რატომ გვავიწყდება ის, რაზეც ორი წამის წინ ვფიქრობდით
ოდესმე შესულხართ ოთახში და დაგვიწყებიათ, რატომ ხართ იქ? მეტიც, ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როდესაც საუბარს იწყებთ და უეცრად ხვდებით, რომ წარმოდგენაც არ გაქვთ რის თქმას აპირებდით. ადამიანის ტვინს ძალიან დიდი ინფორმაციის დამუშავება შეუძლია, მაგრამ როგორ ხდება, როდესაც ისიც კი გვავიწყდება, რაზეც ორი წამის წინ ვფიქრობდით?
იმის გასაგებად, თუ რატომ ხდება ეს, უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ მუშაობს ჩვენი მეხსიერება.
"მეხსიერება არ არის ერთი განყენებული რამ. მეხსიერებას ძალიან განსხვავებული კომპონენტები აქვს და ისინი დაკავშირებულია სხვადასხვა კოგნიტიურ პროცესებთან", — განუცხადა Live Science-ს სიუზან იეგიმ, ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა.
ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მეხსიერების ორი განსხვავებული ტიპი: გრძელვადიანი და სამუშაო მეხსიერება. გრძელვადიანი მოგონებები არის მეხსიერების ფართო, მრავალმხრივი კატეგორია, რომელიც მოიცავს ცოდნას, გამოცდილებასა და უნარებს, რომლებიც ტვინში დიდი ხნის განმავლობაში ინახება. მეორე მხრივ, მუშა მეხსიერებაში მყოფი აზრები ჩვენს გონებაში მხოლოდ წუთებითა და წამებით ჩნდება.
"სამუშაო მეხსიერება ცნობიერი აზროვნების ესკიზს ჰგავს. ახალი ინფორმაციისთვის დამახასიათებელი ყოველი წვრილმანი და ის საშუალებები, რითაც ეს ყველაფერი ჩვენს მახსოვრობაში ხვდება, დაკავშირებულია იმასთან, თუ რატომ გვავიწყდება მსგავსი აზრები", — უთხრა Live Science-ს MIT-ის ნეირომეცნიერების პროფესორმა, ერლ კ. მილერმა.
პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ სამუშაო მეხსიერებას ძალიან შეზღუდული ტევადობა აქვს. ექსპერტების შეფასებით, ადამიანებს სამუშაო მეხსიერებაში ინფორმაციის მხოლოდ ოთხიდან შვიდი "მონაკვეთის" შენახვა შეუძლიათ. ეს მოიცავს ციფრებს, ასოებს, სიტყვებსა და ფრაზებს. იმის ნაცვლად, რომ ტვინმა ყოველი ეს ნაწილი ერთდროულად დაიმახსოვროს, ის მათ შორის ლავირებს. სწორედ ამიტომ შეიძლება კონკრეტული ფიქრი ორ წამში დაგვავიწყდეს.
მეორე ფაქტორი ისაა, რომ ტვინი სამუშაო მეხსიერებას სწრაფად ასუფთავებს, აშორებს რა უმნიშვნელო ინფორმაციას. ეს იმიტომ ხდება, რომ სამუშაო მეხსიერებაში დიდი ინფორმაცია არ ეტევა — შესაბამისად, ახალი ინფორმაციისთვის ადგილის გამოთავისუფლება მუდმივადაა საჭირო. ამიტომ, თუ მოკლევადიანი მოგონება გრძელვადიანში არ გადაინაცვლებს, ის ძალიან მალე დაიკარგება.
მილერის თქმით, იმის გამო, რომ ტვინს რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება არ შეუძლია, მას მუდმივად ერთიდან მეორე აზრზე გადასვლა უწევს. ეს ცნობიერის ძალისხმევასა და კონცენტრაციას საჭიროებს, რომელზეც ძირითადად პრეფრონტალური ქერქია პასუხისმგებელი. ეს არის რეგიონი, რომელიც კომპლექსურ სწავლასთან, გადაწყვეტილების მიღებასთან და მსჯელობასთანაა დაკავშირებული. თუ ერთ კონკრეტულ აზრზე ხდება კონცენტრირება, მეორე შეიძლება უმალვე დაიკარგოს.
"სწორედ ამიტომ ხდება, რომ თქვენი ერთი მომენტი რაღაცაზე ფიქრობთ და უეცრად ის გავიწყდებათ", — ამბობს მილერი.
მსგავსი რამ განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც ადამიანს ეძინება, ან დაქვემდებარებულია ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ეფექტზე. გასათვალისწინებელია ასაკის ფაქტორიც. მილერის თქმით, სამუშაო მეხსიერების ფუნქცია თავის პიკს აღწევს 20 წლის ასაკში და დაქვეითებას იწყებს შუა ხნის ასაკიდან.
კომენტარები