16, 17, 18 მაისი - ადამიანური ტრაგედიების 3 დღე
ტექსტი გრძელია და მასში გადმოცემულია არა ერთი, არამედ სამი დღის ქრონიკა, დღე 17 მაისამდე, 17 მაისი და დღე 17 მაისის შემდეგ. ტექსტში გამოთქმული ყველა მოსაზრება და შეფასება ემყარება ჩემს საკუთარ რწმენასა და გამოცდილებას.
2013 წლის 16 მაისს უკვე ვიცოდით, რომ ღმერთებს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ხელით, დიდი მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული ამბოხებული ადამიანების წინააღმდეგ. ამბოხებამდე ერთი დღით ადრე ქალაქის მთავარ გამზირს უკვე ჭინჭრებითა და ჯვრებით შეიარაღებული ასობით ქრისტეს ჯარისკაცი ამაგრებდა. იმთავითვე გასაგები იყო, რომ მეორე დღეს მათი რიცხვი ათეულ ათასს მიაღწევდა. ადამიანების დასაცავად არა, მაგრამ ღმერთების დასაცავად გაერთიანება ადვილია და ვიღაცებისთვის - მომგებიანიც. იმავე საღამოს ჩვენც მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი 17 მაისს გარეთ გასვლა, რათა აღგვენიშნა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და შეგვეხსენებინა ოც წელიწადში ოთხ ომგამოვლილი საზოგადოებისთვის, რომ სიძულვილი შეცდომაა, რომელიც ვნებს არამხოლოდ გეებს, არამედ - ყველას. მაგრამ ხომ იცით, ადამიანებს ყოველთვის ღმერთების უფრო სჯეროდათ, ვიდრე ერთმანეთის. 2013 წლის 16 მაისს რომ გეკითხათ ვისი მჯეროდა მე, დაბნეული გიპასუხებდით: "რა ვიცი, არ ვიცი".
ვისაც ერთმანეთის მაინც გვჯეროდა, ერთ ბარში ვიკრიბებოდით ხოლმე, თავისუფლების მოედანთან ახლოს. სალვე ერქვა, მაშინდელი თინეიჯერი ლოთების, მწეველების, სასოწარკვეთილების, მიტოვებული შეყვარებულების, გეების, ბიების, ჰეტეროების, (ეს ის დროა, როცა ტრანსგენდერები საჯარო თავშეყრის ადგილებში ჯერ ვერ ჩნდებიან), ახალბედა თუ ვეტერანი ჰიფსტერების, მატრაკვეცა და სერიოზული ინტელექტუალების, მომავალი პოლიტიკოსების, იმედის მომცემი, ნიჭიერი, უნიჭო და უიმედო მუსიკოსების, ფოტოგრაფების, პოეტებისა და მწერლების, მოკლედ რომ ვთქვა, კაი ტიპებისა და თავისუფალი საზოგადოების თავშეყრის ადგილი გახლდათ სალვე. სად წავიდოდი 2013 წლის 16 მაისის საღამოს? ცხადია სალვეში - დასალევად. თან ხომ უნდა მენახა, როგორ ემზადებოდნენ ჩვენი მეგობარი კაი ტიპები მომდევნო დღისთვის.
განსაკუთრებული მზადება, სიმართლე გითხრათ, არც შეინიშნებოდა. არც მე ვიყავი განსაკუთრებულ ხასიათზე. ამ დღეს ჯერ კიდევ არავის გვქონდა ნანახი ის, რასაც მეორე დღეს ვნახავთ, ამიტომ, ყველას ჯერ კიდევ გვჯეროდა რაღაცის. რისი არ მკითხოთ, უკვე გითხარით, რომ არ ვიცი, მაგრამ გვჯეროდა. გასვლა-არგასვლა განხილვის საგანი თითქმის არ იყო, თითქმის არავინ კამათობდა, უნდა გავსულიყავით თუ არა. ძირითადად მოსალოდნელ საფრთხეებს განვიხილავდით, ალაგ-ალაგ დარბევის სცენებს წარმოვიდგენდით და მერე განტვირთვისთვის ჭინჭრებზე ვიწყებდით ღლიცინს, სალვეს უსაზიზღრესი ჭაჭის სმის ფონზე.
"კიკონ, მე ვერ გამოვალ ხვალ აქციაზე", - მეუბნება ჩემი ანარქისტი მეგობარი, რომელთან ერთადაც წინა დღეებში საქართველოში ანტიფას შექმნის აუცილებლობაზე ვმსჯელობდით და ჯგუფის ფიზიკური მომზადების გეგმებსაც კი განვიხილავდით. მეგობარი, რომელიც ჩემს ყველა ანტიფაშისტურ ტექსტზე კომენტარებში დიდი ასოებით წერდა: "ANTIFA ! ! !"
რატომ? - ამ კითხვას არასდროს ვუსვამ ადამიანს, რომელიც მეუბნება, რომ 17 მაისს აქციაზე ვერ გამოვა, არც 2013 წლამდე და მითუმეტეს, არც მას შემდეგ. საერთოდ უმრავლესობის შიში იმდენად ძლიერია, რომ უხერხულადაც კი მიმაჩნია ნამუსზე ააგდო შეშინებული ადამიანი. მით უმეტეს, როცა საკუთარ ტყავზე გაქვს გავლილი ეს შიში და თავადაც ფეხის კანკალით მიდიხარ აქციაზე. ერთადერთი, რაც ამ დროს შეგიძლია, უსაფრთხოების გარანტიების მიცემაა, მაგრამ რისი გარანტია გინდა მისცე ვინმეს, როცა თავადაც არ გაქვს ეს გარანტია? ამიტომ მიზეზი არც მიკითხავს, "გეშინია, ვიცი, ხო, მეც მეშინია" - გავიფიქრე ჩემთვის, სალვეს უსაზიზღრესი ჭაჭა გადავკარი და დავიჯღანე.
"პროსტა, ხო ხვდები შეჩემა, მე ანარქისტი ვარ, მაგ აქციას კიდე პოლიციელები იცავენ და პოლიციელების დაცულ აქციაზე ვერ დავდგები ანარქისტი კაცი", - არ მითხოვია, მაგრამ თავად გააგრძელა ახსნა და იმ წუთას მერჩივნა, ამის თქმას, არაფერი ეთქვა. გამახსენდა, წინა დღეს, ლიგამუსის ტერასაზე როგორ მიმტკიცებდა ჩემი ერთ-ერთი უახლოესი გეი მეგობარი, საერთოდ არ მესმის რატომ გადიხართ, არც მაგ აქციის აზრი მესმისო. არც მაშინ მიკამათია ბევრი, საქართველოში და საერთოდ, ამ ცივილიზაციაში გაზრდილ გეის თუ არ ესმის ანტიჰომოფობიური აქციის აზრი, მაშინ არც მე მესმის მაგაზე კამათის აზრი.
"დაიკიდე" ვეუბნები საკუთარ თავს. არავინაა ვალდებული გამოვიდეს სიძულვილის წინააღმდეგ გამართულ საჯარო აქციაზე, არავინაა ვალდებული გამოვიდეს ნებისმიერ აქციაზე! ადამიანები თავად ვირჩევთ პროტესტის გამოხატვის ფორმებს, რომელიც, თავის მხრივ, მრავალფეროვანია და მხოლოდ მაშინაა ღირებულიც და შედეგიანიც, როდესაც გულწრფელია. "არ მინდა, რომ მცემონ და კიდევ ერთხელ შემძულდეს ეს ქვეყანა", - ეს ალბათ ყველაზე გულწრფელი პასუხია, რაც ამ გასვლა-არგასვლის საკითხზე მომისმენია. ბოლოს და ბოლოს, ვიცნობ გეის, რომლის შესახებაც მისმა ოჯახმა შარშანდელი აქციის ტელე სიუჟეტიდან, შემთხვევითი კადრით გაიგო და მას შემდეგ იმ ბიჭის ცხოვრება თავდაყირა დადგა. როგორ გინდა, დაავალდებულო ვინმეს აქციაზე გამოსვლა?
"ესეიგი, გნახავ ხვალ აქციაზე" - ღლიცინით მეუბნება მეორე ძველი მეგობარი. თინეიჯერობაში დიდი დრო გვაქვს გატარებული მის სახლში, ჯიმ მორისონს ვუსმენდით, Zabriskie Point-ს ვუყურებდით და მერე თავისუფლებაზე ვლაპარაკობდით, გაუთავებლად. მის საყურეზეც ვლაპარაკობდით, ჩვენს სამეგობროში ერთ-ერთი პირველი ყურგახვრეტილი ბიჭი იყო, სხვათაშორის. მერე მოსკოვში წავიდა სასწავლებლად. უკან დაბრუნებული უკვე რუსი ქალების აღმატებულ სილამაზეზე მელაპარაკებოდა, რაც გასაგებია, რამდენად საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემთვის. დაკვირვებული თვალი თავადაც მიხვდება, საით შეტრიალდებოდა ამ ბიჭის რიტორიკა. დაკვირვებულმა თვალმა უკვე კარგად იცის, რომ ზოგჯერ ყველაფერი გულისამრევად ბანალურია და რუსი ქალების აღმატებული სიყვარულიდან - გარყვნილი, "პიდარასტი ევროპის" სიძულვილამდე და "პიდარასტობის აკრძალვამდე" მართლა ერთი ნაბიჯია, ზოგჯერ.
"ყლე რომ ხარ, უკვე ვიცი, მაგრამ არ მითხრა, რომ ხვალ კონტრაქციაზე მოდიხარ!" - პირდაპირ დავუსვი კითხვა და პასუხიც, რაღა გასაკვირია, დადებითი იყო. "ხო, მე მეორე მხარეს ვიდგები", - სიცილით მითხრა, მართლა იცინოდა. ამ ადამიანს დღემდე უკვირს რატომ არ ვესალმები აღარსად, აღარასდროს. მე კი დღემდე მიკვირს, რატომ შემაკავეს მეგობრებმა, როდესაც ცხოვრებაში პირველად, ბარში, ადამიანის საცემრად წამოვხტი. 2013 წლის 16 მაისს სასოწარკვეთის როგორი სუნი უდიოდა მაშინღა მივხვდი, როცა "სალვეს" უსაზიზღრესი ჭაჭა, როგორც იმედი, გადავკარი და სახე აღარ დამეჯღანა. სახლში მისულს ფეისბუქზე მესიჯი მხვდება: "ხვალ პროსტა ნახე რას გიზამთ, პიდარასტებო!!!" - მესიჯის ავტორი ჩემი ძველი კლასელია, გოგო, რომელიც თითქმის მთელმა კლასმა ჩაგვრის ჯოჯოხეთში გაატარა მანამ, სანამ მე და ჩემი ორი კლასელი მთელ დანარჩენ კლასს არ შევასკდით მის დასაცავად. გოგო, რომელსაც არასდროს გაუგია და არასოდეს გვითქვამს, თუ როგორ იქცნენ მისთვის ჯოჯოხეთის მომწყობი თანატოლები მის ახალ მეგობრებად. გოგო, რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა რას ნიშნავს ჩაგვრა. "არ დადგე ხვალ იმათ მხარეს, არ მიხვიდე კონტრაქციაზე, შეცდომას დაუშვებ და ინანებ, დამიჯერე", - მივწერე პასუხად და დავიძინე.
ადამიანების ცხოვრებაში არის მომენტები, როცა გრძნობ, რომ ახლა, ამ წამს, რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს, რამაც შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს ყველაფერი და როგორც წესი, ზუსტად ვერასოდეს არტყამ როდის დგება ეგ წამი. ეს განცდა - დიდი და მნიშვნელოვანი ამბის მოლოდინი ხშირად გადაჭარბებულია და უსაფუძვლო შფოთვებს იწვევს. დიდი ამბები ყოველთვის მოულოდნელად გვატყდება თავს. 2013 წლის 17 მაისის დილას ისე ჩვეულებრივად ავდექი, ჩავიცვი, დავლიე ყავა და გავედი სახლიდან, დედაჩემის შეშინებული გამოყოლილი მზერაც კი მეუცნაურა. "უიმე, რა ჭირს ამ ქალს? აქციაა რა, აქეთ ჩვენ ვიდგებით, იქით ისინი, შუაში პოლიცია, ჩავატარებთ, დავიშლებით. ყველა დედა პანიკიორია", - გავიფიქრე და მეტროში ჩავედი.
გზაში წინა ღამის დიალოგები მახსენდება. რა შტერები არიან, ვერ ხვდებიან რას აკეთებენ? კაი, ანარქისტს შეეშინდა, ჯანდაბას. ის მოსკოველი პატრიოტი ხომ ისედაც ვიცოდი რა პროჭია, არ მიკვირს, მაგრამ კლასელს რა მოუვიდა? მისი ფეისბუქპროფილის ფოტო მახსენდება, ჩოხოსან ქმართან ერთად გადაღებული. ჩემო ძველო მეგობარო, ვიცი რაც გჭირს, შენ არასდროს ყოფილხარ ბოროტი, პირიქით, კლასში ყველა გიცნობდით, როგორც ყველაზე კეთილ და ჭკვიან გოგოს. ჩემთვის სიმშვიდე იყავი, კლასელებისთვის კი მწარე გაკვეთილი, რომ აღარასდროს დაეჩაგრათ უდანაშაულო ადამიანი. არ ვიცი, ვინ რა ისწავლა მაგ გაკვეთილით, სამაგიეროდ ვხვდები, რა სასტიკი შიშია მარტოობის შიში. ის, რაც იმ ღამეს ფეისბუქზე მომწერე, მინდა მჯეროდეს, რომ შენი კი არა, მარტოობის შიშით მოწერილი ჩოხოსანი კაცის ცოლის ტექსტია. წარმომიდგენია, რამდენ კომპრომისზე გიწევს წასვლა ქალს, რომელიც ცხოვრობ საქართველოში და მარტოობას ჩოხოსანი კაცი გივსებს. ამიტომ ჯანდაბას, ვიცი რომ გაუაზრებლად მომწერე, ახლა უკვე უმრავლესობის კომფორტის ზონაში თბილად მოკალათებულმა. იმედია კონტრაქციაზე არ მოხვალ.
- "ხინკლის ფარშად ვაქცევთ ბიჭო!" - ისმის ხმა მეტროს ვაგონში.
- "იასნია, ბრატ, აბა რა ეგონათ რო გამოდიოდნენ?" - არ აყოვნებს პასუხი.
ფიქრებიდან გამოვდივარ. ვაგონს თვალს ვავლებ, ჩემხელა, 20-25 წლის ბიჭებითაა სავსე. ყველა მეორეს თვალები აქვს გადმოყრილი, ყველა მეორე ან მუშტებს იფხანს, ან ყვერებს, ან იგინება, ან იფურთხება. ახლაღა ვაცნობიერებ, რომ მთელი ვაგონი სავსეა კონტრაქციაზე მომსვლელი ხალხის ნაკადით, მოძალადეების გროვაში კი საკუთარი ფეხით შემოვსულვარ და შიგ ცენტრში დავმჯდარვარ. აქ ცოტა დავიძაბე. გავგიჟდი? მეტროთი წამოვედი? "თავისუფლების მოედანი - ლიბერთი სქუეა", - აცხადებს მონოტონური ხმა. ამ ქალის ინგლისურ აქცენტზე სულ მეცინება, მეტისმეტი მონდომების საყვარელი მაგალითია, როცა იმდენად ცდილობ რაღაცა "სწორად" და "ჭკვიანურად" თქვა, რომ სასაცილო ხდები. აქაც გამეცინა "სქუეა"-ზე, სიტყვა "თავისუფლებაზეც" გამეცინა, მაგრამ მეტროდან გამოსვლისას უკვე დანამდვილებით ვიცოდი, რომ საქმე სასაცილოდ აღარ იყო - თვალები და ყურები არ მატყუებს, რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანია შეკრებილი, ქალაქის ჰაერში კი რაღაც მძიმე, ავისმომასწავებელი სუნი ტრიალებს. სკოლაში, ფიზკულტურის გასახდელებში რომ იდგა, ის სუნი.
პუშკინის სკვერს პოლიციის კორდონი აქვს შემორტყმული, პირველივე შემხვედრი პოლიციელი ნაცნობი აღმოჩნდა. "ხომ იქნება დღეს მშვიდობა?" - ვეკითხები ღიმილით, სასურველი პასუხის მოსმენის იმედით. "აბა რა, გიო, ღვთის წყალობით, მშვიდობა იქნება" - მპასუხობს ღიმილითვე, მაგრამ მე აღარ ვუღიმი, საერთოდ არ ჩამითვლია კარგის ნიშნად ის, რომ პოლიციელიც ღმერთის იმედზეა დარჩენილი. ან იქნებ, უბრალოდ ბოროტულად გამეკაიფა? კაიფის დროა ახლა? "ხო ადრე ვიცნობდი, ჟურნალისტია რა", - მესმის როგორ გადაულაპარაკა ნაცნობმა პოლიციელმა კოლეგას. თავი დაიზღვია ალბათ, გეების ნაცნობობაში რომ არ დაედოთ ბრალი გაგანია 17 მაისს. "აქ ჟურნალისტის სტატუსით არ ვარ მოსული, ყლეო, ვითომ არ იცი", - გავიფიქრე და სკვერში შევედი.
