ნაჭუჭში მოქცეული ისტორია: მკვლევრებმა შემთხვევით გატეხეს კვერცხი, რომელმაც 10 საუკუნეს გაუძლო
თავისი ღირებულება კვერცხს მაინც არ დაუკარგავს.
დაახლოებით ათასი წლის წინ იავნეში, ისრაელში, ქათამმა კვერცხი დადო. მან ნარჩენებში ამოყო თავი და ათი საუკუნე გაატარა აქ, სანამ 2021 წელს იგი არქეოლოგებმა არ იპოვეს და შემთხვევით არ გატეხეს.
გამოცემა Haaretz-ის მიხედვით, ისრაელის ანტიკვარიატის განყოფილების (IAA) მკვლევრები იავნეში გათხრებს ატარებდნენ, რადგან ქალაქში მშენებლობის დაწყება იგეგმებოდა. არქეოლოგებს სურდათ, უკანასკნელი შანსით ესარგებლათ და წარსულის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოეპოვებინათ. სწორედ ამ დროს ისინი, არც მეტი, არც ნაკლები, ქათმის კვერცხს გადააწყდნენ და მისი ამოღება გადაწყვიტეს.
დიდი ძალისხმევის შედეგად იგი მიწიდან უვნებელი ამოიტანეს. არქეოლოგები, როგორც წესი, მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს პოულობენ ხოლმე, ამიტომ მთლიანი კვერცხის აღმოჩენა მათთვის განსაცვიფრებელი აღმოჩნდა (განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალი კვერცხის ნაჭუჭიც კი ძალიან მყიფეა).
"ადრეული პერიოდიდან კვერცხის ნაჭუჭის ფრაგმენტებიც არის აღმოჩენილი — მაგალითად, დავითის ქალაქში, კესარიასა და აპოლონიაში", — განაცხადა ლი პერი გალმა, IAA-ს მკვლევარმა და უძველესი ხანის მეფრინველეობის მთავარმა ექსპერტმა — "მაგრამ მყიფე ნაჭუჭის გამო მთლიანი კვერცხები თითქმის არასოდეს შემონახულა".
როგორც ჩანს, კვერცხი მთელი ამ დროის განმავლობაში ხელუხლებელი იყო. იგი არათუ გატეხილა, არამედ არც კი დამპალა, რადგან საპირფარეშოში, რბილ ნარჩენებში, იყო ჩაგდებული; აქ იგი უჟანგბადო პირობებმა დაიცვა. გათხრებსაც კი უვნებელი გადაურჩა, თუმცა მისი მთლიანობა ბოლოს მაინც დაირღვა ისრაელის ანტიკვარიატის ლაბორატორიაში: 1000 წლის კვერცხი აქ შემთხვევით გაუტყდათ.
დადგა საკითხი, რომ ძვირფასი აღმოჩენა ამის გამო მთელს თავის ღირებულებას დაკარგავდა. ალბათ, ერთგვარი შეხსენებაც იქნებოდა იმის, თუ რამდენად მყიფეა ისტორიასთან ჩვენი კავშირი.
მიუხედავად ამისა, კვერცხზე დაკვირვების შემდეგ მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მისი შიგთავსი არ დაზიანებულა. მკვლევრებს მისი დნმ-ის გამოკვლევის საშუალება მაინც მიეცათ. მეტიც, მათ აღიარეს, რომ შეიძლებოდა, ანალიზისთვის კვერცხი მიზანმიმართულადაც გაეტეხათ. IAA-მ შემდგომში ისიც დაამატა, რომ სპეციალისტმა კვერცხის ნაჭუჭი აღადგინა.
საბოლოო ჯამში, მიუხედავად სირთულეებისა, მკვლევრებისთვის ნაშრომი მაინც წარმატებული აღმოჩნდა. გათხრების ადგილზე სხვა საგნებიც იპოვეს, მათ შორის ზეთის უნიკალური სანათი და ძვლისგან დამზადებული თოჯინები. ასეთი სანათები მხოლოდ XI საუკუნისთვის იყო დამახასიათებელი. არქეოლოგებმა ივარაუდეს, რომ კვერცხიც ამ პერიოდიდან უნდა ყოფილიყო და მისი ასაკი სწორედ ამის მიხედვით დაასკვნეს.
ათსაუკუნოვანი კვერცხი მეცნიერებს ადგილის ისტორიის სიღრმისეულად გაგებაში დაეხმარება. როგორც გალმა დასძინა, "ეს გლობალური მასშტაბითაც კი ძალიან იშვიათი აღმოჩენაა".
კომენტარები