რამდენად შესაძლებელია ინტერნეტ-სერვისებით გენეტიკური წარმომავლობის დადგენა?
დნმ-ის ტესტები ახლა ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს. ინტერნეტში უამრავ კომპანიას შეხვდებით, რომელიც თქვენი დნმ-ის გაშიფვრას დაგპირდებათ. ამისათვის საკმარისია, რომ კომპანიას სპეციალურ კონტეინერში შეგროვებული ნერწყვის ნიმუში გაუგზავნოთ, თანხა გადაიხადოთ და შედეგებს დაელოდოთ. ტესტირების ამ ფორმას პირდაპირი სამომხმარებლო გენეტიკური ტესტირება ეწოდება.
აღნიშნულ სფეროში არსებულ კომპანიებს შორის ყველაზე პოპულარული 23andMe და AncestryDNA-ია, თითოეულ მათგანს კი მონაცემთა ბაზებში ხუთ მილიონამდე მეტი ადამიანი ჰყავს რეგისტრირებული. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გენეტიკური ტესტირება წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბდა, თუმცა რამდენად სანდოა მათ მიერ გაკეთებული დასკვნები?
დნმ ჩვენს უჯრედებში არსებული, ინფორმაციით მდიდარი ურთულესი მოლეკულაა. დნმ უჯრედში 23 წყვილ ქრომოსომად არის ორგანიზებული და მასში დაახლოებით 20 000 ცილის მაკოდირებელი გენია. დნმ-ის 97 პროცენტი კი მარეგულირებელ უბნებს ეთმობა. დნმ-ში ერთი შეხედვით უსარგებლო თანმიმდევრობებიც გვხვდება, რომლებიც ჩვენს უჯრედებში მილიონობით წლის ევოლუციის შედეგად არის “დალექილი”.
მეცნიერების განვითარების შედეგად გაჩნდა ტექნოლოგიები, რომლითაც დნმ-ის წაკითხვა უპრეცენდენტოდ სწრაფად და იაფად შეგვიძლია. ამჟამად უამრავი ადამიანის დნმ-ის გაშიფვრა ძალიან იაფად შეიძლება, ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის რაოდენობის მუდმივ ზრდასთან ერთად კი იზრდება ჩვენი აღქმა და ცოდნა ევოლუციის, დაავადებებისა და ზოგადად ადამიანის წარმომავლობის შესახებ.
ახლა ინტერნეტის საშუალებით დნმ-ის ანალიზის გაკეთება მარტივად შეგიძლიათ, თუმცა ჩნდება კითხვები, მაგალითად, რამდენად ავთენტურია აღნიშნული ტესტები?
ერთი შეხედვით, შეიძლება აღნიშნული ტესტების სანდოობაზე არ დაეჭვდეთ. თუმცა ყოფილა მრავალი წარუმატებელი შემთხვევა, მაგალითად, ერთ-ერთის დროს, კომპანიამ ძაღლის დნმ ადამიანისგან ვერ გაარჩია. 2018 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ კი აღმოაჩინა, რომ პირდაპირი სამომხმარებლო გენეტიკური ტესტების 40 პროცენტი დაავადებებისადმი გენეტიკური მიდრეკილებების შესახებ მცდარ შედეგებს იძლეოდა.
იმ შემთხვევაშიც კი, როცა ნიმუშების ანალიზი გამართულად ხდება, სხვადასხვა კომპანიისგან ერთმა ადამიანმა შესაძლოა სხვადასხვა პასუხი მიიღოს, ამის მიზეზი ის განსხვავებული მონაცემთა ბაზებია, რომლებსაც კომპანიები ტესტის შედეგების დასადგენად იყენებენ.
ამ სფეროში მომუშავე კომპანიები თქვენს დნმ-ს სრულად არ შიფრავენ, ისინი თქვენი დნმ-ის მხოლოდ იმ უბნებს ამოწმებენ, რომლებიც კონკრეტული ინტერესის საგანს წარმოადგენს.
მაგალითად, წითურმა ადამიანმა ერთი კომპანიისგან შესაძლოა შეიტყოს, რომ მას წითურობის გენი გააჩნია, მეორემ კი მსგავსი შედეგი ვერ დააფიქსიროს. რეალურად, წითურობა არა ერთი, არამედ მრავალი გენის კომბინაციით განისაზღვრება, შედეგები კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ გენს აიღებს კონკრეტული კომპანია სამიზნედ.
წარმომავლობაზე საუბრისას უნდა ვთქვათ, რომ დნმ-ს ახლო ოჯახური კავშირების გამოვლენა ძალიან მაღალი სიზუსტით შეუძლია. თუმცა, როდესაც საქმე შორეულ წინაპრებს ეხება, აღნიშნული ტესტები მაღალი სიზუსტით არ გამოირჩევა, მათი საშუალებით თქვენი წინაპრების წარმომავლობის დადგენა არარეალურია. აღნიშნული ტესტებით მხოლოდ იმის გარკვევა შეიძლება, თუ დედამიწის რომელ კუთხეში გვხვდება გენეტიკურად თქვენთან მსგავსი ადამიანები. შემდეგ კი ამის საფუძველზე ვვარაუდობთ, რომ ჩვენი ოჯახის წინაპრები სწორედ ამა და ამ რეგიონებიდან იყვნენ. თუმცა იმის თქმა, რომ მე 70-პროცენტიანი ქართველი, ან ხუთპროცენტიანი გერმანელი ვარ, არასერიოზული და ნაკლებად მეცნიერული განაცხადია.
კარგი იქნება, თუ ჰაპლოტიპისა და ჰაპლოჯგუფის მნიშვნელობებსაც განვმარტავთ. ჰაპლოტიპი არის ალელების (გენის ვარიანტების) ერთობლიობა, რომელიც ინდივიდს ერთი მშობლისგან გადმოეცემა, ჰაპლოჯგუფი კი მსგავსი ჰაპლოტიპების მქონე ადამიანების ერთობაა.
არსებობს სპეციალურად შედგენილი რუკები, სადაც ჩანს, თუ მსოფლიოს რომელ ნაწილში რომელი ჰაპლოჯგუფია გავრცელებული.
საქართველოში ყველაზე ხშირად ჰაპლოჯგუფი G, J2, R1a და R1b გვხვდება.
National Geographic Society-ს მიხედვით ჰაპლოჯგუფი G დაახლოებით 30 000 წლის წინ დასავლეთ აზიაში წარმოიშვა.
რეალურად, ყველაფერი იმაზე უფრო ჩახლართულია, ვიდრე გვგონია. ყველა ჩვენგანს ათასობით წინაპარი ჰყავს, ჩვენი წინაპრების ქსელი კი, რაც უფრო უკან მივდივართ დროში, უფრო და უფრო იხლართება, საბოლოოდ კი მივდივართ მომენტამდე, როდესაც ჩვენი წინაპარი სხვა ყველა ადამიანის წინაპარიც ხდება.
დნმ-ის შესაბამისი პროფესიონალუ ანალიზით ადამიანის წარმომავლობის დადგენა ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ კაცობრიობა ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული, ხოლო დნმ-ში კი თქვენს კულტურაზე, ისტორიასა და პიროვნულობაზე ბევრს ვერაფერს ამოიკითხავთ.
კომენტარები