რუსეთის კუნძულზე თეთრი დათვების შემოსევის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
რუსეთის მთავრობამ ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში არსებულ არქიპელაგ ახალ მიწაზე (ნოვაია ზემლია) გარემოს დაცვის სამსახურის სპეციალისტთა ჯგუფი მიაგზავნა, რათა კუნძულზე შეჭრილი თეთრი დათვები დაეძინებინათ და ხალხისგან მოშორებით გადაეყვანათ.
მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კუნძულის მოსახლეობამ დახმარება ითხოვა.
"ამდენი თეთრი დათვი კუნძულზე არასდროს ყოფილა. ისინი პირდაპირ ადამიანებს დასდევენ", - აცხადებს ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი სიგანშა მუსინი.
"ხალხი შეშინებულია, მათ სახლებიდან გამოსვლა არ სურთ. მშობლები ბავშვებს სკოლებში არ უშვებენ", - აცხადებს ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე მინაიევი.
კუნძულზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ვიდეოებში ჩანს როგორ იკვებებიან დათვები ადგილობრივ ნაგავსაყრელზე. რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თქმით, მანქანის სიგნალებითა და ძაღლებით დათვების შეშინების მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.
რუსეთში თეთრი დათვები გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სიაშია შეყვანილი, რის გამოც მათი მოკვლა კანონით იკრძალება. თუმცა, მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, თუ პოლარული დათვების განდევნა ვერ მოხერხდება, შესაძლოა მათი მოკვლა მოსახლეობის დასაცავად აუცილებელი გახდეს.
ეს დათვების შემოტევის პირველი შემთხვევა არ არის, 2016 წელს ხუთი რუსი მეცნიერი აღნიშნულ ტერიტორიასთან ახლოს არსებულ ერთ-ერთი მეტეოროლოგიურ სადგურზე თითქმის ორი კვირის განმავლობაში იყო დაწყვდეული, რადგან ისინი თეთრი დათვების ალყაში იმყოფებოდნენ.
კომენტარები