რუკა, რომელსაც თქვენ იყენებთ, მცდარია — როგორ გამოიყურება დედამიწა რეალურად?
რუკების უმეტესობა, რომლებსაც თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებით, 450 წლის წინ შექმნილ მერკატორის პროექციაზეა დაფუძნებული, რომელიც ქვეყნების ზომას ადეკვატურად ვერ გამოსახავს.
კლიმატოლოგმა ნილ კაიემ ტვიტერზე თავისივე შექმნილი ანიმაცია გააზიარა, რომელშიც მერკატორის პროექცია ქვეყნების რეალურ ფართობან არის შედარებული. ანიმაციაში ვხედავთ, თუ რამდენად ამახინჯებს მერკატორის პროექცია ქვეყნების ზომას, ეფექტის გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევი ეკვატორიდან დაშორებულ ქვეყნებზეა.
მერკატორის პროექციაში რუსეთის, კანადისა და გრენლანდიის ზომა ძალზედ გადაჭარბებულია. მერაკტორის პროექციაში გრენლანდია და აფრიკა დაახლოებით ერთი ზომისაა, სინამდვილეში კი აფრიკა გრენლანდიაზე 14-ჯერ უფრო დიდია.
მერკატორის პროექცია ნიდერლანდელმა კარტოგრაფმა ჯერარდ მერკატორმა 1569 წელს შექმნა. აღნიშნული პროექცია იმ დროს ძალიან გამოსადეგი იყო, რადგან ის საშუალებას იძლევა, რომ მოგზაურობის კურსი სწორი ხაზებით განისაზღვროს, ისე, რომ ქვეყნების ფორმა არ დაიკარგოს, თუმცა, სამგანზომილებიანი ფორმის (დედამიწის) ორგანზომილებიან პროექციაზე (რუკა) გადმოტანისას გარკვეული მსხვერპლის გაღებაა საჭირო, ამ შემთხვევაში ეს ეკვატორიდან დაშორებით მყოფი ქვეყნების ზომაა.
მერკატორის პროექციას ზოგჯერ პოლიტიკურ ხასიათსა და ევროცენტრიზმსაც მიაწერენ ხოლმე. ამ ყველაფრის გამო დაახლოებით ერთი წლის წინ ბოსტონის სკოლებში მერკატორის რუკების გამოყენებაზე უარი თქვეს და ისინი გოლ-პიტერსის პროექციით ჩაანაცვლეს. თუმცა, იდეალური არც გოლ-პიტერსის პროექციაა, ასეთ რუკებზე ქვეყნების ზომა შენარჩუნებულია, თუმცა მათი ფორმა დამახინჯებულია.
2018 წელს კარტოგრაფებმა ახალი პროექცია "Equal Earth" შექმნეს, რომელიც სხვადასხვა პროექციაზე არსებული პრობლემების გადაწყვეტას ცდილობს. კარტოგრაფიაში დებატები იმაზე, თუ რომელი პროექციაა ყველაზე კარგი, ალბათ კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება.
კომენტარები