შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ფრენა შედარებით ახლო წარსულის გამოგონებაა, რაც ნაწილობრივ მართალია, თუმცა ალბათ არ იცით, რომ მისი ისტორია ორი ათას წელიწადზე მეტს ითვლის.

უძველესი დროიდან არსებობს ლეგენდები და ჩანაწერები, მოსასხამებით, ბუმბულებით, ფრინველის ფრთებით, მაგიური ხალიჩებითა და სხვა უცნაური მოწყობილობებით აღჭურვილი ადამიანების შესახებ, რომლებიც ფრენას ცდილობდნენ, თუმცა ძირითადად წარუმატებლად.

ავიაციის პირველ ფორმად ფრანი ითვლება. ფრანი ჩინეთში ქრისტეს შობამდე დაახლოებით მე-5 საუკუნეში გამოიგონეს.

ფოტო: LESLIE JONES/BOSTON PUBLIC LIBRARY

უძველესი წყაროების მიხედვით, ფრანი მანძილებისა და ქარის სიჩქარის გასაზომად, ასევე სასიგნალო და საკომუნიკაციო მიზნით გამოიყენებოდა, სპეციალურად შექმნილ დიდი ზომის ფრანებს კი ადამიანების ჰაერში აწევაც შეეძლო, რისი საშუალებითაც ხშირად მტერს უთვალთვალებდნენ ხოლმე. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ადამიანის ამწევი ფრანები უძველეს ჩინეთში ხშირად გამოიყენებოდა. ერთ-ერთი ყველაზე ძველი დოკუმენტირებული შემთხვევა ჩინელ პრინცთან არის კავშირში, რომელმაც მე-6 საუკუნეში ფრანით დაახლოებით 2.5 კილომეტრი გაიფრინა. არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანის ასაწევად განკუთვნილი ფრანები იაპონიაში ერთ დროს აკრძალულიც კი იყო.

მე-17 საუკუნეში გალილეომ დაადგინა, რომ ჰაერს მასა ჰქონდა, რამაც საჰაერო ბუშტების ფრენის ეპოქას მისცა დასაბამი. 1783 წლის ოთხ ივნისს ძმებმა მონგოლფიეებმა ცხელი ჰაერის ბუშტით ცხვარი, იხვი და ქათამი გაუშვეს. რამდენიმე თვის შემდეგ კი ადამიანების პირველი ფრენაც განხორციელდა.

საჰაერო ბუშტების შემდეგ დირიჟაბლები შეიქმნა, რომლებიც კაცობრიობას ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა, თუმცა ისინი სახიფათო, ნაკლებად სანდო და მოუხერხებელი იყო.

1903 წლის 17 დეკემბერს კი მსოფლიოში პირველად ადამიანის მიერ მართული, ძრავიანი და სტაბილური ჰაერზე მძიმე აპარატით ფრენა ძმებმა რაიტებმა განახორციელეს. დაახლოებით ათი წლის შემდეგ კი სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე დადგა.

1914 წლის პირველ იანვარს ფლორიდაში არსებულ ორ ქალაქს შორის, სენტ-პიტერსბერგსა და ტამპას შორის რეგულარული ფრენები პირველად დაინიშნა, რამაც ორ ქალაქს შორის გადაადგილების დრო დღენახევრიდან ოც წუთამდე შეამცირა.

თვითმფრინავის პირველი მგზავრი სენტ-პიტერსბერგის მერი იყო, რომელმაც ბილეთში $400 გადაიხადა, რაც დღეისათვის დაახლოებით ათი ათას დოლარს უდრის. თვითმფრინავის მაქსიმალური სიჩქარე ასი კილომეტრ საათი იყო.

აღნიშნულ მარშრუტზე ნაჭრის ფრთებითა და 74 ცხენის ძალის მქონე ძრავით აღჭურვილი თვითმფრინავი ოთხი თვის განმავლობაში დაფრინავდა, რომლის დროსაც მან დაახლოებით ათას ორასი ადამიანი გადაიყვანა.

