აღმოაჩინეს დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტა, რომელიც მზის სისტემის მომავალზე გვაფიქრებს
ასტრონომებმა საინტერესო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც მზის სისტემას მოგვაგონებს, უფრო კონკრეტულად კი მის მომავალს.
ეგზოპლანეტა დედამიწაზე 1.9-ჯერ მასიურია. ის დაახლოებით იმ მანძილის დაშორებით ბრუნავს თავისი ვარსკვლავისგან, როგორც ეს ჩვენი პლანეტის შემთხვევაში. . . ერთი განსხვავებით, ვარსკვლავი თეთრი ჯუჯაა. ეს კი ნიშნავს, რომ თუ პლანეტაზე ოდესღაც სიცოცხლე იყო, ახლა ის იქ უკვე აღარ არის. ეს კატასტროფა ვარსკვლავის წითელ გიგანტად ქცევის მომენტში მოხდებოდა.
ყველაფერი ეს ამაღელვებელია, რადგან მზის სისტემის მომავალს გვაგონებს. ამ ვარსკვლავის მსგავსად, მზეც წითელ გიგანტად გარდაიქმნება და საბოლოოდ მივიღებთ თეთრ ჯუჯას.
მზის მსგავსი ვარსკვლავი თავის ევოლუციას თეთრ ჯუჯად გარდაქმნით ასრულებს. ეს მაშინ ხდება, როდესაც ვარსკვლავს ამოეწურება წყალბადის საწვავი და აღარ ხდება ბირთვში შერწყმა. თავიდან ვარსკვლავი ზომაში იზრდება და ასეთ ობიექტს წითელ გიგანტს ვეძახით. დასასრულს, წითელი გიგანტი ფეთქდება და გვრჩება თეთრი ჯუჯა.
ამ პროცესში ვარსკვლავის გარე მასალა მთლიანად გამოიდევნება და ბირთვი გრავიტაციის ფონზე იშლება. შედეგად, წარმოიქმნება მკვრივი ობიექტი. შემორჩენილი ცხელი ბირთვია თეთრი ჯუჯა და მის ბოლომდე გაგრილებას კიდევ ტრილიონობით წელი დასჭირდება.
რაც შეეხება წითელი გიგანტის ფაზას, მზის გარე ფენა შეიძლება ისე გაფართოვდეს, რომ მოიცვას მარსის ორბიტაც კი. ეს ნიშნავს, რომ მზე სრულად დაფარავს მერკურის, ვენერასა და დედამიწის ორბიტებს.
ჩვენი მზის სისტემისთვის ეს პროცესი შეიძლება 5 მილიარდ წელიწადში დაიწყოს და რა შედეგები ექნება ამას დედამიწაზე, ზუსტად არ ვიცით. და, აი, ახლა დედამიწის მსგავსი პლანეტის აღმოჩენა, რომელმაც თავისი ვარსკვლავის აფეთქება "გადაიტანა" ამის გასაგებად კარგი ინსტრუმენტია.
ეს სისტემა ჩვენგან დაახლოებით 4200 სინათლის წლითაა დაშორებული. თეთრ ჯუჯას მზის მასის დაახლოებით ნახევარი აქვს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის ოდესღაც მზის მასისა იყო. თეთრ ჯუჯასა და ეგზოპლანეტას შორის არსებული დისტანციის მიხედვით კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ პლანეტა ოდესღაც ისეთი დისტანციით იყო ვარსკვლავისგან, როგორც ახლა დედამიწა მზისგან.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ მზის თეთრ ჯუჯად გარდაქმნის შემთხვევაში, დედამიწა ამ ეგზოპლანეტის ბედს გაიზიარებს. ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, თუ რა ელის ჩვენს მზის სისტემასა და დედამიწას", — აღნიშნულია კვლევაში.
მილიარდობით წლის შემდეგ მზე იმდენად ცხელი გახდება, რომ დედამიწაზე ყველანაირი წყალი აორთქლდება და სიცოცხლეს მზის სისტემის კიდეში "გადანაცვლება" მოუწევს — დაახლოებით იქ, სადაც ახლა იუპიტერია.
ეგზოპლანეტა მიკროლინზირების საშუალებით აღმოაჩინეს, ხოლო კვლევას კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომი, კემინგ ჟანგი ხელმძღვანელობდა.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები