8 მარტი - შემოსავლის წყაროდ ქცეული უქმე დღე
ქალთა საერთაშორისო დღე ყვავილების გამყიდველებს განსაკუთრებით უყვართ. 8 მარტს უამრავი ადამიანი ყიდულობს თაიგულს საკუთარი შეყვარებულისთვის, ცოლის, დედისა თუ მეგობრისთვის. სპეციალურად ამ დღისათვის ყვავილების გამყიდველები რეგიონებიდანაც ჩამოდიან, რადგან ზუსტად იციან, რომ ყვავილების გაყიდვა არ გაუჭირდებათ. On.ge მათ გაესაუბრა და ამბები გამოჰკითხა.
დავით მაღრაძე
"ზესტაფონის რაიონში ვცხოვრობ, ორი შვილი მყავს და ხუთი შვილიშვილი. ვენახი მაქვს და ყვავილების მეურნეობა. გაზაფხულზე, 8 მარტს ჩამოვდივარ ხოლმე თბილისში და ვყიდი ყვავილებს. ხანდახან ქუთაისში და ბათუმშიც ჩავდივარ ხოლმე."
გულო ჩეჩელაშვილი
"თბილისში ვცხოვრობ შვილთან ერთად და აქედან მე თვითონ დავდივარ მთაში, გერგეთში, მლეთაში. მინდვრის ყვავილებზე ვმუშაობ და ადგილები ვიცი, სადაც უფრო მეტად უნიკალურ ყვავილებს ვაგროვებ. ჩამომაქვს თბილისში, ვზივარ და ვყიდი.
ძალიან განვიცდი, რომ ადამიანები ბუნებას არ უფრთიხლდებიან. ყველაზე დიდი სათქმელი ესაა ჩემი, რომ ბუნებას ასე თუ მოექცევიან წინ ვერ წავლენ, შთამომავლობას რა პასუხს გასცემენ?!
როცა ყვავილები არ არის, სანთელ-სარკმეველს ვყიდი. სოკოსაც ვყიდი ხოლმე, კარგად ვერკვევი, მე თვითონ ვკრეფ და ვაგროვებ."
ჯიმი (მიხეილ) მაცაბერიძე
"ცოლი სამი წლის წინ გარდამეცვალა და მარტო ვცხოვრობ, ისე სამი შვილი მყავს - ორი გერმანიაშია, ერთი აქ, საქართველოში. ეს ქვეყანა დამპალი რომ არ იყოს, მე, რაიკომის ყოფლი მდივანი ყვავილების გავყიდდი? იმიტომ ვყიდი, რომ ორი კაპიკი ავიღო, თუმცა ძალიან იშვიათად გამოვდივარ სამუშაოდ. ზოგადად ლექსებს ვწერ, მაგრამ არც ვაჟა-ფშაველა ვარ, არც აკაკი და არც ილია.
ჩვენ იქიდან წამოვედით,
სადაც ირმების ჯოგია,
მსოფლიოს შემოვუარეთ,
რაჭას ვერც ერთი სჯობია.
მევენახეს ბაღი უყვარს,
მეწისქვილეს სავსე გუდა,
ღმერთმა იმას გაუმარჯოს,
ვისაც თქვენთვის კარგი უნდა."
სოფო ბესტავაშვილი
"რაიონში ვცხოვრობ, ქმართან ერთად. სამ მარტს ვიყავი პირველად ჩამოსული თბილისში ყვავილების გასაყიდად, ახლა მეორედ ჩამოვედი, რომ პურის ფული ვიშოვო და ჩემს მეუღლეს დიაბეტის წამალი ვუყიდო. თვითონაც იყო სამში წამოსული, ფიზიკურად მუშაობა მძიმეების აწევა არ შეუძლია და სახლის საქმეებში ყველაფერში მეხმარება. ძირითადად დაკავებული ვარ სოფლის საქმით, ოჯახში.
მეზობლები მეხმარებიან, ყვავილებს მაძლევენ. ჩაბარებას მირჩევნია, ჩემით გავყიდო - უფრო მეტი მოგებაა."
ლეილა აბლოთია
"დიასახლისი ვარ, სამი შვილის დედა. ზუგდიდის რაიონში ვცხოვრობ, ისე აფხაზეთიდან დევნილი ვარ. ყვავილები ეზოში მომყავს. ხშირად არ ჩამოვდივარ, ძირითადად დღესასწაულებზე. ზუგდიდში ქმართან და ორ შვილთან ერთად ვხოვრობ. აქ ერთ-ერთი შვილია გათხოვილი და მასთან ვრჩები ხოლმე."
კომენტარები