ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა 14 კვლევა გამოაქვეყნეს, რომლებშიც მდინარეებში მიკროპლასტმასის შემაშფოთებელი დონეები განიხილეს.

"დაბინძურება ევროპის ყველა მდინარეში გვხვდება", — განაცხადა ფრანგმა მეცნიერმა ჟან-ფრანსუა გიგლიონემ, რომელიც ამ მასშტაბურ კვლევას ხელმძღვანელობდა. მან და მისმა გუნდმა ევროპის ცხრა მთავარი მდინარე გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანში "თითო კუბურ მეტრ წყალში პლასტმასის სამი მიკრონაწილაკი" დაფიქსირდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

მსოფლიოს 10 ყველაზე დაბინძურებული მდინარე — მათ შორის ხუანხე, ნილოსი, იანძი და ამური — ერთ კუბურ მეტრში მიკროპლასტმასის 40 ნაწილაკს შეიცავს. ისინი იმ ქვეყნების სარწყავი წყაროა, რომლებიც ყველაზე მეტ პლასტმასას აწარმოებს ან მის ნარჩენებს ამუშავებს. ეს მაჩვენებელი ახალი კვლევის მონაცემებზე გაცილებით მეტია, თუმცა ევროპული წყლების მდგომარეობა მაინც საგანგაშოა.

კვლევაში მდინარის მოცულობა გათვალისწინებული არ იყო, ამიტომ მკვლევრებმა დინების სიჩქარეზე დაყრდნობით გამოთვალეს, რამდენი ნაწილაკი გადაადგილდება იქ წამში. საფრანგეთში მდინარე რონას შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 3 000, ხოლო სენას შემთხვევაში — 900 ნაწილაკი იყო.

ფოტო: Seafood Source

"მიკროპლასტმასების ის მასა, რომელიც შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია, გაცილებით საყურადღებოა, ვიდრე ის, რომელსაც ვხედავთ", — განაცხადა გიგლიონემ — "დიდი მიკროპლასტმასები ტივტივებს და ზედაპირზე გროვდება, ხოლო უხილავი წყალში რჩება და მას ბევრი ცხოველი თუ ორგანიზმი ყლაპავს".

ნიმუშები მეცნიერებმა 9 მდინარიდან შეაგროვეს. ესენია: ელბა, ებრო, გარონა, ლუარა, რონა, რაინი, სენა, ტემზა, ტიბრი. ამ პროცესში 19 კვლევითი ლაბორატორიიდან 40 ქიმიკოსი, ბიოლოგი და ფიზიკოსი იყო ჩართული. ისინი მდინარეებს ზემოთ იქამდე მიყვებოდნენ, სანამ პირველ დიდ ქალაქს არ მიაღწევდნენ.

"მიკროპლასტმასები ბრინჯის მარცვალზე უფრო პატარაა", — ამბობს ალექსანდრა ტერ ჰალე, რომელიც კვლევაში მონაწილეობდა.

ნაწილაკები ხუთ მილიმეტრზე დიდი არაა, ყველაზე პატარა კი თვალით უხილავია. მდინარეებში აღმოაჩინეს სინთეტიკური ტექსტილის ბოჭკოები, რომლებიც ტანსაცმლის რეცხვისას გამოიყოფა. ასევე, ავტომობილის საბურავებისა და პლასტმასის ბოთლის თავსახურის ნაწილაკები.

მდინარე ლუარაში მიკროპლასტმასზე ვირუსულ ბაქტერიასაც მიაგნეს, რომელიც, შესაძლოა, ადამიანებში ინფექციის მიზეზი გახდეს. მეცნიერებმა პლასტიკური მარცვლებიც ნახეს, რომლებიც პროდუქტების წარმოებაში გამოიყენება. ისინი მთელი მიკროპლასტმასების ¼-ს შეადგენს და მათ "ქალთევზას ცრემლებს" უწოდებენ, რადგან ხშირად სანაპიროებზე გვხვდება.

"ქალთევზას ცრემლები".

ფოტო: Phys.org

"საერთაშორისო მეცნიერული გაერთიანება, რომლის წევრებიც ვართ, პლასტმასის წარმოების მნიშვნელოვნად შემცირებას მოითხოვს, რადგან ეს დაბინძურებას პირდაპირ უკავშირდება", — განაცხადა ჰალემ.

კვლევა გამოცემაში Environmental Science and Pollution Research გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.