წარმართული რიტუალიდან ქრისტიანულ მედიცინამდე — კანიბალიზმი ევროპაში

ფოტო: Vox
დასავლეთ ევროპის თანამედროვე ისტორია წინააღმდეგობებითაა განსაზღვრული. ევროპა წარმოდგენილია როგორც ცივილიზაციის სიმბოლო, რომელიც დანარჩენ სამყაროში გავრცელებულ "ბარბაროსულ" წეს-ჩვეულებებს ებრძვის.
საუკუნეების განმავლობაში ერთ-ერთი ასეთი განსხვავება კანიბალიზმი იყო, რომელიც ევროპელებისთვის მიუღებლად და დაუშვებლად მიიჩნეოდა. ამის მიუხედავად, კვლევები გვიჩვენებს, რომ პრეისტორიულ და იმის მომდევნო პერიოდის დასავლეთ ევროპაში ადამიანები სხვისი სხეულის ნაწილებს სხვადასხვა მიზეზით საკვებად იყენებდნენ.
რატომ მიმართავდნენ კანიბალიზმს ევროპაში
ზოგჯერ ეს უკიდურესი შიმშილისას ხდებოდა — ომების, ბუნებრივი კატასტროფებისა და არეულობების დროს. შუა საუკუნეების დროინდელი არაერთი ისტორიული ჩანაწერი მოიპოვება, რომლებშიც აღწერილია, როგორ მოიხმარდნენ ადამიანის ხორცს გადარჩენის მიზნით.
არსებობდა კანიბალიზმის კიდევ ერთი ფორმა, რომელსაც სამკურნალო დანიშნულება ჰქონდა. სხვადასხვა პერიოდის სამედიცინო და რელიგიური პრაქტიკების მიხედვით, ადამიანის სხეულის ნაწილებს (მაგალითად, სისხლს ან ცხიმს) სამკურნალო თვისებებს მიაწერდნენ.
საუკუნეების განმავლობაში ამ პრაქტიკის შეჩერებას კანონებითა და რელიგიური შეზღუდვებით ცდილობდნენ. ჯერ კიდევ რომაული ხანიდან შუა საუკუნეების დასაწყისამდე თეოდოსიუსისა და ვესტგუთების კოდექსებში ჩნდება ჩანაწერები, რომლებიც საფლავებისა და გვამების ხელყოფას კრძალავს. VII საუკუნიდან კანიბალიზმისთვის მკაცრი სასჯელებიც კი დაწესდა.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც რაღაც იკრძალება, ესე იგი ის გავრცელებულია.
კანიბალიზმი ქრისტიანობის წიაღში
ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ეპიტიმიური წიგნები გაჩნდა. ეს იყო ეკლესიის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოები, სადაც ცოდვები და მათი შესაბამისი სასჯელები იყო ჩამოთვლილი.
მაგალითად, ერთ-ერთმა ადრეულმა ქრისტიანულმა კანონმა სისხლის ან შარდის დალევა აკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ადამიანს შვიდი წლის განმავლობაში მხოლოდ პურისა და წყლის მიღება შეეძლო. ასევე, მკაცრად კრძალავდნენ იმ ცხოველების ხორცის ჭამას, რომლებიც ადამიანის სხეულის ნაწილებით იკვებებოდნენ.
კენტერბერის მთავარეპისკოპოს თეოდორეს თავის კანონებში სისხლისა და სპერმის მიღების აკრძალვა ორჯერ აქვს ნახსენები. საინტერესოა, რომ ეს განსაკუთრებულად ეხებოდა იმ ქალებს, რომლებიც თავიანთი ქმრების სისხლს სამკურნალოდ იყენებდნენ. სხეულებრივი სითხეების თერაპიული მიზნით მოხმარება იმ დროს ესპანეთსა და სხვა ქვეყნებშიც იყო გავრცელებული, რაზეც იმავე ხასიათის აკრძალვები მიუთითებს.
ქრისტიანობის ადრეულ წლებში რიტუალების ორაზროვნების გამო გაჩნდა არასწორი წარმოდგენები, თითქოს ამ რელიგიის მიმდევრები ღმერთისთვის მსხვერპლად შეწირული ადამიანების ხორცს ჭამდნენ. მოგვიანებით, მსგავსი ბრალდებები ებრაელებისა და სხვა "ერეტიკოსების" მიმართაც გაჟღერდა.
გარდა ამისა, წმინდანების პოპულარიზაციამ მათი სხეულის სამკურნალოდ გამოყენება გაამართლა. მაგალითად, არსებობდა პრაქტიკა, რომლის დროსაც წმინდანის საფლავზე მოთავსებული ზეთი ან წყალი სამკურნალო საშუალებად მიიჩნეოდა. ეს ე.წ. კონტაქტური კანიბალიზმი იყო, ანუ ადამიანი წმინდანის სხეულთან შეხების შედეგად მიღებულ ნივთიერებებს მოიხმარდა, რათა "სასწაულებრივად" განკურნებულიყო.
ქრისტიანულ ლიტერატურაში ასეთი "წარმართული" ქმედებების შეჩერების მცდელობა რომის იმპერატორ კონსტანტინეს კეთრისგან განკურნების ლეგენდაა. მას ექიმებმა ურჩიეს, რომ ავადმყოფობის მოსარჩენად ერთადერთი საშუალება ათასობით ბავშვის სისხლით სავსე აბაზანაში ჩაწოლა იყო. როდესაც იმპერატორი მსხვერპლშეწირვას აპირებდა, რომის პაპმა სილვესტერმა და ბავშვების დედებმა დაარწმუნეს, რომ ამის ნაცვლად ქრისტიანულად მონათლულიყო. ლეგენდის თანახმად, ნათლობის შემდეგ კონსტანტინე "სასწაულებრივად" განიკურნა.
ამ ისტორიას ეკლესია იმ მიზნით ავრცელებდა, რომ წარმართული ტრადიციების სისასტიკის ფონზე ქრისტიანული რწმენის სიწმინდე წარმოეჩინა.
კანიბალიზმი XIX საუკუნის ევროპაში
დროთა განმავლობაში ევროპაში კანიბალიზმი ტაბუდადებული გახდა. ამის მიუხედავად, XIX საუკუნეშიც კი არსებობდა წარმოდგენები, რომ ადამიანის სხეულის ნაწილებს სამკურნალო თვისებები ჰქონდა.
1855 წელს გამოცემულ სამედიცინო ლექსიკონებში ადამიანის ცხიმს, სისხლსა და შარდს კვლავ სამკურნალო ინგრედიენტებად მოიხსენიებდნენ. ეს შეხედულებები ნაწილობრივ რომანტიკული ეპოქის ლიტერატურას უკავშირდებოდა, სადაც ხშირად ვხვდებით მითებს ვამპირებზე, მაქციებსა და ადამიანის მსგავს სხვა მონსტრებზე, რომლებიც სისხლსა და ხორცს იღებდნენ.
ამის მიუხედავად, ამერიკისა და აფრიკის კოლონიზაციამდეც კი კანიბალიზმი ქრისტიანობასა და "ბარბაროსობას" შორის კულტურულ დაპირისპირებაში უკვე ცენტრალური საკითხი იყო. ქრისტიანობამ ამ პრაქტიკას ბოლო კი არ მოუღო, არამედ შეცვალა — მკვდრების ხორცის ჭამის ნაცვლად, წმინდანთა ნაშთების მიმართ კონტაქტური კანიბალიზმის ფორმა დანერგა, რაც სასწაულებრივად განკურნების საშუალებად მიიჩნეოდა.
კომენტარები