არჩევნები იტალიაში: რა უნდა ვიცოდეთ და რატომ არის მნიშვნელოვანი - მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

კვირას, 4 მარტს იტალიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებზე დამოკიდებულია როგორც იტალიის პოლიტიკური მომავალი, ისე ევროკავშირის, როგორც ერთიანი სტრუქტურის, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა.

იტალიის რესპუბლიკა არასდროს გამოირჩეოდა პოლიტიკური სტაბილურობითა და მდგრადობით. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე 64 მთავრობა და 28 პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა. პოლიტიკური ვითარება იტალიაში ამ დროისთვისაც საკმაოდ ბუნდოვანი და გაურკვეველია.

როგორია იტალიის საარჩევნო სისტემა?

იტალიაში ახალი საარჩევნო სისტემით პირველად ტარდება. Rosatelum-ის სახელით ცნობილი სისტემის მიხედვით, მანდატების 37 პროცენტი ადგილობრივ ოლქებზეა დამოკიდებული და გამარჯვებული ხმების უბრალო უმრავლესობის მქონე კანდიდატი გახდება. დანარჩენი 63 პროცენტი საიდუმლო პროპორციული სიებით გადანაწილდება.

საარჩევნო სისტემა მკაცრი კონკურენციის პირობებში აყენებს პარტიებს. მოცემული საარჩევნო სისტემით მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდებიან ალიანსებისთვის და თანამშრომლობისთვის ღია პოლიტიკური ძალები.

არჩევნებით ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო უნდა აირჩიონ. ის ორპალატიანია, დეპუტატების პალატა და სენატი. ჯამურად ორივე ორგანო 945 ადამიანით კომპლექტდება. მათგან 630 დეპუტატი პალატაშია და 315 - სენატში.

რა მნიშვნელობა აქვს იტალიის არჩევნებს?

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ევროსკეპტიკური პარტიები გაიმარჯვებენ და ჩამოაყალიბებენ მთავრობას, ეს შეიძლება გახდეს გარდამტეხი მომენტი ევროკავშირის პოლიტიკური მდგრადობის, ერთიანობისა და სამომავლო გაფართოების კუთხით.

იტალიის საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა, ბრექსიტისა და ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე. ბოლო რამდენიმე წელია, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში პოპულისტური რადიკალი მემარჯვენე პარტიები მზარდი პოპულარობით სარგებლობენ. გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში იტალიაში ევროგაერთიანების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი, რადიკალი მემარჯვენე პარტიების პოპულარობა იზრდება.

არჩევნების შედეგები ასევე მნიშვნელოვანია იტალიის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით. ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური სირთულეებია და არჩევნების შედეგები დიდ გავლენას იქონიებს ევროზე, როგორც ერთიან ევროპულ ვალუტაზე და მთლიანად ევროზონაზე.

გარდა ამისა, იტალია აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან წასული მიგრანტების მთავარი კარიბჭეა ევროპაში. არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას მიგრანტების პრობლემაზე უდიდესი გავლენა ექნება კონტინენტის მაშტაბით.

როგორია იტალიის ახლანდელი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა?

ქვეყანას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი მართავდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ქვეყანამ სამი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა. დაახლოებით ერთი წლის წინ ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერი მატეო რენცი კონსტიტუციური რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ინიციატივის მიზანი იყო, რომ მმართველ პოლიტიკურ პარტიას უფრო მძლავრი და ეფექტური მანდატი მიეღო, თუმცა ინიციატივამ ვერ მოიპოვა მოსახლეობის ნდობა და 59 პროცენტით 41- ის წინააღმდეგ ჩავარდა. ამის შემდეგ რენციმ თანამდებობა დატოვა, მისი ადგილი პაოლო ჯენტილონიმ დაიკავა, რომელიც დღემდე ასრულებს პრემიერის მოვალეობას.

დღევანდელი მდგომარეობით, უმუშევრობის ინდექსი იტალიაში 10,8 პროცენტია, ევროკავშირში შემავალი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი კი - 7,3 პროცენტი. კიდევ უფრო მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი 25 წლამდე მოქალაქეთა ასაკობრივ ჯგუფში და 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით 32 პროცენტს გაუტოლდა.

ბოლო ფინანსურ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 0,3 პროცენტი იყო, რაც 0,2 პროცენტით ჩამოუვარდა, შემოდგომის კვარტლის მაჩვენებელს (0,5%).

მძიმე ვითარებაა ქვეყნის საბანკო სექტორიც, პრობლემური სესხების ჯამური მოცულობა 368 მილიარდი ევროა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, იტალიის სახელმწიფო ვალი მშპ-სთან შედარებით 133 პროცენტია.

რა საკითხებია არჩევნების წინ აქტუალური?

