მეცნიერებმა სოკო შიიტაკეს (Lentinula edodes) მეშვეობით ფუნქციური მემრისტორი შექმნეს — წრედის ელემენტები, რომლებიც ძველ ელექტრულ მდგომარეობებს "იმახსოვრებს". ამისთვის მათ არა ტიტანის დიოქსიდი ან სილიციუმი, არამედ მიცელიუმი გამოიყენეს, რომელიც სოკოს ფესვების მსგავსი სტრუქტურაა.

შედეგად მიღებული მემრისტორი ისე მუშაობს, როგორც სილიციუმის ბაზაზე შექმნილი ჩიპი, მაგრამ, პოტენციურად, მასზე ბიუჯეტური, ეკომეგობრული და მასშტაბებში განვრცობადია. ასევე, მისი ფუნქციონირება ტვინის ნეირონულ აქტიურობას მოგვაგონებს, რის გამოც დიდი ენერგია არ სჭირდება.

ტვინის მსგავსი კომპიუტერის მისაღებად ასეთივე კომპონენტები უნდა გვქონდეს. მათგან ერთ-ერთი აუცილებელი სწორედ მემრისტორია, რომელიც სინაფსების, ანუ ნეირონების კონტაქტის ადგილების, როლს ასრულებს და ინფორმაციის მიმოცვლას უწყობს ხელს. ამ დანიშნულებისთვის სოკოს მიცელიუმი შესაფერისია, რადგან ნეირონულ ქსელს ბევრი რამით ჰგავს, მაგალითად: სტრუქტურითა და ელექტრული ან ქიმიური სიგნალებით მონაცემების გადაცემით.

რა თქმა უნდა, ასეთი მიზნისთვის მათი მოდიფიცირება მაინც საჭიროა. სპეციალისტებმა არჩევანი შიიტაკეზე იმიტომ შეაჩერეს, რომ ის მოქნილობით, გამძლეობითა და ამტანობით გამოირჩევა. სულ ცხრა ნიმუში გაზარდეს, რისთვისაც სუბსტრატით სავსე ლაბორატორიულ ჭურჭელში მოთავსებული სოკოს სპორები გამოიყენეს; უკვე გაზრდილი მიცელიუმი პირდაპირი მზის სხივების ქვეშ, კარგად განიავებულ გარემოში, გააშრეს, რათა გამოსადეგი ყოფილიყო.

ფოტო: LaRocco et al., PLOS One, 2025

გამზადებული ნიმუშები სპეციალურ წრედთან დააკავშირეს იმისთვის, რომ მათ დენი გადასცემოდა. ელექტრული სადენები სოკოს სხვადასხვა ნაწილს მიუერთეს, რადგან მიცელიუმის ამა თუ იმ რეგიონის ელექტრული მახასიათებელი განსხვავებულია.

შედეგად მიღებული მემრისტორის რხევებმა 5850 ჰერცს მიაღწია და მისი სიზუსტე 90% იყო. ეს ნიშნავს, რომ იგი სიგნალების გადართვას წამში დაახლოებით 5850-ჯერ ახერხებდა. შედარებისთვის, ყველაზე ნელი კომერციული მემრისტორების მაჩვენებელი ამას ორზე ოდნავ მეტჯერ აღემატება, ანუ უკანასკნელი ექსპერიმენტი იმედის მომცემია.

მისი მიმდინარეობისას გაირკვა, რომ რაც უფრო ძლიერდებოდა დენი, მით უფრო ფერხდებოდა სოკოს მუშაობა. ამის კომპენსირებისთვის წრედში მიცელიუმის რაოდენობა გაზარდეს, რამაც გაამართლა.

მართალია, სოკოზე მომუშავე კომპიუტერამდე ჯერ კიდევ შორს ვართ, მაგრამ ეს მიგნება მსგავსი კვლევების წინსვლის საშუალებას გვაძლევს. ახალი ნაშრომი გამოცემაში PLOS One გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.