სომხეთის მომავალი და გამოწვევები - ინტერვიუ გიორგი კანაშვილთან
ე.წ. ხავერდოვანი რევოლუცია სომხეთში ყოფილი პრეზიდენტისთვისა და პრემიერ-მინისტრისთვის, სერჟ სარგსიანისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. მისი გადადგომით ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. რაზე იქნება დამოკიდებული სომხეთის საგარეო კურსი და ეკონომიკური კეთილდღეობა? რა გავლენა ექნება სომხეთის რევოლუციას რეგიონზე? სომხეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით On.ge კავკასიური სახლის აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კანაშვილს ესაუბრა.
რამ განაპირობა სომხეთში ე.წ. ხავერდოვანი რევოლუცია, რა იყო ამ ყველაფრის წინაპირობა და რატომ დაუპირისპირდა მოსახლეობა ყოფილ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, სერჟ სარგსიანს?
პოსტ საბჭოთა სივრცეში, სომხეთი რჩება ერთ-ერთ გაჭირვებულ ქვეყნად. სოციალური სიდუხჭირე არის ყოვლისმომცველი. გაჭირვება შეიძლება იყოს, მაგრამ მოსახლეობაში არ იყო განცდა, რომ ეს გაჭირვება იყო ობიექტური მიზეზებით გამოწვეული, არამედ ხალხს ჰქონდა საკმაოდ სამართლიანი განცდა, რომ ეს გაჭირვება გამოწვეულია უსამართლობით და იმითაც, რომ სხვადასხვა რესურსზე წვდომა ჰქონდა ადამიანთა მცირე შეზღუდულ წრეს. ეს ადამიანები ძირითადად იყვნენ და არიან, ჯერჯერობით, ისინი, ვინც პოლიტიკურ ელიტაშია, ანუ რესპუბლიკური პარტიის წევრები.
სომხეთში ჩამოყალიბდა სისტემა, როდესაც პოლიტიკური პარტია, ხელისუფლება ბიზნესი და ბიუროკრატია მთლიანად არიან ერთმანეთში შერწყმული და ამ სიკეთეებით სარგებლობენ მთლიანად ელიტარულ, დახურული სივრცეში მყოფი ადამიანი. შესაბამისად სომხეთში ბევრჯერ ყოფილა სხვადასხვა მასშტაბის აქცია.
მაგრამ ასეთი მასშტაბური არასდროს...
ამ მასშტაბამდე არ მისულა, მაგრამ არც ნაკლები იყო. მაგალითად, 2007-2008 წლებში პირველი მარტის მოვლენები. ამის შემდეგაც იყო, თუნდაც ელექტროტარიფებთან დაკავშირებით, მაგრამ ამან სხვა მასშტაბებს მიაღწია.
რატო გადადგა სერჟ სარგსიანი? ბევრი საუბრობს იმაზე, რომ კრემლმაც ითამაშა თავისი როლი, რომ სარგსიანს მიუთითეს გადადგომისკენ.
ამ შემთხვევაში, ეს საპროტესტო აქციები იმით იყო განსხვავებული, თუნდაც უკრაინის აქციებისგან, რომ გეოპოლიტიკური და საგარეო პოლიტიკის ასპექტები ნაკლებად დომინირებდა. რუსეთი სომხეთის მოვლენებში არ ჩარეულა პირდაპირ. უფრო პირიქით, სერჟი, შეიძლება, იმიტომ გადადგა, რომ კრემლმა არ დაურეკა და მხარდაჭერა არ აღუთქვა. რაც გამოწვეულია მრავალი ფაქტორით, მათ შორის, იმითაც, რომ სერჟ სარგსიანი მოსკოვში არ აღიქმებოდა სუფთად 100 პროცენტიანად საიმედო ადამიანად.
მიუხედავად იმისა, რომ სარგსიანი რუსეთზე იყო "დამოკიდებული"?
დამოკიდებული ყველა იქნება. რაც არ უნდა იყოს, სომხეთის დამოკიდებულების ხარისხი რუსეთზე ძალიან რთულად თუ შემცირდება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ყარაბაღის კონფლიქტზე, ეკონომიკურ ზეგავლენასა და ბევრ სხვა ფაქტორზე.
რაღაცა რომ შეიცვალოს სომხეთის საგარეო პოლიტიკაში ან მიდგომებში, რუსეთის პოზიციები ყარაბაღის მიმართებით მნიშვნელოვნად შეიცვლება და სომხეთი რთულ და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდება.
ვფიქრობ, თითქმის შეუძლებელია რაღაცების შეცვლა სომხეთის საგარეო პოლიტიკაში. მიზეზი ისაა, რომ მტრული აზერბაიჯანია ერთი მხრეს, მეორე მხარეს - დაულაგებელი ურთიერთობები თურქეთთან. ამას ემატება რუსეთთან პრობლემები და ყარაბაღის კონფლიქტის სხვაგვარად წარმართვის მოლოდინი.
ახლა სომხეთში მოვლენები ნიკოლ პაშინიანის გარშემო ვითარდება. ის იყო ცნობილი ჟურნალისტი, შემდეგ იყო აქტივისტი და ციხეშიც იჯდა, ახლა არის პარლამენტის დეპუტატი. ის არის ოპოზიციის ლიდერი, რომელიც მუდამ სარგსიანის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის. მაგრამ მისი საგარეო ხედვა შედარებით ბუნდოვანია. ვიცით, რომ ევრაზიული კავშირის წინააღმდეგია და უფრო მეტად დასავლეთისკენ მიიწევს, მაგრამ ამავე დროს რუსეთთანაც არ სურს ურთიერთობის გაფუჭება. როგორი პოლიტიკური ფიგურაა პაშიანიანი?
ბატონი ნიკოლო საკმაოდ ახლოს იყო სომხეთის პირველ პრეზიდენტთან ტერ-პეტროსიანთან. 2008 წელს მისი საარჩევნო შტაბის უფროსი იყო. საკმაოდ პრობლემური და მდიდარი ოპოზიციური წარსული აქვს. იგი დღემდე აღიქმებოდა რადიკალური პოზიციების მქონე ადამიანად, მისი უნარები ალიანსებისა და დიპლომატიური ურთიერთობებისა აქამდე იყო საკმაოდ შეზღუდული. სხვათა შორის, სერჟ სარგსიანისგან განსხვავებით, რომელსაც უფრო მეტად კაბინეტური შეთანხმებები და გარიგებები ერჩივნა, პაშინიანი უფრო ხისტ პიროვნებად ითვლება, რომელსაც გარიგებებში და დიპლომატიაში როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური გამოცდილება აქამდე ნაკლები ჰქონდა.
დასავლეთთანაც და რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა არ არის ორიგინალური ფორმულა სომხეთისთვის იმიტომ, რომ სომხეთი მუდმივად ცდილობდა ბალანსი ეპოვა დასავლეთსა და რუსეთს შორის. ვფიქრობ, ეს დასრულდა სომხეთის ევრაზიულ კავშირში შესვლით. სომხეთი ისევე როგორც საქართველო, აპირებდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და ეს ეყრდნობოდა მიდგომას, რომ ერთი მხრივ, უსაფრთხოებას იღებდნენ რუსეთისგან. ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნის მოწყობის მოდელს, ეკონომიკური ურთიერთობებს დასავლეთიდან იღებდნენ. ქვეყნის განვითარება აი ასეთ ჭრილში იყო დანახული სომხეთის მიერ წლების განმავლობაში.
2013 წელს, როდესაც სერჟ სარგსიანს ასოცირების ხელშეკრულებისთვის ხელი უნდა მოეწერა, ის კრემლში დაიბარეს. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ სომხეთი ასოცირების ხელშეკრულებას არ აწერდა ხელს და ევრაზიულ კავშირში წევრიანდებოდა. ეს იყო შოკი მთელი სომხეთისთვის. სავარაუდოდ, თვითონ სერჟ სარგსიანისთვისაც, რადგან კაბინეტში ბატონი პუტინი არც თუ ისე სასიამოვნო რამეს ეტყოდა. ალბათ, ყარაბაღის კონფლიქტით სომხური მხარე დააშანტაჟა.
ნიკოლი რასაც იძახის ახალი არაა. ამიტომ, ბატონ პაშინიანსა და ყველა მომდევნო სხვას გაუჭირდება ამ ორის შეთავსება, თუ არ ვიტყვით, რომ ეს თითქმის შეუძლებელია რიგი ფაქტორების გამო, მათ შორის, დასავლეთსა და რუსეთს შოროს დაპირისპირება იზრდება. როდესაც ორ დიდ ბლოკს შორის ურთიერთობა იძაბება, შუაში სივრცე აღარ რჩება. თუ შედარებით მშვიდობიანობის დროს პატარა ქვეყნები მანევრირებას ახერხებენ, შემდგომ დგება დრო, როდესაც მათი "პატრონები" არჩევანის გაკეთებას ავალდებულებენ. ამიტომ პაშინიანს ძალიან გაუჭირდება.
გაუჭირდება ეკონომიკური ფაქტორის გამოც. სომხეთი ეკონომიკა რუსეთზეა დამოკიდებული. ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა სომხეთის მშპ-ს 20 პროცენტია. გაზპრომი ფლობს სომხეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიის არმროსგაზპრომის წილის 82 პროცენტს, კიდევ 10 პროცენტის მფლობელი, ასევე, რუსული სახელმწიფო კომპანია არის. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რის გამოც დასავლეთისკენ მკვეთრად კურსს ვერ შეცვლის.
საერთოდ ვერ შეცვლის. ეკონომიკური თვალსაზრისითაც სრულია მოწყვლადია სომხეთი. მაგრამ თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ყარაბაღის კონფლიქტი რომ მოგვარებულია, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეკონომიკური საკითხები გადაწყვეტადი საკითხები იქნებოდა. ჩვენც გვქონდა იგივე პრობლემები, ჩვენც ძალიან ვიყავით დამოკიდებული რუსეთზე. საქართველომ თუ შეძლო, სომხეთიც შეძლებს რაღაც დონემდე.
მაგრამ სომხეთს აქვს ყარაბაღის კონფლიქტი.
ეს კონფლიქტი არის გადამწყვეტი ამ საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრის დროს.
აზერბაიჯანი როგორ ეხმიანება სომხეთში მიმდინარე მოვლენებს? შეიცვლება მისთვის რამე თუ არა?
ამ მოცემულობიდან, რაც უფრო ცუდი მდგომარეობა იქნება სომხეთში მით უკეთესი აზერბაიჯანისთვის. ალბათ, საუკეთესო სცენარი იქნებოდა აზერბაიჯანისთვის, რომ გადაზრდილიყო ძალისმიერ სცენარებში და ამ დაპირისპირებით მაქსიმალურად დასუსტებულიყო სომხეთი. ხელისუფლების ცვლილება, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს სომხეთში და არც ეს არის მარტივი, აზერბაიჯანისთვის რამე რადიკალურის მომტანი არ იქნება. პაშინიანი იქნება თუ სარგსიანი აზერბაიჯანისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სომხეთის ხელისუფლებაში არის ძალიან მაღალი კონსენსუსი ყარაბაღთან მიმართებაში, რომ ყარაბაღი არანაირი დათმობებით არ განიხილება.
8 მაისს სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიოს. პირველ მაისსაც ყველას ჰქონდა იმის განცდა, რომ მმართველი რესპუბლიკური პარტია პაშინიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერდა, ყოველ შემთხვევაში, ხელს მაინც არ შეუშლიდა. ახლაც პირდაპირ, თუ არა ირიბად მაინც ამბობენ, რომ ოპოზიციის ლიდერს დაუჭერენ მხარს. შესაძლებელია იმის თქმა რა უნდა რესპუბლიკური პარტიას?
რესპუბლიკური პარტიის თამაში ახსნადია. ჩვენც რომ ვყოფილიყავით ხელისუფლებაში, თითქმის, 20 წელი და ჩვენი ერი გვყოლოდა და მოგვეგროვებინა არც თუ ისე ცოტა ფული, ბიზნესები და ქონება, მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში ვეცდებოდით, რომ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებული ყოფილიყო. შეიძლება, საუბარი იყოს არა ფიზიკურ ლიკვიდაციაზე, არამედ ბიზნესების უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, ისინი ამ თამაშით მოლაპარაკებებში ცდილობენ, რომ რამე დაათმობინონ პაშინიანს. მაშინ როდესაც ის გახდება პრემიერი, არ გაუსწორდნენ მათ.
რაღაც დონეზე ეს მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პაშინიანის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაზარალდება. რვაში რაღაც სასწაულია უნდა მოხდეს, რომ ის კიდევ ერთხელ არ აირჩიონ. არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკური პარტია დაიშალოს. ახლა რთულია იმის ვარაუდი, რას იზამს პარტია. არიან ფიგურები, რომლებიც პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლას არ აპირებენ.
ხომ არსებობს მეორე ვარიანტიც, თუ პაშინიანს არ აირჩევენ და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება რესპუბლიკურ პარტიას ექნება საშუალება, რომ მმართველი ძალის სახით ისევ მოგვევლინოს?
თეორიულად, ამის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ რესპუბლიკურ პარტიასა და მთავრობაში დეზინტეგრაციული პროცესები არის დაწყებული, რიგი მინისტრებისა და მათი მოადგილეების გადადგომით, დეპუტატებზე ხორციელდება სახალხო ზეწოლა. როდესაც საყოველთაო ზიზღი ფიქსირდება შენსა და შენი პოლიტიკური პარტიის მიმართ, იწყება რღვევა.
მათ სადამსჯელო ინსტრუმენტებიც ნაკლებად დარჩათ. რიგითი პოლიციელი აღარ გასწირავს თავს რესპუბლიკური პარტიისთვის თავს, რადგან იცის, რომ ხვალ-ზეგ ეს ყველაფერი მას მოსთხოვენ. განცდა იმისა, რომ "ჩამოიშალა" არის საყოველთაო. ეჭვი მეპარება, რომ მათ გაბედონ და პაშინიანის კანდიდატურა კიდევ ერთხელ ჩააგდონ.
