ირაკლი კობახიძის განცხადებით, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტისას შუალედური კომპანიის ჩახსნის შედეგად საქართველო ელექტროენერგიას წინა ფასთან შედარებით 0.02 ცენტით იაფად ყიდულობს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე bm.ge-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა.

მისივე თქმით, მიღებული დანაზოგი მთლიანად მოხმარდება პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზების გაძლიერებასა და სისტემის გაჯანსაღებას.

"შემიძლია გითხრათ, რომ წინა ფასთან შედარებით 0.02 ცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა ელექტროენერგიაში იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუალედური კომპანია, რაც ცხადია ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ძალიან აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად შუალედური რგოლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან.

რა შეეხება სხვა ქვეყნებს, სხვა ქვეყნებიდან ჩვენ შუალედური კომპანიის მეშვეობით არ ვყიდულობთ ელექტროენერგიას. არის შვილობილი კომპანიები, შვილობილი კომპანია იგივეა, რაც შესაბამისი პარტნიორი, ანუ მათი შვილობილი კომპანიებია და არა შუალედური კომპანიები. შესაბამისად ჩვენ სხვა ქვეყნებიდან შუალედის გარეშე ვახორციელებთ იმპორტს", — განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელი ხომ არ იქნება, რომ დაზოგილი თანხა სამომხმარებლო ტარიფის შემცირებას მოხმარდეს, ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ დაზოგილი თანხა ტარიფზე აისახოს.

"რა თქმა უნდა, ტარიფზეც აისახება. რაც გვექნება დანაზოგი, მთლიანად მოხმარდება პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის სისტემის გაჯანსაღებას, ელექტროგადამცემი ხაზების გაძლიერებას, ტარიფზეც ბუნებრივია აისახება იმპორტის ფასის შემცირება. ...როცა მისი დრო დადგება, შეიძლება, რომ ეს ფაქტორი გახდეს საფუძველი ფასების გადახედვისთვის", — თქვა კობახიძემ.


შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტს შუამავალი კომპანიის გარეშე განახორციელებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია რომ შუამავლის გარეშე განხორციელდება იმპორტი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის. არცერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი შუამავლის მეშვეობით. კონკრეტულად აზერბაიჯანის შემთხვევაში, შუამავლის ჩახსნის შედეგად ყოველწლიურად რამდენიმე მილიონს დაიტოვებს სახელმწიფო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სემეკის ენერგობალანსის სტატისტიკის თანახმად, საქართველომ 2026 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან 164 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა; 2025 წელს 417 მილიონი კილოვატ საათი; 2024 წელს 186 მილიონი კილოვატ საათი; 2023 წელს კი 3.3 მლნ კილოვატ საათი. თუმცა, იმპორტის სტატისტიკაში მითითებულია რომ იმპორტი განხორციელებული იყო ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორის (ესკო) მიერ, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, ხოლო კომერციული ოპერატორი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტში ბოლოს 2021 წელს იყო მითითებული - შპს "თბილისის საინვესტიციო ჯგუფი", — განაცხადა კობახიძემ.