გართობისა და მუსიკის სამი დღე ფოტოებში - Tbilisi Open Air 2018 დასრულდა
"დიდი მადლობა თბილისო! ეს ყველაფერი გასაოცარი იყო", - ამ სიტყვებით დაასრულა Tbilisi Open Air 2018-ის სამდღიანი ფესტივალი მთავარმა ჰედლაინერმა ტომ ოდელმა. ინგლისელმა მუსიკოსმა Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე ათასობით ადამიანს მოუყარა თავი და დაუვიწყარი წარმოდგენა შესთავაზა. ყველა, ვინც იმ წუთებში კონცერტზე იყო, ემოციებითა და ენერგიით დამუხტული დაემშვიდობა მომღერალსა და ფესტივალს.
წელს Tbilisi Open Air 22 ივნისს დაიწყო. 2018 წელს მოწვეული მუსიკოსების სიას თავდაპირველად ბევრი მითმა-მოთქმა მოჰყვა. ადამიანები სოციალურ ქსელში საუბრობდნენ, რომ უფრო ეფექტურ Line Up-ს ელოდნენ, თუმცა ფესტივალზე მოსული ადამიანების რაოდენობამ დაამტკიცა, რომ მუსიკოსთა სიამ მსნენელების მოწონება მაინც დაიმსახურა.
ფესტივალის ტერიტორიაზე წელს ვიზიტორებს ბევრად მეტი სტენდი თუ გასართობი დახვდათ, ვიდრე შარშან. მაგალითისთვის ღირს აღვნიშნოთ, რომ მსმენელებს შეეძლოთ ეთამაშათ მინი ფეხბურთის ტურნირი, ემღერათ კარაოკე (ამას თავისი მინუსებიც ჰქონდა), ეთამაშათ რეტრო ვიდეოთამაშები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის Open Air-ის პირველი დღის ჰედლანერი ქართული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი Kayakata იყო, რომლის მოსასმენადაც უამრავი ადამიანი შეიკრიბა. Sevdaliza-ს მიერ დანთებული ცეცხლის შემდეგ, Kayakata-მ სცენაზე ექსპერიმენტიც ჩაატარა და სიმფონიური ორკესტრის თანხლებით თავისი ცნობილი ჰიტი სულ სხვა სტილში შეასრულა. მთლიანობაში, ქართულმა ჯგუფმა მსმენელებისთვის კარგად ნაცნობი სიმღერებიც იმღერეს და რამდენიმე ახალი ტრეკიც შეასრულეს.
ფესტივალის მეორე დღის წარმატებით ჩატარებას საფრთხე თავსხმა წვიმამ შეუქმნა. Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე თითქმის ერთი საათის განმავლობაში გადაუღებლად და ძლიერად წვიმდა. მიუხედავად ამისა, ფესტივალის ორგანიზატორები მსგავსი სცენარისთვის მზად აღმოჩნდნენ და ვიზიტორებს საწვიმარები დაურიგეს. ფერად-ფერადი საწვიმარებით მოფენილი მინდორი ყველასთვის საინტერესო სანახავი იყო, ვისაც წვიმამ ხასიათი არ გაუფუჭა.
წვიმამ რომ გადაიღო, მთავარ სცენაზე ქართველი არტისტი Kill Ages გამოჩნდა, რომელმაც ბევრისთვის გასაკვირად, არაჩვეულებრივი შოუ წარმოადგინა.
Kill Ages შემდეგ სცენაზე ქართველებისთვის კარგად ნაცნობი Moku Moku გამოვიდა, რომელსაც აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ჯგუფმა, ტრადიციულად, თავისი ყველაზე ცნობილი ჰიტები შეასრულა და მსმენელებს ახალი სიმღერებიც შესთავაზა.
MokuMoku ივლისში მადრიდში, Mad Cool ფესტივალზეც იმღერებს. Mad Cool ფესტივალი მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური დღესასწაულია, რომელსაც ადამიანები მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან სტუმრობენ. 2018 წელს ფესტივალი 12, 13 და 14 ივლისს გაიმართება.
დღის მთავარი გმირები რეიჩელ იამაგატა და როიზინ მერფი იყვნენ. რეიჩელ იამაგატა სცენაზე ორიგინალური კაბითა და გვირგვინით გამოჩნდა. მსმენელებს დიდი მოლოდინი ჰქონდათ ამერიკელი არტისტისგან, თუმცა ეს მოლოდინი ნაწილობრივ გაუცრუვდათ. მიუხედავად იმისა, რომ იამაგატამ ემინემის სიმღერის ქავერი შესთავაზა მსმენელებს და დიდი მოწონებაც დაიმსახურა, რეივერებს წყენა მაინც ეტყობოდათ. გულისწყრომის მიზეზი კი ის იყო, რომ ამერიკელმა მომღერალმა თავისი ყველაზე ცნობილი ჰიტი Over and Over არ შეასრულა.
