"როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, რა პირად სანქციებზეა საუბარი? სრული პასუხისმგებლობით — 1 000%-ით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია", — ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლო სანქცირებაზე კომენტირებისას თქვა.

"მე ვიცი, რომ ვაკეთებ სწორ საქმეს. მე და ჩემს თანაგუნდელებს ხალხის მხარდაჭერა გვაქვს იმიტომ, რომ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი სამშობლოსთვის არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ბევრი უსამართლობა არის ამ ამ რთულ გზაზე, მაგრამ მთავარი არის ქვეყნის ინტერესი.

ზოგადად ჩვენ ხომ ვიცით, რომ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებით მათ აქვთ არასამართლიანი დამოკიდებულება. საქართველო ვერ იქნება ვიღაცის პაიკი, ვერ იქნება ვიღაცის ხელის ბიჭი, რომ რასაც უნდა იმას დაავალებენ, გააკეთებინებენ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი და დამაზიანებელი იქნება", — განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის შეხვედრებს არანაირი ფასი არ აქვს.

"ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია აღნიშნულთან დაკავშირებით, ბევრი განმარტებები, განცხადებები გვაქვს გაკეთებული. გულწრფელად ვიტყვი, რომ საერთოდ არ გვაქვს ინტერესი რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ იმიტომ, რომ ყველა მათი განცხადება, თუ მიღებული რეზოლუცია, მხოლოდ და მხოლოდ არასამართლიანობაზე, ტყუილსა და სიცრუეზეა დაფუძნებული.

შესაბამისად, როდესაც მსოფლიოში, რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში ასეთი გამოწვევებია, ასეთი მძიმე სიტუაციაა, მათ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით არის გაჯერებული, საერთოდ არანაირი ფასი არ აქვს და ჩემთვის პირადად არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს", — აღნიშნა კახა კალაძემ.