მეცნიერებმა მარსზე პლაჟების კვალს მიაგნეს, რომელიც იქ ძველად არსებულ ოკეანეზე მიანიშნებს. ამის შესახებ ახალი კვლევა გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS) გამოქვეყნდა.

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა, მათ შორის პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ჩინურ მარსმავალ Zhurong-ის მიერ შეგროვებული მონაცემები გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ პლანეტის ზედაპირის ქვეშ არის ქანების შრეები, რომლებიც უძველესი ჩრდილოეთის ოკეანის არსებობაზე მიუთითებს. კვლევის თანაავტორის, ბენჯამინ კარდენასის თქმით, ეს არის ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ მარსზე ერთ დროს წყლის დიდი მასა არსებობდა, რაც სიცოცხლისთვის უფრო ხელსაყრელ გარემოს ქმნიდა.

"მარსზე გვხვდება ადგილები, რომლებიც უძველეს სანაპიროებსა და მდინარის დელტებს ძალიან ჰგავს. იქ მივაგენით ქარის, ტალღებისა და დიდი რაოდენობით ქვიშის მტკიცებულებას, რაც დასასვენებლად შესაფერისი პლაჟის მახასიათებლებს შეესაბამება", — ამბობს კარდენასი.

Zhurong წითელი პლანეტის უტოპიის დაბლობზე 2021 წელს დაეშვა. სხვა მარსმავლებისგან განსხვავებით, ის აღჭურვილი იყო რადარით, რომელსაც პლანეტის ქვეშ არსებული ფენების გამოკვლევა შეეძლო. დაბალი და მაღალი სიხშირის სიგნალების გამოყენებით აპარატმა დაფარული ქანების სტრუქტურების აღმოჩენა შეძლო, რაც მარსის გეოლოგიური წარსულის უკეთ შესწავლის საშუალებას იძლევა.

მიღებულმა სარადარო მონაცემებმა გამოავლინა სტრუქტურები, რომლებიც დედამიწის პლაჟების გეოლოგიურ ფორმებს ჰგავს. ეს არის ე.წ. პირველადი სანაპიროს დანალექები, რომლებიც მაშინ იქმნება, როდესაც მოქცევისა და ტალღების შედეგად ქვიშა და მინერალები წყალთან ერთად გადაადგილდება.

ილუსტრაცია მარსის ჰიპოთეზურ ოკეანეს გვიჩვენებს.

ფოტო: Robert Citron

"ტალღების არსებობა იმაზე მიანიშნებს, რომ იქ ოდესღაც წყალი და ჰაერი ურთიერთქმედებდა. დედამიწაზე სიცოცხლის პირველი ფორმები სწორედ ოკეანისა და ხმელეთის შეხების ზონაში განვითარდა. შესაბამისად, ეს მონაცემები მიგვანიშნებს, რომ მარსზე ოდესღაც არსებობდა გარემო, რომელიც მიკრობული სიცოცხლისთვის ხელსაყრელი შეიძლებოდა ყოფილიყო", — ამბობს კარდენასი.

როდესაც ჯგუფმა მარსის მონაცემები დედამიწის სანაპირო დანალექების სარადარო გამოსახულებებს შეადარა, მათ შორის დიდი მსგავსება აღმოაჩინეს. დედამიწის სანაპირო გეოლოგიურ სტრუქტურებს მარსზე დაფიქსირებული შრეების დახრილობის კუთხეებიც კი ემთხვეოდა.

მეცნიერებმა გამორიცხეს სხვა შესაძლო ახსნა, როგორიცაა უძველესი მდინარეების ნაკადები, ქარის მიერ ჩამოყალიბებული ფორმები ან ვულკანური წარმოშობა. მათი დასკვნით, დანალექი მასალების თანმიმდევრული ფორმა და სისქე სანაპირო წარმომავლობაზე მიუთითებს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სანაპირო ზოლმა დროთა განმავლობაში ცვლილებები განიცადა. ხშირად მარსს სტატიკურ პლანეტად აღვიქვამთ, მაგრამ, სინამდვილეში, ის ვითარდებოდა. მდინარეები მიედინებოდა, დანალექი მასალები გადაადგილდებოდა, ხმელეთი იქმნებოდა და ნადგურდებოდა. ასეთი გეოლოგიური მიგნებები გვეხმარება გავიგოთ, როგორი იყო მარსის ლანდშაფტი, როგორ იცვლებოდა ის და, რაც მთავარია, სად შეიძლება ვეძებოთ სიცოცხლის კვალი", — ამბობს კარდენასი.

ახალი მიგნება ამყარებს ჰიპოთეზას, რომ მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ერთ დროს უზარმაზარმა ოკეანე არსებობდა. კვლევა ასევე გვთავაზობს ახალ მონაცემებს მარსის კლიმატური ცვლილებების შესახებაც — შესაძლოა, პლანეტას თბილი და ტენიანი პირობები ათეულობით მილიონი წლის განმავლობაში შეენარჩუნებინა, რაც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იქნებოდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.