როიზინ მერფის გასაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფის Moloko-შ ყოფილი წევრი გამორჩეულად საინტერესო გარეგნობითა და ენერგიით გამოჩნდა სცენაზე. მან მოახერხა და მთავარ სცენასთან შეკრებილი აუდიტორია ცეკვის შეუჩერებელ ტრანსში ჩააგდო. როიზინ მერფიმ მთელი თავისი მუსიკალური კარიერის მთავარი შედევრები დაუშურებლად გასცა. შესაბამისად, მსმენელებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა.
ფესტივალის მესამე დღე Open Air-ის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. Lisi Wonderland-ის მთავარი სცენა Salio-მ, Konoba-მ და ტომ ოდელმა დაიპყრეს. მოლოდინი რომ ძალიან დიდი იყო, ამას ლისზე მისული ადამიანების რაოდენობაც მოწმობს. საღამოს ფესტივალის ტერიტორიაზე მოძრაობაც კი გართულდა. მთავარ სცენასთან ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. ქართველმა მუსიკოსმა Salio-მ ენერგიული მუსიკით ყველას დამუხტვა შეძლო და თავისი გამოსვლა ყველაზე ცნობილი ჰიტით, "ვარსკვლავებით" დააგვირგვინა.
ძალიან ეფექტური გამოსვლა ჰქონდა Konoba-ს, რომელიც საქართველოში მეორედ იმყოფებოდა. მათ გამოსვლას კიდევ უფრო ეფექტურს ის ისტორია ხდიდა, რომელიც ჯგუფის წევრებმა მსმენელებს უამბეს. მათი თქმით, ისინი ახალ ალბომზე მუშაობენ, რომელსაც სიმბოლურად "ათი" ერქმევა. ათი იმიტომ, რომ ჯგუფი ერთი წლის განმავლობაში ათ ქვეყანაში აპირებს მოგზაურობას და თითოეულ ქვეყანაში ერთ თვეს გაატარებს. მუსიკოსების მიზანია, შეისწავლონ ათივე ქვეყნის კულტურა, ისტორია, სოციალური ცხოვრების ასპექტები და ამ ყველა ქვეყანაში თითო სიმღერა ჩაწერონ. Konoba უკვე იყო გერმანიასა და საფრანგეთში, სადაც ორი ახალი სიმღერა ჩაწერა. ამჟამად ჯგუფი პოლონეთშია დაბინავებული, თუმცა საქართველოს გამო გამონაკლისი დაუშვეს და ქართველ მსმენელებთან შესახვედრად თბილისში ჩამოვიდნენ.
Konoba-მ საიდუმლო გაამხილა და ქართველ მსმენელს უთხრა, რომ ოქტომბერში მათი სამიზნე ქვეყანა საქართველო იქნება და აქ ერთ თვეს გაატარებენ, შესაბამისად ერთ ახალ სიმღერასაც ჩაწერენ. ამ ინფორმაციას ქართველი მსმენელი ოვაციებით შეხვდა.
კონცერტის შემდეგ Konoba-მ ქართველ მსმენელს მადლობა ფეისბუქზეც გადაუხადა.
Tbilisi Open Air 2018-ის მთავარი ჰედლაინერი რომ ტომ ოდელი იყო, ამაზე არავინ დაობს. ინგლისელი არტისტი ქართველი მსმენელის წინაშე 24 ივნისს წარსდგა. სანამ ინგლისელი მუსიკოსი სცენაზე გამოვიდოდა, ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ტომ ოდელის ჩაწერის საშუალება მოგვცა. ყველანი დავირაზმეთ, მოვემზადეთ კომენტარის ჩასაწერად და რატომღაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჩათვალა, რომ ის იყო მთავარი და შედეგად ტომ ოდელის ყური გადავიღეთ. ზუსტად მაშინ, როცა ჟურნალისტები სელფის გადაღებას აპირებდნენ ტომთან, მომღერალი მოულოდნელად კადრიდან გაიპარა.
ის, რომ ოდელის ყველაზე ცნობილ ჰიტს, Another Love-ს ყველა ოვაციით შეხვდა, გასაკვირი არაა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსს სხვა სიმღერებიც ჰქონია და თან - არცთუ ურიგო.
თუ ფესტივალის ამ დღეს გამოაკლდით, შეგიძლიათ Another Love-ს თიბისის ფეიჯზე გამოქვეყნებული ვიდეოს მეშვეობით მოუსმინოთ.
Lisi Wonderland-ზე მხიარულება დილამდე გრძელდებოდა. გათენებისას კი, რეივერებმა სამდღიანი ფესტივალის ტერიტორიის დატოვება დაიწყეს. მომავალ წელს Tbilisi Open Air-ს 10 წლის იუბილე ექნება და მსმენელებს დიდი მოლოდინი აქვთ, რომ მოწვეული მუსიკოსებიც იუბილეს შესაბამისნი იქნებიან.
ამავე თემაზე:
კომენტარები