ფოტო: University of South Florida

შეიძლება ითქვას, რომ ძმები რაიტების პირველ კონტროლირებად ფრენასა და დღევანდელი გიგანტური ავიალაინერების შექმნას მხოლოდ და მხოლოდ ერთი ასწლეული აშორებს, რომლის განმავლობაშიც ავიაციამ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა.

ვნახოთ როგორ გამოიყურებოდა ავიაცია გასული საუკუნის თითოეულ ათწლეულში.

1920-იანები

1920-იანი წლები: თვითმფრინავებში ნორმალური ატმოსფერული წნევა შენარჩუნებული არ არის

1920-იანი წლები: თვითმფრინავებში ნორმალური ატმოსფერული წნევა შენარჩუნებული არ არის

ფოტო: Fox Photos / Stringer / Getty Images

1920-იანებში პირველად შეიქმნა თვითმფრინავები, რომელთა მთავარი მიზანიც მგზავრების გადაყვანა იყო. ამ დროს მგზავრების რაოდენობა 20-ს იშვიათად აჭარბებდა, თვითმფრინავის მაქსიმალური ფრენის სიმაღლე ერთი კილომეტრი, ხოლო სიჩქარე კი 160 კილომეტრ საათი იყო.

1930-იანები

ფოტო: Transcontinental & Western Air

1930-იან წლებში თვითმფრინავებში პირველად გაჩნდნენ მდედრობითი სქესის ბორტგამცილებლები.

ამ დროს თვითმფრინავები უკვე აღჭურვილი იყო კომფორტული სავარძლებითა და გათბობით. კაბინა კი გარე ხმებისა და ვიბრაციებისგან დახშული იყო, რაც მგზავრებს ერთმანეთთან საუბრის საშუალებას აძლევდა. ამ დროს თვითმფრინავებს ფრენა უკვე ექვსი კილომეტრის სიმაღლეზე შეეძლოთ.

1935 წლის 17 დეკემბერს განხორციელდა დუგლას DC-3-ის პირველი ფრენაც, რომელმაც საჰაერო ტრანსპორტში რევოლუცია მოახდინა. ექსპერტები თვლიან, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვითმფრინავია, რომელიც ოდესმე შექმნილა. DC-3 მგზავრებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს სთავაზობდა, მას ჰქონდა საძილე კაბინები, გამოსაცვლელი ოთახები, გემრიელი კერძები და სხვა. მის კაბინაში წნევა ხელოვნურად იყო შენარჩუნებული, რაც მას ღრუბლებზე მაღლა ფრენის საშუალებას აძლევდა.

1940-იანები

სამხედროები თვითმფრინავით მგზავრობისას

სამხედროები თვითმფრინავით მგზავრობისას

ფოტო: AP

მეორე მსოფლიო ომს სამოქალაქო ავიაციაზე დიდი გავლენა ჰქონდა, ამ დროს თვითმფრინავები ძირითადად სამხედრო მიზნებისთვის იწარმოებოდა.

ომის დასრულების შემდეგ ამერიკასა და ევროპაში უამრავი სამხედრო ხომალდი დარჩა, რომელთა დიდი ნაწილიც სამგზავრო თვითმფრინავებად გადაკეთდა.

ქალაქებთან ახლოს კი აშენდა აეროპორტები, 1940-იანი წლების ბოლოს კი ნიუ-იორკსა და ლონდონს შორის ტრანსატლანტიკური ფრენები ყოველდღიური მოვლენა გახდა.

1950-იანები

British Airways-ის მგზავრები

British Airways-ის მგზავრები

ფოტო: British Airways

მიუხედავად იმისა, რომ 1950-იანები მოგზაურობის ოქროს ეპოქად არის მიჩნეული, ამ დროს თვითმფრინავით გადაადგილება საკმაოდ ძვირი და ბევრისთვის მიუწვდომელიც იყო. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ევროპამდე ერთი ფრენა დღევანდელი ფასებით $3 000-მდე ღირდა.

თუმცა ფულს ტყუილად ნამდვილად არ იხდიდით, ამ ეპოქაში ფრენა საკმაოდ მომხიბვლელი გამოცდილება იყო, ბორტზე ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი სახის სასმელი, რომელსაც მგზავრები ძვირადღირებული, ორნამენტირებული ჭურჭლიდან მიირთმევდნენ. მენიუში კი ნახავდით ისეთ კერძებს, როგორიც არის სტეიკი, ლობსტერი და სხვა.

თვითმფრინავზე კი შესაბამისი დრესკოდის გარეშე ვერ მოხვდებოდით.

1960-იანები

ფოტო: Fox Photos / Stringer / Getty Images

ფრენა ნელ-ნელა ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. ადამიანები მგზავრობისას საღამოს კაბებსა და ყველაზე ძვირფას ტანსაცმელს აღარ იცვამდნენ.

მგზავრობისთვის ავიაკომპანიები არანაირ დოკუმენტს არ ითხოვდნენ, რაც ნიშნავს, რომ თუ აეროპორტში ფრენამდე ათი წუთით ადრე გამოცხადდებოდით, თვითმფრინავზე მოხვედრას უპრობლემოდ შეძლებდით. 1973 წლამდე თითქმის არ არსებობდა უსაფრთხოების ნორმები.

1970-იანები

ფოტო: American Airlines

ამ დროს შეიქმნა ბოინგ-747, რომელმაც ფრენა ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახადა. მისი საშუალებით ავიაკომპანიებს ბევრად უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა შეეძლოთ, რამაც ბილეთის ფასები შეამცირა.

თუმცა 1970-იანი წლებში ფრენა ბევრად უფრო სახიფათო იყო. 1972 წელს განსაკუთრებით ბევრი ავიაკატასტროფა მოხდა. ამ წელს რეკორდული რაოდენობის, 2370 ადამიანი დაიღუპა.

1980-იანები

1986 წლამდე თვითმფრინავში მოწევა დაშვებული იყო

1986 წლამდე თვითმფრინავში მოწევა დაშვებული იყო

ფოტო: Alamy

1980-იანებში ფრენა საკმაოდ საინტერესო იყო. კვება ბილეთის ფასში შედიოდა, ბორტზე კი მოწევა შეიძლებოდა. ასევე შეუზღუდავი იყო ჩასაბარებელი ბარგის რაოდენობა. მგზავრებს პილოტების კაბინაში შესვლა შეეძლოთ.

გაფრენამდე აეროპორტში ოცი წუთით მისვლა კი ფაქტობრივად არარსებული უსაფრთხოების რეგულაციების გამო სავსებით საკმარისი იყო.

1990-იანები

ფოტო: Aaron Escobar / Flickr

1990-იანებში ალკოჰოლი ბორტზე მყოფი ნებისმიერი მგზავრისთვის უფასო იყო, ისევე, როგორც საჭმელი. სავარძლებში კი სპეციალური ტელეფონები იყო ჩამონტაჟებული, რომლის საშუალებითაც მგზავრებს სატელეფონ ზარების განხორციელება შეეძლოთ. აღნიშნული სერვისი საკმაოდ ძვირადღირებული იყო, თითო დარეკვა ოთხი დოლარი, ყოველი დამატებითი წუთი კი დაახლოებით ხუთი დოლარი ღირდა. 11 სექტემბრის ტერაქტის დროს თვითმფრინავიდან ზარების უმეტესობა სწორედ ამ სისტემის საშუალებით განხორციელდა.

2000-იანები

ფოტო: CGTN

11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ თვითმფრინავით მგზავრობა რადიკალურად შეიცვალა. ტერაქტებამდე ბორტზე ასვლა ნებისმიერი რაოდენობის სითხით შეგეძლოთ. თვითმფრინავში უპრობლემოდ აიტანდით პატარა დანას და სხვა აკრძალულ ნივთებსაც.

ტერაქტის შემდეგ ამოქმედდა უსაფრთხოების განახლებული და გამკაცრებული ნორმები. აეროპორტებში დაწესდა სავალდებულო შემოწმება. მგზავრებს აეკრძალათ პილოტის კაბინაში შესვლა.

დღეს

დღეს თვითმფრინავში პრაქტიკულად ყველა იმ ფუფუნებით შეგვიძლია სარგებლობა, რითაც მიწაზე, იქნება ეს სმარტფონები, დამტენები, ლეპტოპები, ინტერნეტი, საჭმელი თუ სხვა.

მართალია, უფასო ალკოჰოლი და საჭმელი ხელმისაწვდომი აღარ არის, მაგრამ სამაგიეროდ დღეს თვითმფრინავით მგზავრობა იმაზე ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და უსაფრთხოა, ვიდრე ეს ოდესმე იყო. თვითმფრინავი ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია.

2050

ფოტო: Ixion

სავარაუდოა, რომ 2050 წლისთვის ფრენების რაოდენობა დღევანდელთან შედარებით დაახლოებით შვიდჯერ გაიზრდება. ამას კი გარემოზე საკმაოდ ცუდი გავლენა ექნება, ამიტომ ექსპერტები თვლიან, რომ მომავლის თვითმფრინავებმა შესაძლოა მზისგან გამომუშავებული ელექტროენერგიით ან წყალბადზე მომუშავე ძრავებით იფრინონ.

ილონ მასკი აცხადებს, რომ ელემენტების ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ელექტრო თვითმფრინავები რამდენიმე ათწლეულში შეიძლება რეალობა გახდეს.

მომავლის თვითმფრინავებს შესაძლოა კუდი აღარ ჰქონდეთ, ისინი მანვერირებას მოქნილი ძრავის მეშვეობით მოახდენენ, რომელსაც სასურველი მიმართულებით მიტრიალება და თვითმფრინავისთვის მიმართულების მიცემა შეეძლება.

დიზაინერები ფიქრობენ, რომ მომავლის თვითმფრინავები დიდწილად გამჭვირვალე იქნება, ამისთვის სავარაუდოდ თვითმფრინავში ფანჯრები გაუქმდება - ხომალდზე გარედან სპეციალური კამერები იქნება დამონტაჟებული, კადრების პროექცია კი თვითმფრინავის კაბინის კედლებზე მოხდება. როგორც ამ რენდერზე ჩანს, სავარაუდოდ, 2050 წელს თვითმფრინავებში ფეხების თავისუფლად გაშლასაც მოვახერხებთ.

ჯერჯერობით გამჭვირვალე, მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავები არ გვაქვს, თუმცა დღეს ქვეყნები ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული.

მაგალითად, Wizz Air-ით ქუთაისიდან სულ რამდენიმე საათში ევროპის 13 ქვეყანაში შეგიძლიათ მოხვედრა ისე, რომ შვებულების აღებაც კი არ დაგჭირდებათ. ახლახან Wizz Air-ის ვებგვერდს მგზავრობის დაგეგმვის ფუნქციაც დაემატა, რომლის საშუალებითაც მხოლოდ უქმეებზე არსებულ ფრენებს მოძებნით. ანუ უკვე შეგიძლიათ, პარასკევს სამსახურის შემდეგ ზურგჩანთა მოიკიდოთ და შაბათ-კვირა ევროპის რომელიმე ქალაქში გაატაროთ, ორშაბათს კი სამსახურში დაბრუნდეთ და თანამშრომლებს თქვენს ვიქენდზე მოუყვეთ. Wizzair.com-ზე უკვე 2019 წლის ფრენების განრიგიც არის ხელმისაწვდომი, ასე რომ მოგზაურობის დაგეგმვა მომავალი წლისთვისაც შეგიძლიათ.

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ფრენა ასეთი ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა და თანაც, ახლა აღარც დრესკოდის დაცვა გჭირდებათ.