ჩინელმა ჰაკერებმა კოდირებული ინფორმაციის გასაშიფრად კვანტური კომპიუტერები გამოიყენეს
შანხაის უნივერსიტეტის ჩინელი მკვლევრები აცხადებენ, რომ ისინი კოდირებულ სამხედრო ინფორმაციას კვანტური კომპიუტერებით შიფრავენ.
ნაშრომში, რომელიც გასული თვის ბოლოს Chinese Journal of Computers-ში გამოქვეყნდა, მკვლევრები აცხადებენ, რომ მათ შეძლეს გამოეყენებინათ D-Wave-ის ერთ-ერთი კვანტური კომპიუტერი. მათ ეს კლასიკური დაშიფრული ალგორითმების (SPNs) გასაშიფრად გამოიყენეს.
როგორც Tom's Hardware იუწყება, ნაშრომი ასახავს ორ განსხვავებულ მეთოდოლოგიას — ორივე დაფუძნებულია D-Wave-ის კვანტური ანეილირების ალგორითმზე.
SPN ისეთ ალგორითმებში გამოიყენება, რომლებიც სენსიტიურ ინფორმაციას იცავს. საუბარია საბანკო და სამხედრო ინფორმაციაზე. ეს კი ნიშნავს, რომ დღეს არსებული დაცვითი სისტემები ახალი გამოწვევის წინაშე დგება.
ექსპერტები დიდი ხანია გვაფრთხილებენ, რომ კვანტურ კომპიუტერებს, რომლებიც ფუნდამენტურად განსხვავებულად მუშაობს, დაშიფვრის სტანდარტების დარღვევა შეუძლია. ეს უახლესი კვლევა კიდევ ერთი დასტურია ამის და მიანიშნებს იმაზე, რომ ტექნოლოგია წინ მიიწევს.
მკვლევრების ნაშრომის თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კვანტური კომპიუტერები დაშიფრულ სისტემებს რეალურ საფრთხეს უქმნის.
ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ კომპიუტერების ევოლუცია გრძელდება და კვანტური კომპიუტერები გამოთვლების ახალ ეპოქას გვპირდება. კვანტური კომპიუტერი იყენებს კვანტური მექანიკის ეფექტებს და თანამედროვე სუპერკომპიუტერზე მილიონჯერ, მილიარდჯერ და ტრილიონჯერაც უფრო სწრაფი შეუძლია იყოს.
კლასიკური კომპიუტერისგან განსხვავებით, რომელიც ნულებისა და ერთიანების სერიებს, ანუ ბიტებს გადაამუშავებს, კვანტური კომპიუტერი ქუბიტებისგანაა შექმნილი, რისი მიხედვითაც, თითოეული ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც ნული, ისე ერთი. სწორედ ამ პრინციპით, კვანტურ კომპიუტერს მილიონობით გამოთვლის თანადროულად ჩატარება შეუძლია.
კვანტურ კომპიუტერებთან ერთად, რეალური ხდება კვანტური კრიპტოგრაფია და კვანტური ინტერნეტიც.
კომენტარები