სენატორების ორპარტიული ჯგუფი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, "დაუყოვნებლივ შეცვალოს კურსი" რუსული დიზელის იმპორტის დაშვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

"პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, დაუშვას რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში, პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ კანონს", — ნათქვამია სენატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც კონგრესის მიერ 2022 წელს რუსულ ენერგომატარებლებზე დაწესებულ აკრძალვაზეა საუბარი. — "ადმინისტრაციამ ასევე ვერ შეძლო კონგრესთან კონსულტაციების გამართვა ან რაიმე განმარტების წარდგენა თავისი გადაწყვეტილების დასასაბუთებლად, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული".

კრიტიკოსთა შორის არის ოთხი რესპუბლიკელი სენატორი — სუზან კოლინზი (მეინი), ლიზა მურკოვსკი (ალასკა), თომ ტილისი (ჩრდილოეთ კაროლინა) და ჯონ კერტისი (იუტა), ასევე დემოკრატი სენატორები — ჯინ შაჰინი (ნიუ-ჰემპშირი), რიჩარდ ბლუმენტალი (კონექტიკუტი) და რონ ვაიდენი (ორეგონი). შაჰინი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წამყვანი დემოკრატია.

"შეერთებულმა შტატებმა პუტინს არ უნდა მიაწოდოს ფინანსური გადარჩენის რგოლი, სანამ რუსეთი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას აგრძელებს, ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს კურსი" — წერენ სენატორები.

ცნობისთვის, პარასკევს, 9 ოქტომბერს ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დისკუსიის შემდეგ, რუსეთი "ამერიკულ და გლობალურ ბაზარ" ასობით ათას ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის. შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა შემდგომში გამოსცა გენერალური ლიცენზია, რომელიც აშშ-ში რუსული დიზელის იმპორტს 2027 წლის აპრილამდე უშვებს.