ასტრონომებმა ერთმანეთთან რეკორდულად ახლომდებარე 3 ვარსკვლავის სისტემა აღმოაჩინეს
ასტრონომებმა ჩვენგან დაახლოებით 5000 სინათლის წლის მანძილზე 3 ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რომელთა შორისაც ძალიან მცირე მანძილია. ორი მნათობი ერთმანეთის გარშემო მოძრაობს, მესამე კი მათ უვლის გარს. სამივეს ორბიტა ერთად მხოლოდ მერკურისა და მზეს შორის არსებულ დისტანციაში ჩაეტეოდა (როგორც ქვედა სურათზე ჩანს).
მაგრამ ეს ყველაფერი არაა — ვარაუდობენ, რომ სისტემაში მეოთხე ობიექტიცაა, რომელიც შედარებით დიდ მანძილზე უნდა გადაადგილდებოდეს. რაც შეეხება დანარჩენ სამს, ისინი, საბოლოოდ, ერთმანეთს შეერწყმება, ზეახალს წარმოქმნის და ერთი ნეიტრონული ვარსკვლავის სახით დარჩება, რაც დაახლოებით 20 მილიონ წელშია მოსალოდნელი.
ისინი მეცნიერებმა ტელესკოპ TESS-ის მეშვეობით დააფიქსირეს, რომელიც ეგზოპლანეტების აღმოსაჩენადაა შექმნილი. ის ამას მნათობების სიკაშკაშის ცვლილებაზე დაკვირვების გზით ახერხებს. სწორედ ასე გამოავლინეს ამ ვარსკვლავების არსებობაც. ეს სისტემა, სახელად TIC 290061484, შორი მანძილიდან ისე ჩანს, თითქოს ერთი ობიექტია, მაგრამ სათანადო ობსერვატორიებით რეალური სურათის დანახვაა შესაძლებელი. სპეციალისტებმა ალგორითმიც გამოიყენეს, რომლის მეშვეობითაც TESS-ის მონაცემებიდან საჭირო ინფორმაცია მოიპოვეს.
დადგინდა, რომ ცენტრალური ვარსკვლავებიდან ერთი მზეზე 6.85-ჯერ მასიურია, მეორე კი — 6.11-ჯერ. მათი ორბიტული პერიოდი მხოლოდ 1.8 დღეა. მესამე მნათობი მზეზე 7.9-ჯერ მასიურია და საკუთარ ორბიტაზე მოძრაობას 24.5 დღეს ანდომებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სისტემის წინა რეკორდი 33 დღე იყო. გამოთვლების მიხედვით, მეოთხე სავარაუდო ობიექტის მასა მზისას 6.01-ჯერ აღემატება და ის დანარჩენ სამს გარს დაახლოებით 3200 დღეში უნდა უვლიდეს.
ასტრონომები ამბობენ, რომ ასეთ სისტემებს იშვიათად აფიქსირებენ, მაგრამ სამყაროში ისინი გავრცელებულია. იმედოვნებენ, რომ ახალი ტელესკოპებით ბევრ მათგანს აღმოაჩენენ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები