მშვენიერი, შეშლილი ღამის ტური - რეპორტაჟი ელტონ ჯონის ორდღიანი პერფორმანსიდან
ექვსგზის გრემის მფლობელმა, 70 წლის ბრიტანელმა შემსრულებელმა, ელტონ ჯონმა მუსიკალური კარიერის დასასრულს ბოლო მსოფლიო ტურნე ჩაატარა. საქართველოს კი წილად ხვდა პატივი Wonderful Crazy Night Tour-ის ფარგლებში მოხვედრილიყო. სექტემბერში დაგეგმილი კონცერტი შემსრულებლის ჯანმრთელობის გამო გადაიდო. ათთვიანი ლოდინის შემდეგ კი ელტონ ჯონი საქართველოს ეწვია.
დადგა დღე, როცა სერ ელტონ ჯონის მსმენელი ამჯერად მატარებლის ბილეთების რიგში ჩადგა. როგორც ყოველთვის, ბილეთები ამჯერადაც დატაცებაზე აღმოჩნდა. მიუხედავად კონცერტისთვის დამატებული სპეცრეისისა, მსმენელთა ნაწილს ალტერნატიული ტრანსპორტით სარგებლობა მოუწია. თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე საცობები შეიქმნა, თუმცა საცობებმა და გაუსაძლისმა სიცხემაც კი არენას სტუმრებს ხასიათი ვერ გაუფუჭა - წინ დიდი საღამო იყო.
ბლექ სი არენას ტერიტორიაზე პირველი მსმენელი სამი საათისთვის, კონცერტამდე 4 სააათით ადრე გამოჩნდა. 27 წლის ბლეიქ სმიტს, რომელიც საფრანგეთიდან ეწვია საქართველოს, ლოდინის არ შეშინებია, მაგრამ ის კი აწუხებდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ვერ იპოვა მაღაზია ან წყლის აპარატი. ცივი სასმელების შეძენა მხოლოდ არენას შიდა ტერიტორიაზე შეიძლებოდა, თუმცა გეითი იმ დროისთვის დახურული იყო.
სტუმარს მუსიკოსთა პარკში გადასვლა ვურჩიეთ, სადაც ჩრდილთან ერთად ქართველი და უცხოელი შემსრულებლების კომპოზიციები დახვდებოდა. ქართველ შემსრულებლებთან დიდი ხნით შეყოვნდა, აღნიშნა, რომ წარმოუდგენლად უცნაური და რთულადშესასრულებელი კომპოზიციები გვაქვს, საბოლოოდ კი მაიკლ ჯექსონის ძეგლს მიადგა.
"სამწუხაროდ, მაიკლ ჯექსონის მოსმენა ვერ მოვასწარი, სანამ ცოცხალი იყო. ამიტომაც ჩამოვედი აქ, რომ ელტონის ბოლო კონცერტი მაინც არ გამომრჩენოდა", - აღნიშნა ბლეიქმა ჯექსონის ძეგლთან. სტუმარმა სურათების გადაღებაზე უარი გვითხრა მიზეზით - "კამერის მეორე მხარეს მირჩევნია ყოფნა".
5 საათისთვის არენას ტერიტორიაზე ხალხის რაოდენობამ იმატა და კარებიც გაიხსნა. ამჯერად არენას მიმდებარედ გადამყიდველები არ შეგვინიშნავს, თუმცა იყვნენ ისეთები, ვინც სახლში დარჩენილი მეგობრების ბილეთებს აჩუქებდნენ.
სასმელი, ფოტოსესიებისთვის განკუთვნილი სივრცე და ფეხბურთი დიდ ეკრანზე - კონცერტის დაწყებამდე შეკრებილ მსმენელს სხვადასხვა გასართობი დახვდა.
განსაკუთრებული ყურადღება კი ვარსკვლავების ხეივანში მობინადრე "ელტონ ჯონმა" მიიქცია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში დაუღალავად ხვდებოდა ფანებს და ათასობით ფოტოობიექტივს უღიმოდა.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
არენას ეზოში ფუსფუსი მაშინ ატყდა, როცა მსოფლიო ჩემპიონატის საფრანგეთი-არგენტინას მატჩი დაიწყო. აქა-იქ გაჩენილი ჩრდილის ძებნაში ფეხბურთის ფანებმა ნახევარი ეზო დალაშქრეს. საბოლოოდ, ნაწილმა კიბეების ჩრდილს შეაფარა თავი, ნაწილი კი გმირულად, მზის გულზე დარჩა.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
სხვების "გმირობამ" დანარჩენებს მაგალითი მისცა და მალე ეკრანის წინ ხალხის რაოდენობამ იმატა. თამაშს ყველა უყურებდა, ბარმენები, არენას ადმინისტრაციის თანამშრომლები, უცხოელი ტურისტები და პოლიციის თანამშრომლებიც.
აქვე იყვნენ ფრანგი გულშემატკივრებიც, რომლებიც უმცირესობაში აღმოჩნდნენ და არგენტინის ფანების ხმის გადაფარვა გაუჭირდათ, თუმცა მეოთხე გოლზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის ჩვენება ხარვეზებით მიდიოდა, ეკრანის წინა ტერიტორია მაინც არ დაცარიელებულა.
