ვინ არიან ძმები ტეიტები, რომელთაც UK-ში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული 59 ბრალდება აქვთ?
18 ივლისს აშშ-ში ცნობილი კონტროვერსიული ინფლუენსერი ძმები ენდრიუ და ტრისტან ტეიტები დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა ძმებისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ კიდევ 38 ახალი ბრალდების წარდგენა.
რას ედავებიან ძმებ ტეიტებს?
გაერთიანებული სამეფოს პროკურატურის განცხადებით, ენდრიუ ტეიტს ბრალი ედება გაუპატიურების კიდევ შვიდ ეპიზოდში, ასევე სექს-ტრეფიკინგსა და ბავშვთა პორნოგრაფიის მასალების დამზადება-გავრცელებაში. ტრისტან ტეიტის ბრალდებები გაუპატიურების ორ ეპიზოდსა და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგის ორგანიზების ან ხელშეწყობის სამ შემთხვევას მოიცავს.
ეს ნიშნავს, რომ 39 წლის ენდრიუს გაერთიანებულ სამეფოში სულ 42 ბრალდება აქვს წარდგენილი, ხოლო 37 წლის ტრისტანს — 17.
პოლიციის ინფორმაციით, ძმების წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების საერთო რაოდენობა ამჟამად 59-ს შეადგენს. უწყების ცნობით, ძმების მიერ სავარაუდო დანაშაულები 2010 წლის ივლისიდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდშია ჩადენილი. ძმები ტეიტები წარსულში დანაშაულის ჩადენას კატეგორიულად უარყოფდნენ.
დიდი ბრიტანეთის პროკურატურის განცხადებით, აშშ-ში დაკავების შემდეგ პროკურორები სამართლებრივ პროცედურებს დაიწყებენ, რათა ძმების გაერთიანებულ სამეფოში ექსტრადირება მოხდეს. ორივე მათგანი აშშ-ისა და ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეა.
ტეიტების ადვოკატმა, ჯოზეფ მაკბრაიდმა დაკავების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ "მთელმა მსოფლიომ იცის ენდრიუსა და ტრისტანის უდანაშაულობის შესახებ". მისივე თქმით, ძმებისთვის წაყენებული ახალი ბრალდებები "პოლიტიკური თავდასხმაა".
ფოტო: Joseph McBride/Le Monde
ცნობისთვის, ადვოკატი ჯოზეფ მაკბრაიდი 2021 წელს კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების მიერ შეჭრის საქმის ცნობილი ფიგურანტია — ის სწორედ ტრამპის მხარდამჭერთა უფლებებს იცავდა.
ძმებ ტეიტებს იგივე პოზიცია ჰქონდათ მაშინაც, როდესაც მათ წინააღმდეგ 2022 წელს რუმინეთში დაიწყო სამართლებრივი დავა.
რატომ მიიჩნევენ ძმები ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად და რა უნდა ვიცოდეთ მათზე?
ძმებმა ენდრიუ და ტრისტან ტეიტებმა, განსაკუთრებით კი უფროსმა ძმამ ენდრიუმ, ცნობადობა სწორედ ქალების მიმართ გაცხადებული კონტროვერსიული განცხადებებით მოიპოვეს. ენდრიუ ტეიტის ცნობილი მოსაზრებაა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა "პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ" და ბრალეულობა მხოლოდ მოძალადე კაცზე არ იყოს მიმართული — ამ მოსაზრების გაჟღერების შემდეგ, ძმები ტეიტები Meta-ს, TikTok-ის და YouTube-ის პლატფორმებიდან სამუდამოდ დაიბლოკნენ.
თავდაპირველად საზოგადოება ენდრიუ ტეიტს, როგორც კიკბოქსერს იცნობდა. თუმცა მედიის ყურადღება მან პირველად 2016 წელს მიიპყრო, როდესაც ცნობილი ბრიტანული რეალითი-შოუ Big Brother-დან გააგდეს, რადგან მან კონკურსანტ ქალზე ფიზიკურად იძალადა. ტეიტმა ეს ბრალდებაც უარყო და განაცხადა, რომ მას "ქალისგან ნებართვა ჰქონდა აღებული".
ძმები ტეიტების გზა მილიონერობამდე პირდაპირ უკავშირდება პორნოინდუსტრიასა და ქალთა ექსპლუატაციას. ენდრიუ ტეიტი არათუ არ უარყოფს, არამედ საჯაროდ ამაყობს იმით, რომ თავისი პირველი მილიონები ონლაინ სექსუალური მომსახურებით იშოვა. ენდრიუ პოდკასტებსა და ვიდეოებში ღიად აცხადებდა, რომ ის ქალებს ონლაინ-სექსმუშაკებად იყენებდა, რათა მათ მიერ გამომუშავებული ფული მიეთვისებინა. ტეიტს არაერთხელ განუცხადებია, რომ თუ ის ქალთან ურთიერთობაშია, ეს ქალი მისი "საკუთრებაა", შესაბამისად, ქალის მიერ სექსმუშაკობით გამომუშავებული მთელი ფული კაცს ეკუთვნის.
