შესაძლოა, იდუმალი წყნაროკეანური მეგასტრუქტურა დინოზავრების დროინდელი ფსკერი იყოს
მერილენდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა წყნარი ოკეანის ქვეშ გეოლოგიური წარმონაქმნები შეისწავლეს, რომლებიც, სავარაუდოდ, დინოზავრების დროინდელია. შესაძლოა, მათი არსებობით აიხსნას, რატომ ფართოვდება რეკორდულად სწრაფად აღმოსავლეთ წყნაროკეანური შემაღლება.
სპეციალისტთა გუნდმა ამ რეგიონში დედამიწის სიღრმეში მდებარე სტრუქტურების გამოსაკვლევად სეისმური მონაცემები გამოიყენა. მათ დაადგინეს, რომ ნასკას ტექტონიკური ფილის ქვეშ (რომელიც სამხრეთ ამერიკის კონტინენტურ ფილას ესაზღვრება) მანტიის უჩვეულო მასა ძალიან ნელა გადაადგილდება.
ჩვენი პლანეტის მოცულობის უდიდესი ნაწილი სწორედ მანტიის შემადგენელ ცხელ სილიკატებს ეკუთვნის, რომლებიც ქერქსა და ბირთვს შორისაა მოქცეული. ისინი ათობით მილიონი წლის განმავლობაში ციკლურად მოძრაობს, რაც მათ ზემოთ და ქვემოთ ტემპერატურის მნიშვნელოვანი სხვაობითაა პროვოცირებული. უფრო მკვრივი და გრილი მატერია შედარებით თბილ რეგიონებში ჩაედინება, რასაც სუბდუქცია ეწოდება.
ზუსტად ეს ხდება ნასკას ფილის შემთხვევაში, რომელიც სამხრეთ ამერიკის ქვეშ იძირება. ამის მიუხედავად, მისი დასავლეთ ნაწილი ოკეანურ ქედს უკავია, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდება და აღდგომის კუნძულების ქვეშ გეოლოგიურ აქტიურობას განაპირობებს. ასევე, მას უკავშირდება იდუმალი სტრუქტურა, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეს შორისაა.
გაირკვა, რომ იქ სუბდუქციის პროცესი მოსალოდნელზე დაახლოებით ნახევარჯერ ნელა მიმდინარეობს. ეს მიანიშნებს, რომ მანტიის გარდამავალმა ზონამ შესაძლოა, დედამიწის სიღრმეში მატერიის მოძრაობის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულოს. დადგინდა ისიც, რომ აღნიშნული სტრუქტურა უფრო ცივი და მკვრივია, ვიდრე მისი გარემომცველი არეალები.
ვარაუდობენ, რომ ეს ტრიასული პერიოდის ოკეანური ფსკერის ნაწილია, რომელმაც სუბდუქცია დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ განიცადა. ვინაიდან იქ არსებული მატერია სრულად არ დამდნარა, ამან შემაღლებული სტრუქტურის ფორმირება გამოიწვია. ასეთი ანომალიები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა მიმართული, ნასკას ფილის მოძრაობის ისტორიაზე მიანიშნებს და დედამიწის შიდა პროცესებზე გვაწვდის ინფორმაციას.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები