მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
ფოტო: Max-Panck-Gesellschaft
© Jim Peaco
როდესაც მგლების ხროვა მსხვერპლს დაედევნება და დაიჭერს მალევე იქ ყორანი ჩნდება. სანამ მტაცებლები ნადავლის ჭამას დაიწყებენ ყორნები თავიანთ რიგს ელოდებიან, რომ ნადავლის მცირე ნაწილი მაინც შეხვდეთ.დიდი ხნის განმავლობაში მკვლევრებს აინტერესებდათ, როგორ ახერხებდნენ ისინი ნადავლის ასე სწრაფად აღმოჩენას. გავრცელებული მოსაზრებით, ყორნები უბრალოდ მგლებს მიჰყვებოდნენ.
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ყორნები გაცილებით უფრო დახვეწილ სტრატეგიას იყენებენ. ორწელიწადნახევრის განმავლობაში, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში (Yellowstone National Park) ჩატარებული დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყორნებს ახსოვთ ის ადგილები, სადაც მგლები ყველაზე ხშირად ნადირობენ, და საჭიროების შემთხვევაში ამ ტერიტორიებს შორეული მანძილიდანაც უბრუნდებიან.
"მათ შეუძლიათ ექვსი საათის განმავლობაში შეუჩერებლად იფრინონ და პირდაპირ იმ ადგილს მიაკვლიონ, სადაც ნადავლია", — ამბობს კვლევის პირველი ავტორი მათიას ლორეტო.
მკვლევრების შეფასებით, აღმოჩენა მიუთითებს, რომ ყორნები საკვების მოსაძებნად სივრცით მეხსიერებასა და ორიენტაციის უნარს იყენებენ.
"ყორნებს შეუძლიათ ფრენით დიდი მანძილის დაფარვა და, როგორც ჩანს, შესანიშნავი მეხსიერებაც აქვთ. ამიტომ მათ არ სჭირდებათ მუდმივად მგლების გაყოლა, რათა მტაცებლების ნადავლით ისარგებლონ", — განმარტავს ლორეტო.
მკვლევრებმა ყორნებს ზურგზე GPS-მოწყობილობები დაამაგრეს, რომელთა ანტენებიც გარეთ იყო გამოშვერილი.
ფოტო: © Matthias Loretto
კვლევა ფოკუსირებული იყო იელოსტოუნის სახელმწიფო პარკზე (Yellowstone National Park), სადაც მგლები თავიდან გააამრავლეს 90-იან წლებში 70 წლიანი არყოფნის შემდეგ
პარკში მგლების გადაადგილებას სპეციალური GPS-საყელოებით აკვირდებიან. ყოველწლიურად ასეთი მოწყობილობა მგლების პოპულაციის დაახლოებით მეოთხედს უკეთდება. დან სტალერი, რომელიც Yellowstone National Park-ში მგლების ხელახლა დასახლების პროგრამის დაწყებიდანვე აკვირდება მათ, ამბობს, რომ ყორნები მიზანმიმართულად ეძებენ მგლებს.
"ხშირად ხედავ, როგორ მიფრინავენ ისინი გადაადგილებაში მყოფი ხროვის თავზე ან როგორ დახტიან მგლების უკან, როდესაც ისინი ნადავლს იჭერენ", — ამბობს ის.
ყორნებისთვის ეს საკვების მოპოვების მომგებიანი სტრატეგიაა, რადგან მგლების ნადირობის შემდეგ თითქმის ყოველთვის რჩება საკვები, რომლითაც ფრინველები იკვებებიან.
"ყველას გვეგონა, რომ მათ ძალიან მარტივი წესი ჰქონდათ — უბრალოდ მგლების სიახლოვეს დარჩენა", — ამბობს სტალერი.
ეს ვარაუდი არასოდეს ყოფილა ექსპერიმენტულად შემოწმებული.
"არ ვიცოდით, სინამდვილეში რა შესაძლებლობები ჰქონდათ ყორნებს, რადგან აქამდე არავის შეუსწავლია მათი ქცევა თავად მტაცებლების ნადავლის მაძიებლების პერსპექტივიდა", — დასძენს ის.
ყორნების ქცევის სრულყოფილად შესასწავლად, მკვლევრებმა 69 ყორანს მინიატურული GPS-მონიტორინგის მოწყობილობები დაამაგრეს.
"ეს მართლაც წარმოუდგენლად დიდი რაოდენობაა", — ამბობს კვლევის პირველი ავტორი მათიას ლორეტო.
მისი თქმით, ყორნები გარემოს იმდენად ყურადღებით აკვირდებიან, რომ მახეში ადვილად არ ებმებიან. ამიტომ, მათი დასაჭერად მკვლევრებს ხაფანგები გარემოსთან ზედმიწევნით უნდა შეეთავსებინათ. მაგალითად, ბანაკების სიახლოვეს განთავსებული ხაფანგები ნაგვითა და სწრაფი კვების პროდუქტებით ნიღბავდნენ.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, ყორნები მიხვდებოდნენ, რომ რაღაც საეჭვო იყო, და ახლოს აღარ მივიდოდნენ", — ამბობს ლორეტო, რომელიც ამჟამად University of Veterinary Medicine Vienna-ის მეცნიერია.
ყორნების გარდა, მკვლევრებმა კვლევაში Yellowstone National Park-ის 20 მგლის გადაადგილების მონაცემებიც გამოიყენეს, რომლებსაც GPS-საყელოები ეკეთათ. დაკვირვება ზამთარში მიმდინარეობდა, რადგან სწორედ ამ პერიოდში არიან ყორნები ყველაზე ხშირად მგლების სიახლოვეს. GPS-მონაცემები ყორნებისთვის ყოველ 30 წუთამდე ინტერვალით, ხოლო მგლებისთვის — ყოველ ერთ საათამდე იწერებოდა. მკვლევრებმა ასევე გააანალიზეს ინფორმაცია იმის შესახებ, სად და როდის მოინადირეს მგლებმა ნადავლი — ძირითადად ბიზონები და ირმები.
ფოტო: © Daniel Stahler
ორწლინახევრის განმავლობაში მკვლევრებმა ერთადერთი შემთხვევა აღმოაჩინეს, რომლის დროსაც ყორანი მგელს მიჰყვებოდა 1 საათის განმავლობაში კილომეტრზე მეტ მანძილზე.
"თავიდან დავიბენით", — ამბობს ლორეტო. "იმის მერე რაც გავიაზრეთ, რომ ყორნები არ მიჰყვებიან მგლებს დიდ დისტანციებზე, ვერ შევძელით აგვეხსნა როგორ მიდიან ყორნები ასე სწრაფად ნადირობის სცენებთან".
მოძრაობის მონაცემების ანალიზის შემდეგ კანონზომიერება გაირკვა. იმის ნაცვლად, რომ ყორნები მტაცებლებს გაყოლოდნენ ყოველი ნადირობისას, ისინი არაერთხელ უბრუნდებოდნენ იმავე ადგილებს, სადაც მგლების მიერ ნადავლის მოპოვების შემთხვევები ხშირად ფიქსირდებოდა. ზოგიერთი ინდივიდი დღეში 155 კილომეტრამდე დაფრინავდა და მკვეთრად განსაზღვრული მიმართულებით გადაადგილდებოდა იმ ადგილებისკენ, სადაც, დიდი ალბათობით, ლეში უნდა გამოჩენილიყო — მიუხედავად იმისა, რომ ნადავლის მოკვლის ზუსტი დრო წინასწარ განსაზღვრული არ არის.
მდებარეობის თვალსაზრისით, მგლების მიერ მოკლული ნადავლი, როგორც წესი, ლანდშაფტის გარკვეულ მონაკვეთებში გროვდება, მაგალითად, ბრტყელ ხეობებში, სადაც მგლები უფრო წარმატებით ნადირობენ. კვლევამ აჩვენა, რომ ყორნები გაცილებით ხშირად სტუმრობდნენ იმ ადგილებს, სადაც წარსულში მგლების ნადირობის წარმატებული შემთხვევები ხშირი იყო, ვიდრე იმ ტერიტორიებს, სადაც ასეთი შემთხვევები იშვიათად ფიქსირდებოდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ისინი სწავლობენ და იმახსოვრებენ მგლების მიერ შექმნილ გრძელვადიან "საკვების რესურსების რუკას".
"უკვე ვიცოდით, რომ ყორნებს შეუძლიათ დაიმახსოვრონ სტაბილური საკვების წყაროები, მაგალითად, ნაგავსაყრელები", — ამბობს ლორეტო. „თუმცა გაგვაკვირვა იმან, რომ ისინი, როგორც ჩანს, სწავლობენ იმასაც, თუ ლანდშაფტის რომელ ნაწილებშია მგლების მიერ ნადავლის მოკვლის ალბათობა უფრო მაღალი. ერთი კონკრეტული შემთხვევის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ დროთა განმავლობაში გარკვეული ტერიტორიები სხვებზე უფრო პროდუქტიული ხდება, და როგორც ჩანს, ყორნები ამ ზომიერებას საკუთარი სარგებლისთვის იყენებენ".
ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ყორნები მგლებს მოკლე დისტანციაზეც მიჰყვებიან.
"ადგილობრივად მგლების მიერ მოკლული ნადავლის საპოვნელად, სავარაუდოდ, ყორნები ახლო მანძილზე მოქმედ მინიშნებებს იყენებენ — აკვირდებიან მგლების ქცევას ან უსმენენ მათ ყმუილს", — ამბობს ლორეტო.
უფრო ფართო მასშტაბზე სურათი ნათელია: პირველ რიგში მეხსიერება, შემდეგ კი გარემოს მინიშნებები. ყორნები სივრცით მეხსიერებასა და ნავიგაციის უნარს ეყრდნობიან, რათა თავიდანვე განსაზღვრონ, სად დაიწყონ ძებნა — ზოგჯერ ათეულობით, ან თუნდაც ასეულობით კილომეტრის დაშორებით.
კვლევის უფროსი ავტორი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ მ. მარზლაფი, დასძენს:
"ჩვენმა კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ ყორნები საკვების მოსაპოვებლად ადგილის არჩევაში ძალიან მოქნილები არიან. ისინი ერთ კონკრეტულ მგლის ხროვას არ არიან მიჯაჭვულნი. მათი გამორჩეული გრძნობათა ორგანოებისა და წარსულში საკვების აღმოჩენის ადგილების მეხსიერების წყალობით, შეუძლიათ მრავალი სხვადასხვა ტერიტორია შეარჩიონ და საკვები შორ მანძილზეც მოძებნონ. ეს ცვლის ჩვენს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ პოულობენ ლეშისმჭამელები საკვებს, და მიანიშნებს, რომ ზოგიერთი სახეობის შესაძლებლობები, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში სათანადოდ ვერ შევაფასეთ".
კვლევას ხელმძღვანელობდნენ Research Institute of Wildlife Ecology და Max Planck Institute of Animal Behavior. პროექტში ასევე მონაწილეობდნენ Senckenberg Biodiversity and Climate Research Centre, School of Environmental and Forest Sciences და Yellowstone National Park-ის წარმომადგენლები.
კომენტარები