პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს
ფოტო: Sci. Rep. 2026
პალეონტოლოგებისთვის პატარა ძვალიც კი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემი შეიძლება იყოს, რასაც უკანასკნელი აღმოჩენა ადასტურებს. მეცნიერებმა ტაილანდში, ნამარხების შემცველ ქანში, ხერხემლის ერთადერთ მალას მიაკვლიეს და მისი მეშვეობით დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა გამოავლინეს.
მას Uragasaurus kalasinensi ეწოდება და გრძელი კისრის მქონე ზავროპოდია (ჯგუფი, რომელშიც მცენარეების მჭამელი დინოზავრები ერთიანდებიან). ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იურული და ცარცული ეპოქების გარდამავალ პერიოდში იყვნენ გავრცელებულნი. ეს ფაზა დაახლოებით 143 მილიონი წლის წინ დაიწყო.
ურაგაზავრი ჩრდილო-აღმოსავლეთ ტაილანდში ოფიციალურად სახელდებული პირველი მემენქიზავრიდია (გრძელკისერა დინოზავრების ოჯახი). მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მსგავსი დინოზავრების მრავალფეროვნებაში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს და მათი გეოგრაფიული განაწილებისა თუ ევოლუციური ისტორიის შესახებ ახალ მონაცემებს გვაწვდის.
მალას სპეციალისტებმა Phu Kradung-ის გეოლოგიურ ფორმაციაში მიაკვლიეს. ის მდინარეების დინებისას დანალექის დაგროვების შედეგად წარმოიქმნა და ნამარხებითაა მდიდარი. იქ მცირე ზომის ძვლის აღმოჩენისას პალეონტოლოგები მიხვდნენ, რომ რაღაც ახალთან ჰქონდათ საქმე. ამაზე ნამარხის ფორმა და ისეთი დეტალები მიუთითებდა, როგორიცაა ჩაღრმავებები, შიდა სტრუქტურა, რესპირატორული სისტემიდან გამავალი საჰაერო გზები და ა.შ. სწორედ ასეთი ფაქტორებით განასხვავებენ ერთმანეთისგან სახეობებს.
ნიმუშის ტომოგრაფიულმა ანალიზმა მართლაც აჩვენა ისეთი მახასიათებლები, რომლებიც სხვა დინოზავრებში არ გვხვდება. მაგალითად, ასეთია საჰაერო "ჯიბეების" ფორმა და განლაგება, ასევე Y-ს ფორმის ძვლოვანი ქედები. აღსანიშნავია, რომ მალასთან ახლოს ჩონჩხის სხვა ფრაგმენტებსაც მიაკვლიეს, მაგრამ მათში არაა შემონახული ისეთი დეტალები, რომლებზე დაყრდნობითაც იმავე სახეობას მივაკუთვნებთ.
სამაგიეროდ, ახალი ნამარხის მეშვეობით მემენქიზავრიდების შესახებ მეტს ვიგებთ. ამ ოჯახში შემავალი დინოზავრების უმეტესობა ჩინეთშია აღმოჩენილი. ახალი მიგნება მიანიშნებს, რომ ისინი გვიან იურულ პერიოდში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც ცხოვრობდნენ, რაც ზავროპოდების ევოლუციური ხის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.

კომენტარები