ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტისა და პოლიციური რეჟიმის დამყარების ფონზე, გახშირდა შემთხვევები, როცა პოლიციელები ადამიანებს ქუჩაში აჩერებენ და წესების დარღვევით ჩხრეკენ. წარმოგიდგენთ ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილის რჩევებს იმ შემთხვევისთვის, თუ ქუჩაში გასაჩხრეკად გაგაჩერეს:

"რადგან გააქტიურდა ქუჩაში მოქალაქეების (ძირითადად მამაკაცების) გაჩერება და "ჩხრეკა":

პირველივე წამიდან გადაიღეთ ვიდეო. თქვენ ამის უფლება გაქვთ და არცერთი კანონი ამას არ გიკრძალავთ.

  • მოითხოვეთ პოლიციელებს ვინაობის წარდგენა;
  • მოითხოვეთ აგიხსნან გაჩერების მიზეზი და არა მიზანი;
  • თქვენი იდენტიფიცირება შეიძლება მხოლოდ კონკრეტული მიზეზებით;
  • თქვენი ზედაპირული დათვალიერება შეიძლება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში;
  • შეჩერების მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 30 წუთი;
  • თქვენი ჩხრეკა აკრძალულია სასამართლოს განჩინების ან პროკურორის დადგენილების გარეშე.
  • მდგომარეობის გართულების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ადვოკატებს, რომლებიც უსასყიდლოდ ვეცდებით მაქსიმალურად მეტი ადამიანის დახმარებას," — წერს თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.

პოსტს ადვოკატმა პოლიციის შესახებ საქართველოს კანონიდან შესაბამისი მუხლები დაურთო იმის შესახებ, თუ რა დროს შეიძლება პირის გამოკითხვა (მუხლი 19), პირის იდენტიფიკაცია (მუხლი 20) და ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება (მუხლი 22).

მუხლი 19. პირის გამოკითხვა


1. პოლიციელი უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაადგინოს პირის ვინაობა ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან, რისთვისაც შეუძლია შეაჩეროს იგი, გამოჰკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, თუ:

ა) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები;
ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა ან ჩაიდენს მას;
გ) პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე ან სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების ადგილზე;
დ) პირს თან აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იარაღი, რომლის ტარებაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, და ამ იარაღის ტარების უფლების დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია;
ე) პირი იმყოფება დანაშაულის ან საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილზე; ვ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გარეგნული ნიშნები ან პირის მოქმედება
სამართალდარღვევაში მის შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს.
2. პოლიციელი უფლებამოსილია გამოჰკითხოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი
ვარაუდისთვის, რომ მას აქვს საპოლიციო ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია. პირის მიერ ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია. 14 წლამდე ასაკის პირის მიმართ ამ ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით.
3. პირს უნდა განემარტოს საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველი, თუ ეს ხელს არ შეუშლის პოლიციას, შეასრულოს ამ კანონით დაკისრებული ფუნქციები. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოკითხვის შემთხვევაში პირს ამ ღონისძიების განხორციელებამდე უნდა განემარტოს, რომ მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

მუხლი 20. პირის იდენტიფიკაცია

1. პოლიციას უფლება აქვს, მოახდინოს პირის იდენტიფიკაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების
დაცვის მიზნით ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირის ვინაობის დადგენა იმავე პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების
განხორციელებით შეუძლებელია ან დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან და პირის
იდენტიფიკაცია აუცილებელია სამართალდარღვევათა პრევენციისათვის, ან არსებობს საკმარისი
საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს პირდაპირი კავშირი აქვს ჩადენილ სამართალდარღვევასთან.

2. პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებებია:
ა) თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება;
ბ) ფოტოსურათის გადაღება;
გ) დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნების დაფიქსირება;
დ) სიმაღლის გაზომვა;
ე) ხმის ჩაწერა;
ვ) სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება.

3. პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე ამ პირს უნდა მიეცეს საშუალება,
გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა.
4. პოლიციელი პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებისას ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება ღონისძიების განხორციელების საფუძველი და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება. პირის იდენტიფიკაციის ოქმს ხელს აწერენ ღონისძიების განმახორციელებელი პოლიციელი და ღონისძიების ადრესატი. ღონისძიების ადრესატის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ღონისძიების ადრესატს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.

მუხლი 22. ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება

1. პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას.
2. პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში
ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, თუ:
ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
ბ) პირი იმყოფება ამ კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული სპეციალური რეჟიმისადმი
დაქვემდებარებული ტერიტორიის ან ობიექტის უშუალო სიახლოვეს, 20 მეტრის რადიუსში;
გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იმ ადგილზე, სადაც პირი იმყოფება,
იკრიბებიან საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირები, იმალებიან ძებნილები ან
შესაძლებელია ჩადენილ იქნეს სამართალდარღვევა.
3. ზედაპირულ შემოწმებას ახორციელებს შესაბამისი სქესის პოლიციელი. გადაუდებელი
აუცილებლობის შემთხვევაში ზედაპირული შემოწმება შეიძლება განახორციელოს ნებისმიერმა
პოლიციელმა მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით.
4. პოლიციის პრევენციული უფლებამოსილების ფარგლებში პოლიციელს უფლება აქვს,
განახორციელოს ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება, თუ:
ა) იგი ახორციელებს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელის ზედაპირულ შემოწმებას;
ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებაში იმყოფება სამართალდამრღვევი ან უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდული პირი;