შესაძლოა, NASA-მ მთვარის მისიის ფარგლებში SpaceX-თან კონტრაქტი გააუქმოს
ფოტო: SpaceX
NASA-ს პროგრამა არტემისი მთვარეზე კაცობრიობის დაბრუნებას ისახავს მიზნად. მისია არტემის 3-ის ფარგლებში სააგენტო იქ ასტრონავტების გაგზავნას გეგმავს, რომლებიც ციური სხეულის ზედაპირზე გაივლიან — პირველად 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
რა თქმა უნდა, ამისთვის კოსმოსური აპარატია საჭირო, რის გამოც 2021 წელს NASA-მ 2.9 მილიარდდოლარიანი კონტრაქტი ილონ მასკის კომპანია SpaceX-თან გააფორმა. თანამშრომლობა მთვარეზე დასაშვები, ეკიპაჟზე მორგებული, მოდულისა და რაკეტა Starship-ის შექმნას ითვალისწინებს. ხომალდზე ინჟინრები რამდენიმე წელია, მუშაობენ და საცდელ ფრენებს ახორციელებენ, მაგრამ ეს პროცესი დროში ზედმეტად გაიწელა.
ამის გამო NASA კომპანიასთან თანამშრომლობის გაუქმებას განიხილავს, რის შესახებაც სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შონ დაფმა, განაცხადა.
"SpaceX მიყვარს; არაჩვეულებრივი კომპანიაა. პრობლემა ისაა, რომ ისინი ჩამორჩნენ. მათ ვადებს ზედმეტად გადააჭარბეს, ჩვენ კი ჩინეთის წინააღმდეგ 'რბოლაში' ვართ ჩართულნი. პრეზიდენტსა და მე გვსურს, რომ მთვარემდე მიმდინარე საპრეზიდენტო ვადაში მივაღწიოთ, ამიტომ მინდა, კონტრაქტი ღია გავხადო. კოსმოსური ინდუსტრიის სხვა კომპანიებს საშუალებას მივცემ, რომ SpaceX-ს შეეჯიბროს — მაგალითად, Blue Origin-ს", — თქვა მან 20 ოქტომბერს.
Blue Origin ბიზნესმენ ჯეფ ბეზოსის კომპანიაა, რომელმაც 2023 წელს არტემისის საეკიპაჟო დასაშვები სისტემის შესაქმნელად 3.4 მილიარდდოლარიანი კონტრაქტი თავადაც გააფორმა. მის ფარგლებში ის Blue Moon მოდულზე მუშაობს, რომლის გამოყენებასაც მისია არტემის 5-ის დროს აპირებენ.
ადამიანთა ნაწილი ფიქრობს, რომ სამუშაოების დროულად დასრულებას პირველად სწორედ Blue Origin შეძლებს. ამას მასკმაც უპასუხა და განაცხადა, რომ კონკურენტ კომპანიას დედამიწის ორბიტაზე ჯერ ტვირთი არ გაუტანია, არათუ მთვარეზე. ცნობისთვის, ბეზოსის რაკეტა New Glenn-მა ხომალდ Blue Ring-ის პროტოტიპი ორბიტაზე იანვარში გაიტანა, რაც მისთვის ამ დრომდე ერთადერთი ფრენა იყო.
რაც შეეხება არტემის 3-ს, ის 2024 წლის მიწურულს უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ჯერ 2025 წლისთვის, შემდეგ 2026-ისთვის, ბოლოს კი 2027 წლის შუა პერიოდისთვის გადაიწია. დაფის თქმით, შეიძლება მისია 2028 წელსაც კი შედგეს. გადავადების მიზეზი მხოლოდ მასკის რაკეტა არაა, არამედ Orion-ის კაფსული, ასტრონავტების სკაფანდრები და სხვა.
მართალია, ტესტირებებისას Starship მუდმივად ფეთქდებოდა, მაგრამ ბოლო ორმა ფრენამ წარმატებით ჩაიარა. NASA-სთვის დრო მნიშვნელოვანია, რადგან მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნას ჩინეთიც გეგმავს, ამიტომ ტექნოლოგიურ მზაობაზეა დამოკიდებული, რომელი ქვეყანა იქნება პირველი.
კომენტარები