სკვერში შესვლისთანავე გაგვაცნეს უსაფრთხოების გეგმა - "აი, იქ ყვითელ ავტობუსებს ხომ ხედავ? რამე თუ მოხდა, მაგითი გავრბივართ", - მეუბნება აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. რამე თუ მოხდა? რა უნდა მოხდეს? დაბნეულობისგან ვერაფერს ვგრძნობ, ზოგჯერ ძალით ვთიშავ გონებას, როცა მინდა, რომ არაფერზე ვიფიქრო, ამიტომ დეტალურად ვერ აღვწერ რა ხდებოდა სკვერში, სადაც რამდენიმე ათეული, თითქმის ყველასგან დავიწყებული ადამიანი ვიყავით შეკრებილი. არც ერთმა ვიცოდით, რა შეიძლებოდა მომხდარიყო უახლოეს წუთებსა და საათებში. ჟურნალისტებს ინტერვიუს ვაძლევ, მაგრამ ახლაც არ მახსოვს არცერთი სიტყვა, რას ვეუბნებოდი. ჩემი მეგობარი მოდის და სიცილით მიყვება: "წეღან ვიღაც ორი შემოპარული ტიპი ბაზრობდა შენზე, მაგას ხელი არ უნდა ვახლოთ, სახალხო დამცველიაო. გამიტყდა, ესეთი უსამართლოები როგორ არიან, რანაირი აზროვნების სისტემა აქვთ, რა კრიტერიუმებით არჩევენ ვის დაადონ ხელი და ვის არა? განა ყველა გეი ერთნაირად არ სძულს მათ ღმერთს?" - "გადაეცი, რომ სახალხო დამცველი არ ვარ", - ნაძალადევად გავუცინე მეგობარს და თავი ისევ დაბნეულობას მივეცი.
რამდენიმე წუთში ჩოჩქოლი ატყდა, ჟურნალისტების ნაკადი მოედნისკენ დაიძრა. ალბათ ვინმე ელჩი მოვიდა? ვფიქრობ უკვე ხმამაღლა. "მგონი გვარბევენ", - წამოიძახა ვიღაცამ. "შეუძლებელია გვარბევდნენ", - გავიფიქრე მე - "ათიათასობით ადამიანია იქითა მხარეს, შეუძლებელია ამხელა მასა დარბევაზე წამოვიდეს, თვითონ დარბევაც კი შეუძლებელი გახდება, პირდაპირ შემოვაკვდებით, ვინ იზამს მაგას?" სულ ცოტა ხანში უკვე კივილი მესმის - "გაიქეცით!" - დაიყვირა ვიღაცამ. "აუ, ეს ისტერიჩკა გეები როგორ მიშლიან ნერვებს", - გავიფიქრე მეც და აუჩქარებლად დავიძარი მოედნისკენ, რომ პანიკის გარეშე, თავად მენახა რა ხდებოდა.
ეს წამი უკვე მახსოვს, აქედან უკვე ყველაფერი მახსოვს, დაბნეულობის დრო ჩემს ცხოვრებაში ზუსტად ერთ წამში დასრულდა, როცა სახესთან პირველმა ქვამ ჩამიქროლა და თან გაიყოლა კიდეც ჩემი ყველა ბავშვური რწმენა და წარმოდგენა სამყაროსა და ადამიანების შესახებ. "არ მჯერა, ქვებს გვესვრიან? გვქოლავენ? ცოცხალ ადამიანებს გვქოლავენ? თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ საევაკუაციო ყვითელი ავტობუსებისკენ, მოედნისკენ ვიხედები და ვხედავ ათიათასობით ადამიანისგან შემდგარი მასა როგორ მოემართება ცუნამივით და გვიპირებს განადგურებას. ხმას ვერ ვიღებ, ვერც ვყვირი, მხოლოდ გავრბივარ და გონებაში ერთადერთი ფრაზა მიტრიალებს ისტერიულად: "პატარები ვართ იმისთვის, რომ ეს მართლა მოხდეს!". რამდენიმე წამით გონება და მხედველობა "გლიჩებით" იფარება. რაც ნამდვილად არ მახსოვს, ისაა, ამ წამებში ვთხოვდი თუ არა შველას ღმერთს და თუკი ვთხოვდი, კარგია, რომ აღარ მახსოვს.