პაშინიანი თუ გახდა პრემიერ-მინისტრი რამდენად შეძლებს ის ხალხის იმედების გამართლებას?
აქ იწყება მთავარი ამბავი. ჩვენს რეალობაშიც რამდენჯერმე გვქონდა მსგავსი სცენარი, როდესაც მთელი ერი ერთიანდებოდა და ურჩხულს კლავდა. ჯერ იყო შევარდნაძე, მერე ასლან აბაშიძე, მერე სააკაშვილის წინააღმდეგ. შემდეგ მოდის სხვა ამბავი - დაპირებების შესრულება, რომელიც არანაკლებ რთული ნაწილი არის, ვიდრე პირველი.
სომხეთის პირობებში კიდევ უფრო რთულია რამდენიმე მიზეზი გამო. იქ საუბარია კორუფციაზე, ეკონომიკური დაღმავლობაზე, ამით გამოწვეული მიგრაცია და ზოგადი უიმედობა. საქართველოს შემთხვევაში, 2004 წელს ჩვენ გვქონდა განცდა, რომ თუ ჩვენ დავამარცხებდით კორუფციას და სახელმწიფო სისტემა მეტ-ნაკლებად დაიწყებდა მუშაობას, ცხოვრება გაუმჯობესდებოდა და ეკონომიკა წავიდოდა წინ. აღმოჩნდა, რომ ეს ასე მარტივად არ არის. ვინც არ უნდა მოვიდეს, ამას სჭირდება ათწლეულები.
მაგრამ ხალხს ეჩქარება.
ხალხს ყოველთვის ეჩქარება. პოლიტიკური ლიდერები რევოლუციური პირობებში ცრუ და გადამეტებულ მოლოდინებს ქმნიან. პაშინიანსაც შეექმნება იგივე პრობლემები. იგი, შეიძლება, ეფექტური გამოდგეს კორუფციის დაძლევის კუთხით, რაც უკვე იქნება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. მაგრამ ფართო ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული ხარისხი რადიკალურად არ გაუმჯობესდება. სომხეთი დაკეტილია, მისი ეკონომიკა საკმაოდ შემოფარგლულია და ერთადერთი გასასვლელი რჩება საქართველო, ზღვა არ არის.
საზოგადოება არ არის ბნელი და გაუგებარი. რაღაცას თუ აკეთებს პოლიტიკური ელიტა იმას, რაც შეუძლია, ეს ჩანს და საზოგადოებაც ამას იღებს.
რა გავლენას იქონიებს სომხეთში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე, იქონიებს თუ არა საერთოდ გავლენას? აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ხელისუფლება სომხეთის მოვლენებს არ გამოხმაურებია.
რაღაც თვალსაზრისითაც მართალი იყო, რომ არ აქტიურობდნენ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისგან. ტრაფარეტული, არაფრის მომცემი და არავის საწყენი ფრაზები ხანდახან კეთდება და ხანდახან - არა.
საქართველოსთვის ამ პროცესებს პირდაპირი ასახვა არ ექნება. რაც უფრო მეტი დემოკრატია იქნება ჩვენს რეგიონში და სტაბილური ქვეყანა, მით უკეთესი. ამ მხრივ ძალიან მძიმე ვითარებაა. საქართველოს ზემოთ რუსეთია, აზერბაიჯანი, სადაც დემოკრატიასთან ცუდ არის საქმე და თურქეთი, სადაც დემოკრატიის ხარისხი ისე დაეცა, რომ გასცდა ნულოვან ნიშნულს და მინუსებში წავიდა.
ამ ამბავმა უნდა დააფიქროს ჩვენი ხელისუფლება, რადგან თუნდაც რესპუბლიკური პარტია უმრავლესობით მოვიდა და ერთი წლის შემდეგ თავზე დაემხო ხელისუფლება. ქართულ ოცნებაში იაზრებენ იმას, რომ 2016 წლის შემდეგ დამდგარი საკონსტიტუციო უმრავლესობა უფრო სისტემის ხარვეზია, ვიდრე რეალური ამ დონის მხარდაჭერა.
ბატონი პაშინიანი ხშირად ახსენებს საქართველოს. სხვადასხვა თემაზე ხშირად ახსენა საქართველო და ამბობს, რომ უფრო ინტენსიურად სურს ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა. ვფიქრობ, რომ იმ ფონზე, როდესაც ის იაზრებს, რომ საგარეო კურსის ცვლილება თითქმის შეუძლებელია, საქართველო, როგორც ფანჯარა ევროპაში, ამ ფანჯრის გამოყენება მას სურს. რამდენად ფიქრობენ ამაზე ქართულ ხელისუფლებაში არ ვიცი, მაგრამ უნდა დაფიქრდნენ, რადგან ამის გამოყენება ორივეს სასარგებლოდ შეიძლება.
კომენტარები