სამი გული, ცისფერი სისხლი, უძვლო სხეული, ბევრი საცეცი, ფერისა და ფორმის შეცვლის უნარი — ეს რვაფეხაა, რომელიც სიცოცხლის უცხოპლანეტურ ფორმას უფრო მოგვაგონებს, ვიდრე დედამიწურს. ის დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ცხოველად მიიჩნევა, მაგრამ ყოველთვის ასე არ ყოფილა.

იყო დრო, როცა რვაფეხებს სრულიად არაგონიერ არსებებად აღიქვამდნენ. მათ შორის წყლის ამ ბინადრით უჩვეულო მახასიათებლებით ძველბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელეც მოტყუვდა. იგი მის შესახებ ცნობილ ნაშრომში წერდა, რომელსაც "ცხოველების ისტორია" ეწოდება და ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეშია შექმნილი.

"რვაფეხა სულელი არსებაა — როცა ადამიანი წყალში ხელს ყოფს, ის მას უახლოვდება. ჩვეულებრივ, იგი ერთ წელზე მეტხანს არ ცოცხლობს; მას ბუნებრივი მიდრეკილება აქვს, რომ სითხედ გადაიქცეს: თუ ჩაარტყამთ ან ხელს მოუჭერთ, მასას კარგავს და ბოლოს საერთოდ ქრება. ეს განსაკუთრებულად მდედრებს ახასიათებთ [კვერცხების დაყრის შემდეგ]... ისინი სულელები ხდებიან; ტალღამ რომ გაიტაცოს, მას არ ეწინააღმდეგებიან; ადამიანს ხელით მათი დაჭერა შეუძლია, თუ წყალში ჩაყვინთავს; ის ლორწოთი იფარება და მსხვერპლის მოსახელთებლად დიდ ძალისხმევას არ ხარჯავს", — წერდა არისტოტელე.

გამოდის, რომ ფილოსოფოსი რვაფეხებს არათუ გონიერთ არსებებად არ ცნობდა, არამედ ისინი "სულელებად" მიაჩნდა. ეს მოსაზრება იმდენად გავრცელებული იყო, რომ დაახლოებით 400 წლის შემდეგ იმავეს რომაელი პლინიუსიც კი იმეორებდა, თუმცა საქებარი სიტყვები მაინც გაიმეტა:

"მიუხედავად იმისა, რომ სხვა მხრივ ეს ცხოველი სულელადაა მიჩნეული, ის თავისი ყოფის წარმართვაში გარკვეულ გონიერებას მაინც იჩენს", — ამბობდა პლინიუსი.

რაც შეეხება არისტოტელეს, ის იმაში ცდებოდა, რომ ადამიანის ხელთან მიახლოება ცნობისმოყვარეობის გამოვლინებაა. ეს თვისება მხოლოდ გონიერ არსებებს გააჩნიათ, მათ შორის რვაფეხებს, რომლებიც ყველაფერ ახალს დიდი ყურადღებით აკვირდებიან.

ისინი წარმოუდგენლად ჭკვიანები არიან, რისი დასტურიც ერთ-ერთი ისტორიაა: ლაბორატორიაში აკვარიუმიდან თევზები იკარგებოდნენ, რისი მიზეზის გასაგებადაც მეცნიერებმა ვიდეოკამერა დაამონტაჟეს; მალევე გაიგეს, რომ "დამნაშავე" სწორედ რვაფეხა იყო — ის საკუთარი ავზიდან გადმოდიოდა და სხვაში ინაცვლებდა, იქ თევზებს ჭამდა და შემდეგ ისევ უკან ბრუნდებოდა. რაც მთავარია, იგი აკვარიუმის თავსახურს ხსნიდა და ხურავდა, რათა მასზე ეჭვი არ მიეტანათ.

ისინი ლაბირინთშიც ახერხებენ გზის გაგნებას, იარაღებსაც იყენებენ თავშესაფრის ასაშენებლად, სხვაზე დაკვირვებით ახალ უნარებსაც სწავლობენ და ა.შ. მეცნიერები ამბობენ, რომ ამის გამო რვაფეხა გონიერების ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. შესაბამისად, არისტოტელე ნამდვილად ცდებოდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.