ადგილიდან დაძრულ, დანჯღრეულ ყვითელ ავტობუსს, ამჯერად ჩვენი გადარჩენის ნიშანს, ჯერ კიდევ გარს ეხვეოდნენ ადამიანები, წიხლებს ურტყავდნენ, გვაგინებდნენ, მახსოვს ფოტოგრაფი, რომელმაც ჯერ ფოტოები გადაგვიღო და მერე ავტობუსის ფანჯარას ზუსტად ჩემს სახესთან მოაფურთხა, ქვების ხმებიც მახსოვს, რომელიც ავტობუსის ფანჯრებსა და კედლებს ეხეთქებოდა. საევაკუაციოდ გადაკეტილი ლესელიძე მთელი სისწრაფით ჩავიარეთ, ქუჩა სავსე იყო კაფეებიდან, სახლებიდან და მაღაზიებიდან გამოსული ადამიანებით, რომლებიც ხელებს იშვერდნენ ჩვენკენ, მაგრამ რას ყვიროდნენ, ყურადღება აღარ მიმიქცევია, უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ყურადღება მიიქცია მხოლოდ ერთმა ბიჭმა, რომელიც თავისუფლების მოედნიდან ორთაჭალამდე სირბილით მოსდევდა გაქანებულ ავტობუსს. რა უნდოდა, რატომ გაწია ამხელა შრომა, ვერავინ მივხვდით. "იქნებ, ესეც გეია და გარეთ დაგვრჩა? გავუჩეროთ ავტობუსი, ამოვიყვანოთ, შევიფაროთ", - იხუმრა ერთმა. ეს ხუმრობა, თავისთავად, შეიძლებოდა არც ყოფილიყო სასაცილო, მაგრამ 2013 წლის 17 მაისს, ყვითელ ავტობუსში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ რამენაირად, თუნდაც ძალით, იქ მსხდომ ადამიანებს გაგვცინებოდა. უდიდეს პრობლემაზე, რომელიც ჩვენი და იმ წუთას ტელეეკრანებთან მსხდომი საზოგადოების წინაშე პირდაპირ ეთერში წამოიმართა, მისი მოგვარების გზებსა და საერთოდ, ყველაფერზე, მხოლოდ ამის შემდეგ თუ შევძლებდით ფიქრს. ჯერ უნდა გადაგვემოწმებინა, რომ არამხოლოდ ცოცხლები ვართ, არამედ - ვიცინით. ყველას გაგვეცინა და მერე დაიწყო გრძელი, უწყვეტი ფიქრი, რომელიც დღემდე გრძელდება: როგორ მოვედით 17 მაისამდე და რა ხდება ამის შემდეგ? როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას ქალაქში, სადაც ადამიანებს, რომლებსაც ღმერთების უფრო სჯერათ, ვიდრე ერთმანეთის, სასიკვდილო იარაღად აქვთ მომართული ქვები და ჯვრები? ფიქრობდნენ კი შესაძლო კატასტროფაზე ის პოლიტიკოსები და საეკლესიო პირები, რომელიც წლების მანძილზე მიზანმიმართულად აღვივებდნენ ჰომოფობიასა და სიძულვილს საკუთარი პოლიტიკური, გეოპოლიტიკური თუ ვიწრო მერკანტილური მიზნების განსახორციელებლად? რა მოხდებოდა, ის ქვა რომელიმე ჩვენგანს საფეთქელში რომ მოხვედროდა და იქვე გაესხა ტვინი? უფიქრიათ ამაზე თავად ღმერთებს?
დავანებოთ თავი ღმერთებს! სიმართლე ითქვას, მათთვის არც იქამდე მიკითხავს აზრი. აქ ის უფრო მინდა გავიგო ახლა მაინც რას ფიქრობენ ადამიანები. ავტობუსს ქალაქგარეთ გავყავართ, იქიდან ერთი მეგობრის სახლში მივდივართ, ფეისბუქზე შევდივართ. ნიუსფიდი გვამცნობს, რომ ქალაქში განგაშია. საინფორმაციო სააგენტოები, ონლაინ გამოცემები, მსოფლიოს ყველაზე დიდი სატელევიზიო არხები იუწყებიან, რომ აღმოსავლეთ ევროპის პოსტ-საბჭოთა ქვეყნის, საქართველოს დედაქალაქში, ათიათასობით ადამიანმა, ეკლესიის წინამძღოლობით რამდენიმე ათეული ლგბტ აქტივისტის მშვიდობიანი მანიფესტაცია ქვებითა და ჯვრებით დაარბიეს. არიან დაშავებულები, დარბევას მსხვერპლი არ მოყოლია. "Is not Georgia a Christian country?" - კითხულობს გაკვირვებული უცხოელი კომენტარებში. ნიუსების ქავერზე ჩემი ფოტო ჩანს, როგორ ვიყურები ავტობუსიდან. "ვაახ, ბიჭო! რა სახე მაქვს? რა მჭირს? გამორთე რა, ნუ მანახებ ამ ფოტოს!" - ვთხოვ მეგობარს. "რა გჭირს, შეჩემა? ხო კაი, გამოვრთავ", - მეუბნება გაკვირვებული. არაფერი, ხომ იცი, ვერ ვიტან მარჯვენა პროფილიდან რომ მიღებენ ფოტოს, სხვა რა უნდა მჭირდეს.
მობილურზე ზარები არ წყდება, ყველას მოკლედ ვპასუხობ - "გადავრჩით, არ ინერვიულოთ". მოულოდნელად, ანარქისტი მირეკავს, ტელეფონს ვიღებ, წარმოდგენაც კი არ მაქვს რას მეტყვის.
- კიკონ, როგორ ხარ?
- რავი, ყველანი გადავრჩით რა. დანარჩენს კი ნახავდი ტელევიზორში.
- ხო ვნახე ყველაფერი და… არ ვიცი, კაროჩე, გამოვყლევდი, რაც ვნახე.
