ჩვენი თავისუფლებისთვის - რა ხდებოდა 12 მაისს აქციაზე პარლამენტის წინ
12 მაისის ღამით განვითარებული მოვლენების შემდეგ შუადღით პარალემენტის წინ აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" გაიმართა. იქ შეკრებილი ადამიანები არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდნენ. აქციის ორგანიზატორები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ.
პარლამენტის შენობასთან ხალხი ნელ-ნელა იკრიბებოდა. ოთხი საათისთვის კი რუსთაველის გამზირზე იმდენი ადამიანი შეიკრიბა, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია მათ უკვე აღარ ჰყოფნიდათ.
აქციის ორგანიზატორებმა არაერთხელ გააჟღერეს, რომ 12 მაისის შეკრება იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის და პროტესტი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ გუშინდელი აქციის განმავლობაში არავინ დაუკავებიათ.
ორგანიზატორებმა აქციაზე რამდენჯერმე გააჟღერეს თავიანთი მოთხოვნები. ისინი პრემიერ-მინისტრისგან პასუხს ითხოვდნენ და საღამოს ათ საათამდე მისცეს ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში კარვების გაშლას დაიწყებდნენ.
ორგანიზატორებმა არაერთხელ მოითხოვეს, რომ გზის სავალი ნაწილი დაეთმოთ მათთვის. თავიდან პოლიცია გზის გადაკეტვის წინააღმდეგი იყო, საბოლოოდ რუსთაველის გამზირი სრულად იქნა გადაკეტილი.
აქციის განმავლობაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის შენობასთან წყლის ჭავლით სავსე მანქანები მიდიოდნენ. ასევე, ამბობდნენ, რომ კანცელარიის შენობის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული.
On.ge-მ სპეცდანიშნულების რაზმი ქაშუეთის ეკლესიის უკანა ეზოში დააფიქსირა.
საკმაოდ ემოციური იყო უფროსი თაობის წარმომადგენლის, ჭიათურიდან ჩამოსული მარიამ ბებოს გამოსვლა, რომელიც აქციაზე მყოფებს მხარს უჭერდა.
"ტელევიზორის ვუყურებდი, გულმა არ მომითმინა, ხელი მოვკიდე ჩემს ორ შვილიშვილს და აქ მოვედი მათთან ერთად... თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება"
გამოსვლებისა და რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შემდეგ აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" გადაიზარდა აქციაში "ვიცეკვოთ ჩვენი თავისუფლებისთვის".
პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს მუსიკოსები და DJ-ები შეუერთდნენ და შეკრებილებს ელექტრონული მუსიკის კონცერტი მოუწყვეს.
რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ელექტრონული მუსიკის ფონზე უფროსი თაობის წარმომადგენლებიც ცეკვავდნენ.
ხელისუფლების, თითქმის, 20-საათიანი დუმილი თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაარღვია. მერის მიაჩნია, რომ 12 მაის ღამით განვითარებული მოვლენები კლუბებსა და ღამის ეკონომიკას დარტყმას არ აყენებს. მისივე თქმით, ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.
მერმა, ასევე, აღნიშნა, რომ პოლიციის ქმედება კლუბებში შეიძლება პოლემიკის საგანი გახდეს.
პრემიერ-მინისტრისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადის გასვლის შემდეგ აქციის ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს თავიანთი მოთხოვნები და პარლამენტის შენობასთან ტექნო-მუსიკის ფონზე კარვების გაშლა დაიწყეს.
აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. დილით, დაახლოებით, ცხრა საათისთვის პოლიციამ აქციის მონაწილეების კარვები დაშალა.
ერთ-ერთი ორგანიზატორის ბექა წიქარიშვილის თქმით, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ისინი დროებით იშლებიან და აქციის გაგრძელებლას მოგვიანებით აპირებენ. სამოქმედო გეგმას კი სოციალური ქსელით გაავრცელებენ.
კომენტარები