იტალიას როგორც დასავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანას, ბოლო წლების განმავლობაში პოპულისტურმა ევროსკეპტიკურმა ტალღამ გადაუარა. ამ კუთხით ისევე როგორც გერმანიაში არჩევნების მთავარი საკითხი მიგრანტებია.

2017 წლის განმავლობაში იტალიამ სულ 119 ათასი მიგრანტი მიიღო, რაც მესამედით ნაკლებია 2016 წლის მაჩვენებელზე. იტალიის ყოფილმა პრემიერმა, სილვიო პერლუსკონიმ, რომელიც ამ თანამდებობას არაერთხელ იკავებდა მიგრანტების პრობლემა აფეთქებისთვის მზა, ნელი მოქმედების ნაღმი უწოდა. მან 600 ათასი მიგრანტის დეპორტაციის დაპირება გასცა.

მიგრანტების გარდა, ქვეყნის პრობლემაა კორუფცია და მზარდი კრიმინალი. პოლიტიკოსების ნაწილი იტალიის წინაშე მდგარი ფინანსური და ეკონომიკური სირთულეების სათავეს ქვეყნის ევროზონაში გაერთიანებას მიიჩნევს.

წინასაარჩევნო პერიოდში, პარტიები ძირითადად კონკურენტების ანტიპიარით არიან დაკავებულები, საარჩევნო პროგრამებში კი შეუსრულებელ პოლიტიკურ დაპირებებს იძლევიან. პროცესში ქვეყნის პრეზიდენტი, სერჯიო მატარელაც ჩაერთო და თხოვა ყველა პარტიას და ლიდერს არ გაეცათ არარეალური პოლიტიკური დაპირებები, თუმცა მის თხოვნას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

ვინ არიან ძირითადი მოთაშეები და რა წინასაარჩევნო დაპირებები აქვთ?

იტალიის არჩევნებში რამდენიმე ათეული პარტია და 10-მდე საარჩევნო კოალიცია გეგმავს მონაწილეობას. პოლიტიკური ლანდშაფტი მრავალფეროვანია და მოიცავს რევოლუციურ მემარცხენე, კომუნისტური პარტიებს და რადიკალ მემარჯვენეების პარტიებსაც, ფაშისტური ფესვებით. არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატის მოპოვება Forza Italy-ს, დემოკრატიულ პარტიასა და Movimento 5 Stelle (ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა) აქვთ.

Forza Italy

სილვიო ბერლუსკონი

სილვიო ბერლუსკონი

ქვეყნის ოთხგზის პრემიერ-მინისტრმა, 81 წლის სილვიო ბერლუსკონიმ ბოლო წლის განმავლობაში შეძლო ნაწილობრივ დაებრუნებინა დაკარგული ნდობა. მან გასული წლების განმავლობაში მის ირგვლივ ატეხილი სამართლებრივი და სექსუალური სკანდალების მიუხედავად პოლიტიკაში დაბრუნება შეძლო. ბერლუსკონის ნდობასთან ერთად ბოლო თვეების განმავლობაში, მისი პარტიის Forza Italy (წინ იტალია), რეიტინგიც მუდმივად იზრდება.

ბერლუსკონის დაპირებებია საშემოსავლო გადასახადის 23 პროცენტამდე შემცირება, 2012 წლის საპენსიო რეფორმის გაუქმება და მინიმალური პენსიის გაზრდა 1 000 ევრომდე და სამემკვიდრეო გადასახადისა და მკაცრი ეკონომიის რეჟიმის გაუქმება. გარდა ამისა, მის დაპირებებშია სამემკვიდრეო გადასახადისა და მკაცრი ეკონომიის რეჟიმის გაუქმება. პარტია გეგმავს მიგრანტების ტალღის შემცირებას, არალეგალების რეპატრიაციასა და აფრიკული "მარშალის გეგმის" (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის აღმშენებლობისთვის აშშ-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური და პრაქტიკული დახმარება) შემუშავებას მიგრანტების დასახმარებლად.

დემოკრატიული პარტია

ფოტო: Reuters

არჩევნებში მონაწილეობს დემოკრატიული პარტია. მისი ლიდერი მატეო რენცია. ამ პარტიის სიიდან იყრის კენჭს მოქმედი პრემიერი პაოლო ჯენტილონიც.

ბოლო რამდენიმე თვეში პარტია დატოვა რამდენიმე დეპუტატმა. მათ თავისუფლებისა და თანასწორობის პარტიას ჩამოაყალიბეს. მათ თავისუფლებისა და თანასწორობის პარტიას ჩამოაყალიბეს, რომელიც კიდევ უფრო მემარცხენე ხედვებისაა ვიდრე რენცის ირგვლივ დარჩენილი გაერთიანება.