- ხო, მეც.
- ხოდა, არ ვიცი როგორ გითხრა, ბიჭო, მოკლედ, მე… ხო ხვდები… ბოდიში რა, რო იმ დღეს…
- ნუ ატრაკებ, დაიკიდე, ეხლა სხვა რამეზე უნდა ვიფიქროთ, ხომ ხედავ, რის წინაშე ვდგავართ ყველა?
- ხო, იასნია, ვხედავ.
ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ, ლოგინზე დავეგდები, თვალებს დავხუჭავ და თუნდაც ერთი ღამით მკვდარივით გამოვიძინებ. ძლივს მივდივარ გაჩერებამდე, სადაც ის გეი მეგობარი მხვდება, ორი დღის წინ ლიგამუსის ტერასაზე ანტიჰომოფობიური აქციის აზრი რომ არ ესმოდა. მანქანაში ჩავსხედით და ჩემთან სახლში ერთად მივედით. სახლშიც, ალაგ-ალაგ უკვე ყრუდ მესმის ფრაზები: "რას გადიოდით?", "რა გინდოდათ?", "ვინ გერჩოდათ?", "აბა რა გეგონათ?". ცოტაც და მგონია, რომ ჭკუიდან შევიშლები. ლუდს ვყიდულობ, ოთახში ორ მეგობართან ერთად ვიკეტები და გვიანობამდე ვსვამთ. ძილის წინ დედა შემოდის: "წეღან ცუდად გამომივიდა, რას გადიოდით მეთქი, რომ გითხარი, ხომ იცი, ჩვენ ყოველთვის შენთან ვართ" - მეუბნება ისევ შეშინებული სახით. "ხო, ვიცი, უბრალოდ, ახლა აღარაფერზე აღარ მინდა ფიქრი, მეძინება", - ვპასუხობ ცივად, გულში კი ტკივილნარევ მადლობას ვუხდი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ყველას, ვინც ჩვენი თქმის გარეშეც მიხვდა, ვის მხარეს უნდა მდგარიყვნენ 2013 წლის 17 მაისს. ყველას, ვინც ამ დღეს დაუჯერეს არა ღმერთებს, არამედ - ადამიანებს. ვიძინებ. სიზმარში მამას ვნახულობ, რომელიც ცოცხლად ბოლოს ხუთი წლისამ ვნახე, სანამ აფხაზეთის ომში წასულს, 1993 წლის 2 ივლისს რუსული ტყვია გაუხვრეტდა შუბლს.
დილით მეგობრის ზარი მაღვიძებს. ახალგაზრდა მემარცხენე ინტელექტუალი, ჰეტეროსექსუალი ბიჭი (აქ ეს მნიშვნელოვანია), 2013 წლის 18 მაისს მირეკავს მე და მთხოვს დავეხმარო, რომ ემიგრაციაში წავიდეს. თვალი სკანდინავიის ქვეყნებისკენ უჭირავს და მიხსნის: "პროსტა, ხო აზრზე ხარ, შეჩემა, გუშინდელი დღის მერე აქ როგორ გავჩერდე? საყურით ვდვიჟენიობ, გრძელი თმა, ის, ეს, უბანში გამიტრაკებენ. შენ გეცოდინება, რა პროცედურებია საჭირო, რომ ჩავბარდე? გუშინდელი დღე დამეხმარება წასვლაში, არა?". ღრმად ჩავისუნთქე, ვცდილობ აუღელვებლად ვუპასუხო: "ხო, წარმომიდგენია რა დღეში ხარ, მაგრამ არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს რა პროცედურებია საჭირო. არასდროს მიფიქრია წასვლაზე!" - ვპასუხობ და საუბარს მალევე ვამთავრებ, სამზარეულოში გავდივარ და ყავას ვიდუღებ. ტელევიზორში ახალ ამბებში გადმოსცემენ, როგორ მოითხოვს ჰომოსექსუალი მღვდელი: "აიკრძალოს ჰომოსექსუალობის პროპაგანდა". მეცინება, რატომ არ ითვალისწინებენ ეს ადამიანები, რომ თბილისი მართლა ძალიან პატარა ქალაქია და ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის? შემდეგ სიუჟეტში პრესკონფერენციას აშუქებენ, ამჯერად ჩემთვის კარგად ნაცნობი, ახალგაზრდა ბიჭი, არაბუნებრივად მკაცრი და შეძლებისდაგვარად კატეგორიული ტონით მოითხოვს იგივეს: "დაუყონებლივ აიკრძალოს ჰომოსექსუალობის პროპაგანდა." სოლოლაკის სახლი მახსენდება, სადაც ამ ბიჭთან ერთად, ერთ დროს ჯიმ მორისონს ვუსმენდი, Zabriskie Point-ს ვუყურებდი და მერე გაუთავებლად ვსაუბრობდით ხოლმე, გახსოვთ ალბათ, რაზეც - თავისუფლებაზე. განცდა, რომ 2013 წლის 18 მაისი გამქრალი იმედებისა და ადამიანების დაბრუნების ნაცვლად, უკანასკნელი იმედების გაცრუებისა და დაკარგვის დღე იქნებოდა, მიმძაფრდება.
