ასტრონომ ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიამ 30 ივნისს უმნიშვნელოვანესი მისია დაიწყო, რომლის მიზანიც 10 წლის განმავლობაში "უდიდესი კოსმოსური ფილმის" გადაღებაა. პროექტს Legacy Survey of Space and Time (LSST) ეწოდება და სამყაროს უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.

"დღეს უდიდესი კოსმოსური ფილმის გადაღება დავიწყეთ. აშშ-ის სახელმწიფო სამეცნიერო ფონდის (NSF) ენერგიის დეპარტამენტის ხელშეწყობით რუბინის ობსერვატორია ყოველ ღამე კოსმოსის შესახებ ჩვენს ცოდნას მნიშვნელოვნად გააღრმავებს და მეცნიერებასა თუ ინოვაციაში ამერიკის გლობალურ პირველობას გაამყარებს", — განაცხადა NSF-ის დირექტორმა, ბრაიან სტოუნმა.

პროექტის ფარგლებში რუბინის ობსერვატორია 3200-მეგაპიქსელიან კამერას გამოიყენებს, რომელიც აქამდე შექმნილთა შორის უდიდესია. მისი მეშვეობით სამხრეთ ნახევარსფეროს მთლიან ცას რამდენიმე ღამეში ერთხელ დააკვირდებიან. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ცის ყოველ წერტილს 800-ჯერ გადაიღებენ, რის შედეგადაც ულტრაგანიერ და ულტრამაღალი გარჩევადობის კადრებს მივიღებთ. ისინი დროის გასვლის პარალელურად კოსმოსურ ცვლილებებს გვიჩვენებს — სწორედ ამიტომ ადარებენ მეცნიერები ამას ფილმს.

ასევე, იხილეთ: და, აი, ისიც! — ნახეთ რუბინის ობსერვატორიის პირველი სურათები

ობსერვატორიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მეშვეობით ასტრონომები ბნელი ენერგიისა და ბნელი მატერიის შესახებ მეტის გაგებას ეცდებიან, პირველი იდუმალი ძალაა, რომელიც სამყაროს აჩქარებულ გაფართოებაში მონაწილეობს, მეორე კი გალაქტიკებს მთლიანობას უნარჩუნებს, თუმცა ჩვენთვის უხილავია.

ეს ერთგვარი რუკაა, რომელიც გვიჩვენებს, რას დააკვირდება რუბინის ობსერვატორია ერთი კვირის განმავლობაში. სურათში ყოველი "ფილის" ფერი თითოეული ექსპოზიციის ფილტრს შეესაბამება.

ფოტო: NSF–DOE Vera C. Rubin Observatory/NOIRLab/SLAC/AURA

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს პროექტი სამყაროში ახალ ფანჯარას გაგვიხსნის და თანამედროვე კოსმოლოგიას განვითარების მომდევნო ეტაპზე გადაიყვანს. მათი თქმით, ის კოსმოსის დინამიკურ ბუნებას აღბეჭდავს და უდიდესი ასტრონომიული საიდუმლოების ამოხსნაში დაგვეხმარება. მკვლევართა განცხადებით, ბნელი ენერგიისა და მატერიის ამგვარად შესწავლა ჩვენივე არსებობის ფუნდამენტური კანონების გაგებას გახდის შესაძლებელს.

ასევე, იხილეთ: რევოლუციურმა ტელესკოპმა კოსმოსს მზერა გაუსწორა — ნახეთ, რა გველის წინ

რუბინის ობსერვატორია ძირითადად პულსარებს, ზეახალ ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს დააკვირდება. შესაძლოა, მისი მეშვეობით აქამდე უცნობი ფენომენებიც აღმოაჩინონ. მოსალოდნელია ისიც, რომ მზის სისტემაშიც მილიონობით ახალ ასტეროიდსა და კომეტას გამოავლენენ.

აღსანიშნავია, რომ ჩილეში განლაგებულმა ობსერვატორიამ ფუნქციონირების პირველ თვეებშივე 11 000 ასტეროიდი უკვე აღმოაჩინა. მათ შორისაა დედამიწასთან ახლომდებარე 33 ობიექტი და 380 ყინულოვანი მცირე და ჯუჯა პლანეტა, რომლებიც ნეპტუნის მიღმა მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ საბოლოო მონაცემებში მილიარდობით ციური სხეული იქნება თავმოყრილი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.