მარგარეტ ეტვუდის ესე დიქტატურის საფრთხეზე
გამოჩენილი კანადელი მწერალი მარგარეტ ეტვუდი აქტივიზმსაც ეწევა და ათწლეულებია, იბრძვის დიქტატურების, ცენზურისა და არაეკომეგობრული პოლიტიკის წინააღმდეგ. წინამდებარე ესე შედის 2024 წელს გამოცემულ წიგნში "დემოკრატია — თერთმეტი მწერალი და ლიდერი მის არსსა და მნიშვნელობაზე".
დემოკრატია მყიფე და ადვილად განადგურებადია თუ მოქნილი და შეუპოვარი? ეს შეიძლება სულ მალე გავიგოთ. პლანეტა იწვის, საათი წიკწიკებს და ტემპერატურის ყოველი გრადუსით მატებასთან ერთად, იკლებს მოსავლიანობა, თავს იჩენს შიმშილი, ხანძრები და წყალდიდობები კი მილიონობით ადამიანზე ახდენს გავლენას. როცა ხელისუფლება ვერ ახერხებს მოსახლეობის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას, შედეგი ან ძალაუფლების დაკარგვაა, ან — რეპრესიული ზომების მიღება. ისტორიულად ასეა.
წარმოიდგინეთ წრე. მის თავზემოთ ტოტალიტარიზმია, ქვემოთ კი — ქაოსი. დიქტატორები ტოტალიტარულ რეჟიმებს მართავენ, ქაოსში კი ბანდები, კრიმინალური ჯგუფები ჩნდებიან და ერთიმეორის წინააღმდეგ ომი იწყება. წრის შუაში არის ის, რასაც შეიძლება რაციონალური ზონა დავარქვათ. ის დგას კონცეფციაზე, რომ მართულებს მმართველებზე გავლენა უნდა ჰქონდეთ, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, "თუ ხელისუფლებაში წარმომადგენლობა არ გვყავს, არც გადასახადებს არ უნდა ვიხდიდეთ"; რომ მმართველები კანონის წინაშე უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი; რომ სასამართლო ხელისუფლება — ისინი, ვინც კანონებს იღებენ და მათით ხელმძღვანელობენ — არ უნდა ექვემდებარებოდეს დიქტატორს; რომ რწმენის, დისკუსიის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებები ხელშეუხებელია.
რაციონალური ზონიდან ტოტალიტარიზმისკენ ორი ისარი მიემართება: ერთი მემარჯვენეობის, მეორე კი მემარცხენეობის გავლით. იქამდე ორივე გზით შეიძლება მიხვიდე (სხვა თუ არაფერი, ჰიტლერი არჩევნებით მოვიდა ხელისუფლებაში, საბჭოთა კავშირმა კი კომუნიტარისტული კომუნიზმით დაიწყო და სტალინისა და მისი მემკვიდრეების დიქტატურით დაამთავრა).
რაციონალური ზონიდან კიდევ ორი ისარი გაევლება ქაოსისკენ: კვლავაც მარცხენა და მარჯვენა გზებით. როგორც კი რაციონალურობის წონასწორობას დაარღვევ, სამოქალაქო ომს მიიღებ, მამოძრავებელი ძალების — სურსათის მომარაგების, შემოსავლების სამსახურის, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების — გაჩერებისთანავე ქაოსი იჩენს თავს.
ქაოსიდან ორი დიდი ისარი კი ზემოთ, დიქტატურისკენაა მიმართული; ერთი მარცხნიდან, მეორე — მარჯვნიდან. რადგან როცა უწესრიგობა ყველაფერს მოიცავს და აღარცერთი დემოკრატიული ინსტიტუტი აღარ იმუშავებს, ხალხი, უბრალოდ, ცხოვრებისა და კვებისთვის საკუთარ უფლებებს დათმობს (ყურადსაღებია, რა მდგომარეობა უძღოდა წინ ძველ რომში იულიუს კეისრის დიქტატურას: დიდი სამოქალაქო ომი, რომელიც მისი მკვლელობის შემდეგ კიდევ უფრო მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზარდა).
აი, ზუსტად ამიტომ ცდილობენ ულტრამემარჯვენეებიც და ულტრამემარცხენეებიც, რაც შეიძლება დიდი უწესრიგობა შექმნან: ეს მათ დიქტატურის დამყარების კარგ შანსს აძლევს. გაიძახიან ხოლმე: "დაამხვეთ" ან "მხოლოდ მე მოვაგვარებ ყველაფერს". ორივე მხარეში ფესვგადგმულია ჩვეულებრივი ადამიანების ზიზღი ("სასარგებლო იდიოტები", "ცხვრები", "პარაზიტები" და სხვა), მტკიცე რწმენა, რომ მმართველობის უპირობო უფლებას ფლობენ (მხოლოდ ისინი არიან პატიოსნები, ნამდვილები და კარგები) და ოპონენტების ან პოტენციური მეტოქეების განადგურებისკენ მისწრაფება.
რამდენად ახლოს ვართ ამ დიდ ისრებთან? გააჩნია, სად ცხოვრობ. თუკი კანადაში ცხოვრობ, არცთუ ახლოს ყოფილხარ: ამ ეტაპისთვის დიქტატურის საფრთხე მაინცდამაინც არ ჩანს. თუ შეერთებულ შტატებში ცხოვრობ, ძალიან ახლოს ხარ: ულტრამემარჯვენეები უკვე აპირებენ, დონალდ ტრამპი მარადიულ დიქტატორად აქციონ, ეს კი ნიშნავს მასობრივ რეპრესიებს და ხელისუფლების ყველა შტოს პრეზიდენტის პირდაპირ დაქვემდებარებაში მოქცევას. ეს კეთდება ორბანისეული ცრუქრისტიანული იდეოლოგიის სახელით, რომელსაც იმდენივე საერთო აქვს ქრისტიანობის არსთან, რამდენიც ხრეშს — საუზმეზე მისართმევ ბურღულეულთან. ამ გეგმის აღსრულების მსურველები შეეცდებიან, რაც შეიძლება მეტი დემოკრატიული ინსტიტუტი შეარყიონ, რათა მერე თქვან, ხედავთ, დემოკრატი არ ამართლებსო. იფიქრებ, რომ ამ ხალხს საკუთარივე ქვეყნის განადგურება სურს.
როგორ შეგვიძლია ეს თავიდან ავიცილოთ? გააფრთხილეთ სხვები მოსალოდნელ საფრთხეზე. გააძლიერეთ მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტები. შეამცირეთ ქაოსის ალბათობა კლიმატის ცვლილებების შედეგებთან ბრძოლით და მატერიალურ კეთილდღეობაზე წვდომის მეტი შესაძლებლობის შექმნით. მოითხოვეთ პასუხები.
კომენტარები