განხეთქილების მიზეზი შრომითი კანონმდებლობის რეფორმა გახდა. პარტიიდან გასული დეპუტატები უფრო მეტ რეგულაციებსა და დასაქმებულისთვის უფრო მეტ გარანტიებს მოითხოვდნენ.

დემოკრატიული პარტიის პროგრამაში გათვალისწინებულია გადასახადების შემცირება როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე, ბიზნესისთვის. ამავდროულად, პარტია მინიმალური ხელფასის ზღვრის გაზრდას გეგმავს. დაპირებებშია ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც დაახლოებით 9 მილიარდი ევროს ღირებულების იქნება, რომელითაც შობადობის წახალისაებაცაა გათვალისწინებული.

გამარჯვების შემთხვევაში, პარტია მოქალაქეებს კორუფიციასთან ბრძოლასა და სამართალდამცავი სტრუქტურების მნიშვნელოვან საკადრო გადახალისებას პირდება. პროგრამაში საუბარია ევროპის გაერთიანებული შტატების პროექტზეც.

Movimento 5 Stelle

ლუიჯი დი მაიო

ლუიჯი დი მაიო

იტალიის პოლიტიკურ ცხოვრებაში შედარებით გამოუცდელი პარტიაა ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა. მიუხედავად ამისა, პარტიამ შეძლო ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილის ნდობის მოპოვება და ერთ-ერთ მთავარ ლიდერად მოიაზრება. პარტიის ლიდერი ლუიჯი დი მაიოა.

პარტია ანტი-ისტებლიშმენტური, პოპულისტურ-პოლიტიკურ ძალაა. პარტიის გეგმავს საპენსიო ასაკის დაწევას, მინიმალური სახელფასო ზღვარად 780 ევროს დადგენასა და დასაქმებულების სამსახურიდან გათავისუფლების წესების გამკაცრებას.

პარტიის პროგრამაშია გაწერილი ენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიების გადასახადების ზრდა, მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა და გათანლებისა და სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმა.

პარტიის ლიდერებს კარგი ურთიერთობები აქვთ რუსეთის მმართველ წრეებთან და საგარეო პოლიტიკის კუთხით ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას მიიჩნევენ.

როგორი კოალიციები შეიძლება შეიქმნას?

არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა, არჩევნების შემდეგ მემარჯვენე-ცენტრისტული და მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციები შეიქმნას.

მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციაში, შექმნის შემთხვევაში, შეიძლება გაერთანდნენ პარტიები: ფორცა იტალია, ჩრდილოეთის ლიგა, იტალიის ძმები და იტალია და ჩვენ.

მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციაში, შექმნის შემთხვევაში, შეიძლება გაერთანდნენ პარტიები: დემოკრატიული პარტია, თავისუფლებისა და თანასწორობის პარტია, პლუს ევროპა და შედარებით პატარა სამოქალაქო საზოგადოების პარტია.

რაც შეეხება ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას, პარტია არც ერთ კოალიციაში მოიაზრება და არც სამომავლო პარტნიორების შესახებაა ცნობილი. პარტიის ლიდერმა ლუიჯი დი მაიომ CNBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ პარტია სხვა პოლიტიკურ ძალასთან კოალიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ კი მათ ვერ შეძლეს მმართველი მანდატის მიღება. დი მაიოს არ დაუსახელებია კონკრეტული პოლიტიკური ძალები.

როგორია წინასაარჩევნო კვლევების შედეგები?

ორგანიზაცია The Termometro Politico poll-ის მიერ, 3-დან 10 თებერვლამდე არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა. კვლევაში 5 ათასამდე ადამიანი გამოიკითხა, მათ 40 პროცენტს გადაწყვეტილი არ აქვთ ვის მისცემენ ხმას.

პარტიების მიხედვით, ხმები ასე გადანაწილდა:

  • ფორცა იტალია - 15,9 %;
  • ჩრდილოური ლიგა და იტალიის ძმები (Lega Nord, Fratelli d'Italia) - 14,8 %;
  • ჩვენ და იტალია (Noi con l'Italia) - 1,8 %;
  • დემოკრატიული პარტია - 21,3 %;
  • თავისუფლების და სამართლიანობის პარტია - 5,3 %;
  • + ევროპა (Piu' Europa) - 2,6 %;
  • სამოქალაქო საზოგადოების პარტია (Lista Insieme) - 0,6 %;
  • ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა (Movimento 5 Stelle) - 26,3 %;
  • სხვა პარტიები - 3,3 %.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ვერცერთი პარტია შეძლებს მანდატების მმართველი უმრავლესობის მოპოვებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა

გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, მწვანე ხეებში მდგომ დემონსტრანტებს და გონიათ ეს გუშინ ხდებოდა,…