გაიცანით უცნაური არსება, რომელიც ადრეულ ცხოველებში ერთ-ერთი პირველთაგანია
დღესდღეობით დედამიწის ფაუნა საკმაო ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. ჩვენს პლანეტაზე ჯერ ერთუჯრედიანი ორგანიზმები განვითარდნენ, შემდეგ კი ევოლუციამ შედარებით რთული ბიოლოგიური სტრუქტურის არსებები ჩამოაყალიბა.
ნამარხები მიუთითებს, რომ მრავალუჯრედიანი სიცოცხლე დაახლოებით 575 მილიონი წლის წინ გამოჩნდა და მას ედიაკარულ ბიოტას უწოდებენ. პალეონტოლოგებმა ერთ-ერთი ასეთი ცხოველის კვალი სამხრეთ ავსტრალიაში აღმოაჩინეს. იგი ეკუთვნის ორგანიზმს, რომელიც ამჟამინდელი ფაუნის წარმომადგენლებთან შედარებით ძალიან უცნაური მოგეჩვენებათ.
მას მომრგვალებული და ბრტყელი ფორმის სხეული ჰქონდა, ერთ მხარეს გულის მსგავსი მოხაზულობის მრუდებით, საიდანაც "ზურგზე" კაუჭის მაგვარი სტრუქტურა იყო ამოზრდილი. იისფერი ლაქოვანი შეფერილობა, რომელიც ქვედა სურათზე ჩანს, მხოლოდ ვიზუალური ინტერპრეტაციაა და რეალურ მტკიცებულებას არ ემყარება.
აი, ისიც:
ამ მრავალუჯრედიან არსებას Quaestio simpsonorum ეწოდება. დადგინდა, რომ მას მოძრაობა შეეძლო და სხეული ორ ნაწილად ჰქონდა გაყოფილი. ასეთი ათობით ორგანიზმის კვალი მიკროსკოპული წყალმცენარეებისა და ბაქტერიების გაქვავებულ ფენაზეა შემონახული
მეცნიერთა ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება სწორედ ის იყო, რომ Quaestio simpsonorum-ს გადაადგილების უნარი ჰქონდა. ის ადრეულ ცხოველთა შორის ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელსაც ეს შეეძლო.
"ნამარხების მეშვეობით სიცოცხლის ისტორიის შესწავლა ინფორმაციას გვაწვდის იმის შესახებ, თუ როგორ განიცადეს ცხოველებმა ევოლუცია რა პროცესებმა გამოიწვია მათი გადაშენება, კლიმატის ცვლილებამ თუ ჟანგბადის ნაკლებობამ", — აცხადებენ მეცნიერები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Evolution & Development გამოქვეყნდა.
კომენტარები