5 ახალი წიგნი გამომცემლობისგან "წიგნები ბათუმში", რომელიც წიგნის დღეებზე უნდა შეიძინოთ
ის გიფი ხომ ყველამ იცით - გოგო წიგნით ხელში ფანჯარასთან რომ ზის, კუბოკრული პლედი აქვს შემოხვეული, ფინჯნიდან ორთქლი ამოდის, ფეხებთან კატა უწევს, გარეთ კი უსასრულოდ წვიმს (ეს ხომ გიფია, გიფი კი უსასრულოა), ორიოდე კვირაში ყველანი ასეთები გავხდებით. შეიძლება კატა ძაღლმა შეცვალოს, კუბოკრული პლედი - ყვავილებიანმა, ხოლო წვიმის ნაცვლად ფანჯრიდან საცობში ჩაძირულ ქალაქს ვხედავდეთ, მაგრამ ერთი რამ უცვლელი იქნება - წიგნი, თანაც ერთ-ერთი იმათგან, რომლებსაც 9-დან 12 ნოემბრის ჩათვლით „ექსპო ჯორჯიაში“ დაგეგმილ „თბილისის წიგნის დღეებზე“ შეიძენთ.
ქვემოთ გთავაზობთ იმ წიგნების ჩამონათვალს, რომლებიც თქვენთვის გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა და რომლებზე ყურადღების გამახვილებასაც გირჩევთ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩამოთვლილი წიგნების თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა და ჟანრული მრავალფეროვნების შენარჩუნებაც მაქსიმალურად ვცადეთ. უფრო მეტის გაგება კი ფესტივალის დღეებში, გამომცემლობის სტენდზე შეგეძლებათ, სადაც ყველაზე კომპეტენტური და მეგობრული კონსულტანტები დაგხვდებიან.
გურამ მაცხონაშვილი - ”გლდანი [შეუძლებელი რომანი]“
თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული, ვიღაცისთვის კი მეტ-ნაკლებად სკანდალური რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი დროებით ტოვებს ქალაქის ცენტრში განთავსებულ სცენებს და გლდანის თეატრში ინაცვლებს. მისი სადებიუტო რომანის მთავარი გმირი სწორედ ეს საძილე უბანი გახლავთ; სწორედ აქ განათავსებს თავისი ლიტერატურული დებიუტის დეკორაციებს, აქ შემოჰყავს პერსონაჟები და ის ავანსცენაც აქაა, საიდანაც ავტორი თბილისის ამ უზარმაზარი, განაპირა და ლამის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ქცეული უბნის ამბავს გვიყვება. ამბის ცენტრალური ფიგურა მარტოხელა დედაა, რომელიც ყველასგან განცალკევებით, კარჩაკეტილად ცხოვრობს, რაც მის გარშემო აგორებული ჭორებისა თუ ლეგენდების საბაბადაც იქცევა. ქალი გლდანის ისედაც ჩაკეტილი სოციუმისთვის ყველაზე დიდი ენიგმაა, თუმცა ავტორის იმასაც უშვებს, რომ, შესაძლოა, საქმე სრულიად მიწიერ შემთხვევასთანაც გვქონდეს. სტილისტური თამაშებით, ოსტატურად დაქსელილი სტრუქტურითა და მრავალფეროვნებით დატვირთული რომანი მკითხველს ბევრ სიურპრიზს უმზადებს.
ფენი ფლეგი - „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“
ყველა ქვეყნის ლიტერატურაში არსებობს ნაწარმოებები, რომლებმაც არა მხოლოდ ლიტერატურული, არამედ საზოგადოებრივი ცნობიერების გადატრიალება მოახდინა, გამოაშკარავა ამავე საზოგადოების ყველაზე ბნელი და დაფარული მანკიერებები და შექმნა შემთხვევითი, თუმცა, მოცემულ მომენტში, ყველაზე აუცილებელი გმირები. სწორედ ასეთი გახლავთ ფენი ფლეგის „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“, რომელში მოთხრობილი ამბავიც რამდენიმე ათეულ წელიწადზეა გადაჭიმული და ცვლილებებითა და შინაგანი რევოლუციებით სავსე მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ თემებს ეხმიანება: რასიზმი, ქალთა და, ზოგადად, ადამიანთა უფლებები, სოციალური უთანასწორობა, აზრის გამოხატვის შეზღუდვა, შინაგანი თავისუფლება და სხვა.
ამბავი ალაბამის ერთი პატარა ქალაქის რკინიგზის სადგურთან მდებარე კაფე „უისელ სტოპსა“ და მის გარშემო ვითარდება. სწორედ აქ ხვდება ერთმანეთს ქვეყნის სხვადასხვა მხრიდან მომავალი გზები და რა გასაკვირია, რომ ყველა მანკიერება ერთად იყრის თავს. თუმცა ამის გვერდით ავტორი საოცარ იუმორსა და თხრობის ლაღ სტილსაც იყენებს, რაც ნაწარმოებს გემრიელი კერძის მომაჯადოებელი არომატივით გასდევს. არომატი და გემრიელი კერძები კი რამდენიც გინდათ - ეს ხომ შემწვარი მწვანე პომიდვრებით ცნობილი კაფე „უისელ სტოპია“, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ ხუმრობა, ერთმანეთი და გემრიელად ჭამა და შეუძლიათ, უდიდესი გმირობა მადლობისა და აპლოდისმენტების მოლოდინის გარეშე ჩაიდინონ.
