პირველი ადამიანი, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს, დაიღუპა
2022 წლის იანვარს ამერიკელმა ქირურგებმა ისტორიაში პირველად მოახერხეს ღორის გულის პაციენტისთვის გადანერგვა. ეს პაციენტი დევიდ ბენეტი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, ოპერაციიდან ორ თვეში დაიღუპა.
ბენეტს გენმოდიფიცირებული ღორის გული ჩაუდგეს, ეს პროცედურა კი ტრანსპლანტის მომლოდინე მილიონობით ამერიკელისთვის (და არამხოლოდ) დიდი იმედია.
დევიდ ბენეტი 57 წლის იყო, მას გულის დაავადება ჰქონდა და სწორედ ამიტომ დასთანხმდა ექსპერიმენტში მონაწილეობას, ანუ გენმოდიფიცირებული ღორის გულის გადანერგვას.
უცნობია, უკუაგდო თუ არა მისმა ორგანიზმმა უცხო ქსოვილი — ახალი გული. ეს უკანასკნელი დღეისათვის ორგანოთა ტრანსპლანტაციის კუთხით ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, რადგან ორგანიზმი უცხო ქსოვილს მტრად აღიქვამს და მასთან ბრძოლას იწყებს. როგორც საავადმყოფოს წარმომადგენელი აცხადებს, "მისი სიკვდილის მომენტისთვის ამის აშკარა მიზეზი არ გამოვლენილა".
ამ ეტაპზე, სპეციალისტები ბენეტის სიკვდილის მიზეზს იკვლევენ და ის რეფერირებად სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდება.
"მან დაამტკიცა, რომ იყო მამაცი და კეთილშობილი პაციენტი, რომელიც იბრძოდა ბოლომდე. ბატონი ბენეტის გამბედაობისა და სიცოცხლის წყურვილის შესახებ, მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანმა გაიგო", — ამბობს დოქტორი ბარტლი გრიფიტი, ქირურგი, რომელმაც ეს ისტორიული ოპერაცია ჩაატარა.
გულის ტრანსპლანტაცია იყო ერთ-ერთი იმ მოწინავე ოპერაციებისგან, რომელიც ბოლო პერიოდში, ქსენოტრანსპლანტაციის კუთხით ჩატარდა. გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის თირკმელი თუ გული ამ ეტაპზე, მილიონობით ადამიანის სიცოცხლის იმედია.
კომენტარები