კორეის გეომეცნიერებისა და მინერალური რესურსების (KIGAM) მკვლევრებმა ყავის ნარჩენების მაღალი ხარისხის ნახშირად გადაქცევის მეთოდი იპოვეს. ამ ნახშირს ბიოჩარს უწოდებენ.

ეს ისედაც დიდი მიღწევაა, თუმცა ყველაზე ინოვაციური მაინც მეთოდის სისწრაფეა: მის შესრულებას სულ რაღაც 90 წამი სჭირდება. გარდა ამისა, სპეციალური გაშრობის ან ზეთის გამოყოფის პროცესები აუცილებელი არ არის. როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, ახალი ტექნიკით ყავის მარცვლებიდან ენერგიის გამოყოფის უდიდესი პრობლემა გადაიჭრა.

წლიურად ადამიანები 8-10 მილიონ ტონა ყავის ნარჩენებს ვტოვებთ, რომელთა უმეტესობაც ნაგავსაყრელებზე ხვდება. ზოგადად, ყავის გადამუშავების სხვა მეთოდებიც არსებობს, თუმცა ყავის მაღალი ტენიანობის გამო მისგან ენერგიის გამოყოფა რთული საქმეა.

ასევე იხილეთ: მეცნიერებმა ბირთვული ნარჩენები ენერგიის წყაროდ აქციეს — ახალი ტექნოლოგია

ამ პრობლემის გადასაჭრელად KIGAM-ის გუნდმა ახალი ტექნიკა შექმნა, რომელსაც ალის პლაზმის პიროლიზი უწოდეს (FPP). ეს ყავის ნარჩენების მაღალი წნევის ქვეშ მოთავსებას გულისხმობს. საამისოდ 900°C-იან პლაზმას იყენებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ამ მეთოდით ყავის მარცვლებს უკიდურესად აცხელებენ, რის შედეგადაც ტენი ასობით მიკროსკოპული აფეთქების შედეგად გარეთ გამოდის. ეს მცირე ზომის ნასვრეტებიან სტრუქტურებს წარმოქმნის, საბოლოოდ კი მთლიანი ბიომასა 83,3%-ით მცირდება.

პროცესის ბოლოს ანთრაციტის ნახშირის მსგავსი ნივთიერება დარჩა. როგორც მკვლევრები განმარტავენ, მიღებული ბიოჩარი კარგი საწვავია. ამასთან, მისი გამოყენება ინდუსტრიულ და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობებში შეგვიძლია. გარდა დროის შემცირებისა (სხვა ტექნიკებს საათები სჭირდება), ახალი მეთოდით ნაკლები გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერება გამოიყოფა, მაგალითად, ბოლი ან კუპრი.

აღსანიშნავია, რომ მკვლევრები ამ ტექნოლოგიის სხვა სახის ნარჩენებზე მორგებას და მეთოდის კომერციალიზებას გეგმავენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.