც გარკვეული საკითხის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს, იძულებულნი ვართ გარკვეული დაშვებებითა და ვარაუდებით ვიხელმძღვანელოთ. ეს ვარაუდები და გათვლები საკმაოდ გონივრული და ფრთხილია, თუმცა ისინი მაინც ვარაუდებად რჩება, რადგან მათი გადამოწმება არ შეგვიძლია", - აცხადებს ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის მეცნიერი ჯენიფერ ფრენჩი.
კვლევა ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები