კვლევა: როგორ აღიქვამენ ფრინველები დედამიწის მაგნიტურ ველს?
მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ ახსნან თუ როგორ ახერხებენ ფრინველები შორ მანძილებზე ნავიგაციას. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩიტებს თვალის ბადურაზე სპეციალური ცილა აქვთ, რომელიც მათ დედამიწის მაგნიტური ველის "დანახვაში" ეხმარება.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ჩიტების ორი სხვადასხვა სახეობა შეისწავლეს და მათ თვალებში სპეციალური ცილა Cry4 აღმოაჩინეს. ცილა კრიპტოქრომების კლასს მიეკუთვნება, რომელშიც ლურჯი სინათლის მიმართ მგრძნობიარე რეცეპტორები შედის. კრიპტოქრომის კლასის ცილები როლს ცირკადული რიტმების რეგულირებაშიც თამაშობს.
ბოლო წლებში გაჩნდა კვლევები, რომლებიც მიუთითებს, რომ ფრინველებს მაგნიტური ველების აღქმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ მათ გარშემო გარკვეული სიხშირის სინათლის ტალღებია - ფრინველებში მაგნიტური ველების დანახვის უნარი ლურჯი სინათლის აღქმასთანაა დაკავშირებული.
ეს ნიშნავს იმას, რომ მაგნიტური ველის აღქმის პროცესი ვიზუალურია და როგორც აღმოჩნდა, მასში გარკვეული კვანტური პროცესები თამაშობს როლს.
შვედეთისა და გერმანიის უნივერსიტეტების ბიოლოგებმა გადაწყვიტეს, რომ მაგნიტური ველების აღქმის უნარი ორ სხვადასხვა სახეობაში შეესწავლათ. შვედეთში ბიოლოგებმა სკვინჩების კვლევა დაიწყეს, ხოლო გერმანიაში კი გულწითელების.
სკვინჩების შესწავლისას მეცნიერებმა მათში სამი სხვადასხვა კრიპტოქრომის, Cry1, Cry2 და Cry4-ის ექსპრესია შეისწავლეს. მათ წინასწარ ივარაუდეს, რომ ცილების Cry1-ისა და Cry2-ის ექსპრესია, რომლებიც უფრო მეტად ცირკადული რიტმის რეგულირებაში თამაშობს როლს, დღის განმავლობაში შეიცვლებოდა, ხოლო Cry4-ის, რომლის ფუნქციაც მაგნიტური ველების აღქმაა, მთელი დღის განმავლობაში სტაბილური იქნებოდა.
როგორც სავარაუდო იყო, მეცნიერების ორივე ჯგუფმა ზუსტად მსგავსი შედეგები დააფიქსირა. უფრო მეტიც, მათ ნახეს, რომ მიგრაციის დროს ფრინველებში Cry4-ის ექპსრესია უფრო იმატებდა. ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ Cry4 მართლაც ის ცილაა, რომელიც მაგნიტური ველების აღქმაზეა პასუხისმგებელი. თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ ამის დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.
ზუსტად როგორ "ხედავენ" ფრინველები მაგნიტურ ველს, რა თქმა უნდა არავინ იცის, თუმცა ილინოისის უნივერსიტეტის ბიოფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერებმა კვლევებში მიღებული ინფორმაცია გამოიყენეს, რომ ევარაუდათ თუ როგორ შეიძლება ხედავდნენ ფრინველები მაგნიტურ ველს. მათ შექმნილ სიმულაციას კი ზემოთ არსებულ სურათში ხედავთ.
კომენტარები