ასე შეუმჩნევლად გავიდა თითქმის ორი საათი და არენას სცენაზე Kennedy Administration წარსდგა. ენერგიულმა, ექსცენტრულმა და მხიარულმა შემსრულებელმა თითქმის ცარიელ დარბაზში იმღერა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ ნამდვილი ჯაზის საღამო მოეწყო.
საბოლოოდ იქ შეკრებილ მსმენელს ინსტაგრამის გვერდი გამოაწერინა, მათთან უამრავი სელფი გადაიღო და სცენა დატოვა.
მსმენელი, რომელიც Kennedy Administration-ის მოსმენის ნაცვლად გარეთ ყოფნას ამჯობინებდა, საუნდჩექის დაწყებამდე აღმოჩნდა დარბაზში. ელტონ ჯონს არენა ხალხით და სცენისკენ მიმართული ტელეფონებით გადაჭედილი დახვდა.
და აი ისიც! 70 წლის ბრიტანელი შემსრულებლები მთელი თავისი დიდებულებით წარსდგა სცენაზე. დიდებულებაში მისი პიჯაკის ბრწყინვალებაც იგულისხმება, რომელმაც ნახევარ დარბაზს თვალი მოჭრა.
დარბაზში ოვაციები არ წყდებოდა.
სერ ელტონს ნამდვილად შეუძლია იამაყოს ერთგული მსმენელით. მისი სცენაზე გამოჩენაც კი საკმარისი აღმოჩნდა - მსმენელის სახეზე აღფრთოვანება და მოლოდინი ერთდროულად აღიბეჭდა.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
ელტონი მასზე არანაკლებ ცნობილ როიალს მიუჯდა და კონცერტიც დაიწყო. სტანდარტულად დაზეპირებული "გამარჯობას" და "მიყვარხარ საქართველოს" გარეშე, ელტონმა მსმენელთან მუსიკით ისაუბრა.
ყოველი სიმღერის დასასრულს არტისტი ყურადღებას წყვეტდა როიალს და მაყურებელს მიმართავდა, ოვაციებით დატკბებოდა და ისევ უბრუნდებოდა როიალს, თითქოს ენერგიით იმუხტებოდა ახალი კომპოზიციის შესასრულებლად.
მომღერლის საკონცერტო რეპერტუარი ძირითადად ენერგიული სიმღერებით იყო დაკომპლექტებული. შესაბამისად, გოლდენ რინგის მაყურებლის უმეტესობა ცეკვავდა. აღსანიშნი ფაქტია ისიც, რომ მათი უმეტესობა პარალელურად ვიდეოს იღებდა, უფრო ზუსტად კი, გულმოდგინედ ცდილობდა გადაეფარა სხვისი ტელეფონი და როგორმე მომღერალი გამოეჩინა.
იცეკვა თავად ელტონმაც.
ელტონს არც მაყურებელი ჩამორჩა და მასთან ერთად იმღერა. მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებელმა ძირითადად ახალი კომპოზიციები შეასრულა, რაღა თქმა უნდა, არც ყველასთვის საყვარელი Sorry Seems To Be The Hardest Word გამორჩენია.
ელტონი სცენაზე თითქმის სამი საათი იდგა, თუმცა მსმენელისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მუსიკოსი სცენიდან გასვლის შემდეგაც მოაბრუნეს. ერთ-ერთ იღბლიანს მისი ხელმოწერაც ერგო.
კონცერტიდან უკმაყოფილო არავინ გამოსულა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა მაშინ, როცა საქართველოს რკინიგზის მიერ დანიშნული სპეცრეისის მგზავრებმა მატარებლის გაჩერების ძებნა დაიწყეს. ბაქანი, რომელზეც ბათუმიდან მომავალი შტადლერის ავტობუსი უნდა გაჩერებულიყო, დარბაზიდან დაახლოებით 2 კილომეტრში აღმოჩნდა. უცხოელი სტუმრების ნაწილი ტყუილად იმედოვნებდა, იმ მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებდა. საბოლოოდ, მათაც სხვებთან ერთად ჩაიარეს ფეხით განათებული, მაგრამ ტყით და ჭაობით შემოსაზღვრული გზა და მატარებელში აღმოჩნდნენ. მგზავრობისას ყველა ისევ კონცერტზე საუბრობდა და ამ განხილვაში გამცილებლებიც ერთვებოდნენ. ფეისბუქი კი ხტუნვისას გადაღებული, გაბლარული ვიდეოებით აივსო. გასაკვირი არაფერია, ასეთი სანახაობის მონაწილე ყოველდღე ხომ არ ვხდებით.
ელტონ ჯონი საქართველოს ორი დღე სტუმრობდა და ორი კონცერტი ჩაატარა. მომღერალმა ქვეყანა ისე დატოვა, რომ მედიასთან არ უსაუბრია, ამიტომ უცნობია, გასინჯა თუ არა ნიგვზიანი ბადრიჯანი ან აჭარული ხაჭაპური. გაგიკვირდებათ და ამით არენას ბევრი სტუმარი იყო დაინტერესებული.
კომენტარები