მკვლევრებმა ფსიქოზის სამკურნალოდ ორიგინალური მიდგომა შეიმუშავეს: პაციენტებმა სმენითი ჰალუცინაციების "ავატარები" უნდა შექმნან და მათ ისე ესაუბრონ, როგორც ნამდვილ ადამიანებს.

ფსიქოზი მდგომარეობაა, რომლის დროსაც რეალობის აღქმა ირღვევა. იგი არაერთ ფსიქიკურ დაავადებას შეიძლება ახლდეს თან, ხშირად კი სმენითი ჰალუცინაციები ახასიათებს — ადამიანებს ჩაესმით ხმები, რომლებსაც გარემოში არაფერი გამოსცემს.

The Guardian-ის ცნობით, ე. წ. ავატარების თერაპიის გამოსაცდელად არაერთი კვლევა ტარდება. ჟურნალში Nature Medicine გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, ამ ავატარებთან საუბარი დამაიმედებელი სამკურნალო სტრატეგიაა.

ცნობილია, რომ სმენითი ჰალუცინაციების დროს ზოგს ვიღაცის უხეში სიტყვები ჩაესმის, ზოგს კი სულაც დემონები ემუქრებიან. ექსპერიმენტული მიდგომის ფარგლებში პაციენტები ციფრულ ავატარებს ქმნიან (დაახლოებით ისე, როგორც ვიდეოთამაშებში), რომლებიც მათ მიერ გაგონილ ხმებს შეესაბამება ან სიმბოლურად გამოხატავს. ხმების ავატარები ეკრანზე გამოაქვთ, შემდეგ კი თერაპევტი მათ მიერ ნათქვამის სიმულირებას ცდილობს.

ეს მარტივმა სქემამ დამაიმედებელი შედეგები არაერთხელ აჩვენა. მიდგომა სმენითი ჰალუცინაციების მქონე ადამიანებს ამშვიდებს და მათში სუიციდურ მიდრეკილებებს ამცირებს (მსგავსი რამ შიზოფრენიისა და ფსიქოზის დროს საკმაოდ ხშირია), ზოგიერთ შემთხვევაში კი ხმებს მთლიანადაც კი აქრობს.

ტექნიკის იდეა ჯულიან ლეფს, ბრიტანელ ფსიქიატრს, ეკუთვნის, რომელიც შიზოფრენიას შეისწავლიდა. თერაპიის სახელწოდებამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს:

"ავატარების თერაპია ჰქვია და ისე ჟღერს, თითქოს ძირითადად ვიზუალურ ასპექტზეა ფოკუსირებული, თუმცა ხმას ყველა არ უსაბამებს გამოსახულებას", — ახსნა ნილ ტომასმა, ავატარების თერაპიის ცდის წამყვანმა მკვლევარმა — "ვფიქრობ, სმენითი ტრანსფორმაცია განსაკუთრებით ძლიერია".

ასე აღმოჩნდა კლერის შემთხვევაში, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ ცდაში (Avatar 2) მონაწილეობდა. The Guardian-თან საუბრისას მან განაცხადა, რომ კვლევაში მონაწილეობამდე სმენითი ჰალუცინაციები 40 წელზე მეტხანს ჰქონდა.

კლერი 10 წლის იყო, როცა ხმა პირველად ჩაესმა — კაცის ხმა ეუბნებოდა, რომ ფანჯრიდან გადამხტარიყო. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მან არაერთხელ სცადა თვითმკვლელობა და საავადმყოფოშიც ბევრჯერ აღმოჩნდა, საბოლოოდ კი ავატარების თერაპიას მიმართა.

თავიდან შიშობდა, რომ ეს მიდგომა ფსიქოზს გაურთულებდა, თუმცა ოთხი სესიის (დაგეგმილი სულ 12 იყო) შემდეგ სმენითი ჰალუცინაციები გაუქრა.

"მათი მოშორება არ ყოფილა ჩემი მიზანი, უბრალოდ მათთან შეგუება მინდოდა", — თქვა კლერმა — "ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, მინდოდა თუ არა მათგან გათავისუფლება. მარტო, რეალურად, არასდროს ვყოფილვარ. რამდენად დამაზიანებელიც არ უნდა ყოფილიყო, ეს მაინც ურთიერთობა იყო".

გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიასა და დანიაში მკვლევრები ამ მიდგომის შესწავლას განაგრძობენ. STAT News-ის უწყებით, აშშ-ში შეიძლება წლობით მოუწიოთ მოცდა, სანამ ავატარების თერაპია ხელმისაწვდომი გახდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.