ძმები ტეიტები მხოლოდ "აზრების გაჟღერებით" არ შემოიფარგლნენ. მათ შექმნეს ონლაინ-კურსი ახალგაზრდა კაცებისთვის სახელწოდებით PHD (Pimping Hoes Degree). აღნიშნული კურსის მეშვეობით ძმები სხვა კაცებს "ცოდნას უზიარებდნენ" — როგორ მოეძებნათ მოწყვლადი ქალები, როგორ "შეეყვარებინათ მათთვის თავი", დაემორჩილებინათ ფსიქოლოგიური მანიპულაციით და შემდგომ იძულებით ჩაერთოთ პორნოინდუსტრიაში, ხოლო გამომუშავებული თანხა მიეთვისებინათ.
ტეიტების მხრიდან "პოლიტიკური დევნის" ნარატივი ყველაზე ღიად თაკერ კარლსონთან 2023 წლის ივლისის ინტერვიუში გაჟღერდა, რომელიც რუმინეთში, ტეიტის შინაპატიმრობის დროს ჩაიწერა. ამ ინტერვიუში ენდრიუ ტეიტი პირდაპირ აცხადებს, რომ მას "გლობალური ელიტა" ებრძვის, რადგან მან "მილიონობით ახალგაზრდას თვალი აუხილა".
"ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე, ეს არის პოლიტიკური შეკვეთა. "მატრიცას" [გლობალურ ელიტას] არ აინტერესებს კანონი, მათ აინტერესებთ კონტროლი. როდესაც დაინახეს, რომ მილიონობით ახალგაზრდა კაცს თვალებს ვუხელდი და დამოუკიდებლად აზროვნებას ვასწავლიდი, მიხვდნენ, რომ ჩემი გაჩუმება იყო საჭირო. ბრალდებები სრულიად აბსურდულია და შეთხზულია იმისთვის, რომ ჩემი რეპუტაცია გაანადგურონ," — აცხადებდა ტეიტი.
"გლობალურ ელიტაში" ძმები ტეიტები ძირითადად ლიბერალურ და ფემინისტურ იდეოლოგიას გულისხმობენ. სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაჭერილი ძმების მხარდამჭერთა რიგებში ისეთ ცნობილ კონსერვატორებს შევხვდებით, როგორებიც არიან: დონალდ ტრამპ უმცროსი, Fox News-ის ყოფილი წამყვანი თაკერ კარლსონი, ილონ მასკი და სხვები.
სამართლებრივი ომი რუმინეთში
2022 წლის 29 დეკემბერს, ბუქარესტთან ახლოს მდებარე ვილაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, რუმინელმა სამართალდამცავებმა ენდრიუ და ტრისტან ტეიტები დააკავეს.
ფოტო: BBC
რუმინეთის ორგანიზებულ დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებამ მათ ოფიციალური ბრალდება 2023 წლის ივნისში წარუდგინა შემდეგი მუხლებით — ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა, ტრეფიკინგი და პორნოგრაფიული შინაარსის მასალის იძულებით შექმნა. უშუალოდ ენდრიუ ტეიტს რუმინეთშიც დამატებით ბრალი ედება გაუპატიურებაში.
პროკურატურის ვერსიით, ჯგუფი 2021 წლის დასაწყისში შეიქმნა და მისი მიზანი ქალების სექსუალური ექსპლუატაცია და ფინანსური სარგებლის მიღება იყო. მსხვერპლებს ცრუ დაპირებებითა და სიყვარულის ილუზიით იტყუებდნენ, რის შემდეგაც მათ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას უქვემდებარებდნენ.
დაკავების შემდეგ ძმებმა რამდენიმე თვე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარეს, თუმცა 2023 წლის მარტში სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიება შინაპატიმრობით შეუცვალა. იმავე წლის აგვისტოში შინაპატიმრობაც გაუქმდა და მათ სასამართლო კონტროლი დაუწესდათ, რაც ქვეყნის ტერიტორიის დატოვების აკრძალვას ითვალისწინებდა.
ძმებმა ტეიტებმა რუმინეთის დატოვება მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც 2024 წლის ივლისში ბუქარესტის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მათთვის დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა და ნება დაართო, დაეტოვებინათ რუმინეთის ტერიტორია ევროკავშირის ფარგლებში. თუმცა ისინი კვლავ ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ რუმინულ სასამართლოში პროცესების გაგრძელებისას. თავად ძმები ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
კომენტარები