ფილიპ კ. დიკი - „პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა“
ეს ამბავი მაშინ დაიწყო, როდესაც დუღილის ტემპერატურამ მაქსიმუმს მიაღწია, როდესაც ადამიანის ყველაზე მარტივი ინსტინქტი - სუნთქვა, ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი აღმოჩნდა და კაცობრიობამ დედამიწის გარეთ დაიწყო ჟანგბადის ძიება. საქმე მხოლოდ მაღალ ტემპერატურაში არაა - სამყარო შიგნიდან შეიცვალა, ადამიანები ძალიან მარტოსულები და უბედურები არიან, ერთადერთ ნუგეშად კი სრულყოფილი ნივთებით გარშემორტყმული და სრულყოფილივე ცხოვრების მქონე „პატარა პატის კომპლექტებიღა“ დარჩენიათ - იდეალური თოჯინები, რომლებიც საოცნებო სამყაროს მინიმოდელად ქცეულან და კაცობრიობას ახალ რეალობასთან შეგუების საშუალებას არ აძლევენ. სრულ აპათიაში ჩაძირულ ადამიანებს ავტორი შვებას უზიარებს - ნარკოტიკს, რომლის გამოყენებაც ჩვეულებრივ ამბად ქცეულა და აძლევს ძალას პალმერ ელდრიჩის სახით, რომელიც ან სიკეთეა ან ბოროტება, ღმერთია ან ეშმაკი. ან იქნებ რაღაც სხვა ძალაა, რომელიც იმდენად მარტოსული და მოწყენილია, რომ ადამიანთა კიდევ უფრო გაუბედურებით ირთობს თავს.
ბრენდონ სანდერსონი - „ნისლქმნილი: უკანასკნელი იმპერია“
როგორია თქვენი იდეალური სამყარო? ალბათ სიკეთით, თანასწორობითა და ჯადოსნობით სავსე. ასე წარმოუდგენიათ ადამიანების ცხოვრება ბრენდონ სანდერსონის სრულიად გამაოგნებელი „ნისლქმნილის“ პერსონაჟებსაც, რომლებიც ქალაქის თავზე მოჩვენებებივით დაჰქრიან და სამყაროს ყველაზე ძლევამოსილი მბრძანებლის წინააღმდეგ ილაშქრებენ.
„ნისლქმნილის“ ტრილოგია დამსახურებულად მიიჩნევა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ფენტეზის ჟანრში, რადგან ის ამ ჟანრისთვის აუცილებელ მთავარ სეგმენტს, მაგიას, სრულიად განსხვავებული და ორიგინალური სისტემით გვაცნობს. ბრენდონ სანდერსონის მიერ გამოგონილი და შემუშავებული ლითონების მაგია ლოგიკურობისა და თანმდევრობითობის იდეალური ნიმუშია, რაც ნაწარმოებს მაშინვე ანიჭებს უმაღლეს კატეგორიას.
„უკანასკნელი იმპერია“ უდიდესი თავგადასავლის დასაწყისია. სწორედ აქ გავიცნობთ მამაც და იდუმალი წარსულის მქონე კელსიერსა და გოგონა ვინის, რომლებიც ფერფლით დათოვლილი და ნისლით მოცული ამ ჯადოსნური სამყაროს მთავარი ჯარისკაცები არიან.
ფენტეზის მოყვარულთათვის „ნისლქმნილი“ აუცილებელი საკითხავია, ხოლო დამწყებთათვის ამ გასაოცარი ჟანრის გასაცნობად იდეალური სტარტია.
რომენ გარი - „ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ“
ცნობილი ფრანგი მწერლის, რომენ გარის აღნიშნული კრებული მართლაც უნიკალური შემთხვევაა, რადგან იმ იშვიათ კრებულებს წარმოადგენს, რომლებშიც ერთი ავტორის რადიკალურად განსხვავებული ნაწარმოებებია თავმოყრილი. აქ შეხვდებით არა მხოლოდ თემატურ, არამედ ჟანრობრივ და ენობრივ განსხვავებებსაც, რაც წამით იმასაც გაფიქრებინებთ, რომ მათ სხვადასხვა ავტორი ჰყავთ. სწორედ ეს გახლავთ რომენ გარის სამწერლო ოსტატობის ძირითადი მაჩვენებელი, იდეალურად აწყობილი წინადადებები და დიალოგები კი მთავარი კერძის გარნირია.
კრებულის მთავარი ხაზი ადამიანის ხასიათის ძიებაზე გადის. ავტორი მასში სიკეთისა და ბოროტების ამოცნობას ცდილობს და ირონიული ცინიზმით აკრიტიკებს უგუნურებასა და სიბრიყვეს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას ადამიანი არ უყვარს - პირიქით, სწორედ ამგვარი დამოკიდებულებით ცდილობს მასში იმ ადამიანობის გამოღვიძებას, რომელიც, იმედოვნებს, რომ ჯერ კიდევ შემორჩენია. და რაც მთავარია, ამ ყველაფერს არა დემაგოგიური და გამკიცხავი ტონით აკეთებს, არამედ საოცარი იუმორითა და მისტიკით შეზავებული ტექსტით.
შეგახსენებთ, რომ თბილისის წიგნის დღეები ოთხი დღის განმავლობაში, 9-დან 12 ნოემბრის ჩათვლით, ექსპო ჯორჯიაში ჩატარდება. წიგნის დღეების ფარგლებში სხვადასხვა გამომცემლობები თავიანთ წიგნებს წარმოადგენენ, რომლებზეც უპრეცედენტო ფასდაკლდება იმოქმედებს.
კომენტარები