კლასელი, ჩემი კლასელი! როგორ დამავიწყდა? ზუსტად ვიცი მისგან დიდი და ვრცელი წერილი დამხვდება. თუკი ახლა ვინმეში ეჭვი არ მეპარება, ეს გოგოა, ქალი, რომელსაც ჩაგვრის ჯოჯოხეთი აქვს გავლილი და შეუძლებელია, კონტრაქციიდან სახლში დაბრუნებულს მწარედ არ ენანა ქვებისა და ჯვრების მსროლელ ალქაჯებთან ერთად დგომა, სხვა თუ არაფერი, იცოდა, რომ ეს ქვები მისი საყვარელი ბავშვობის მეგობრის მისამართითაც ცვიოდა. მისი ეს სინანული ჩემთვის არ მინდა, მისი ბოდიშიც არ მინდა, არაფერი მინდა, გარდა იმისა, ვნახო და დავრწმუნდე, რომ 17 მაისის მეორე დღეს, კანტიკუნტად მაინცაა დაწყებული ყველა ნამდვილი უბედურების განუყოფელი თანმდევი პროცესი - კათარზისი. ფეისბუქზე შევდივარ და ინბოქსში ამ გოგოს მოკლე წერილი მხვდება: "ხომ გითხარი, რომ სახეს გაგაძრობდით, პიდარასტებო!"
16-17-18 მაისი არა საღვთო და ეროვნული, არამედ ადამიანური ტრაგედიების დღეა. ოც წელიწადში ოთხ ომგამოვლილი, დაობლებული, ნაშიმშილარი, ნაცემი, ნაწამები ადამიანების, ახალგაზრდა თუ ბებერი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული საეკლესიო პირების მიერ ბრძოლის ინსტრუმენტად ქცეულ მოქალაქეთა ტრაგედიების დღე; ერთმანეთთან სამუდამოდ დაშორებული ძველი მეგობრების, ჰომოფობიის ნიადაგზე წაკიდებული, სახლიდან გამოგდებული ოჯახის წევრების, ნაცემი უბნელების, ღმერთებისგან მწარედ მოტყუებული და შეცდომაში შეყვანილი ადამიანების ტრაგედიების დღე; 16-17-18 მაისი ბარიკადების ორივე მხარეს მდგომი ადამიანების ტრაგედიის დღეა, რადგან არაფერია იმაზე უბედური სანახავი, ვიდრე მოქალაქე, რომელიც მოსაკლავად მისდევს საკუთარ თანამოქალაქეს, როგორც ძმა, რომელიც მოსაკლავად მისდევს საკუთარ ძმას.
2013 წლის ამ საშინელი სამი დღის შემდეგ ხუთი წელი გავიდა. იქამდეც და მას შემდეგაც ჩვენ არაერთი ტრაგედია ვნახეთ და ვუყურებთ ყოველდღე, მათ შორის, მსხვერპლით. ოჯახის წევრების, ერთ დროს საყვარელი ადამიანების ხელით მოკლული ქალებისა და სახელმწიფოს გულგრილობას შეწირული ადამიანების ტრაგედიებს. ვნახეთ დარბევებიც, ქვების სროლაც, გინებაც, ფურთხებაც, ვნახეთ ჩამოშლილ ქვებში ჩაჩეხილი ადამიანები; მერე ვნახეთ ყველაზე უარესი - როგორ მოკლეს და შემდეგ დაწვეს ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი, მეორე დღეს კი ნახევარი ქალაქი ზეიმობდა ამ ფაქტს. ძნელია ქალაქში, სადაც უდანაშაულო ადამიანის სიკვდილს ზეიმობენ, რამის გჯეროდეს. ძნელი, მაგრამ იქნებ არც ისეთი ძნელი, რომ შეუძლებელი იყოს? კიდევ რამდენი ტრაგედიის ნახვაა საჭირო, რომ ომის, სიძულვილისა და სიკვდილის ღმერთების ნაცვლად, ადამიანების გვჯეროდეს?
სტატიის ორიგინალი: თანასწორობის მოძრაობა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
კომენტარები